ფეისბუქგვერდი ,,ჯეინის თოჯინები” აქვეყნებს სიკეთით სავსე პოსტს უცნობ ქალზე, რომელმაც ატირებულ გოგონას გულგრილად არ ჩაუარა გვერდით, დაასაჩუქრა და ისე წავიდა, სახელიც არ უთქვამს. პატარა ლიზის დედა კი ახლა მას ეძებს, რომ მადლობა გადაუხადოს.
,,გთხოვთ, ეს პოსტი არ ასქროლოთ! დღეს (პოსტი გამოქვეყნებულია 21 სექტემბერს), შუადღისას მამიდაჩემს ჰყავდა ლიზი ეზოში ჩაყვანილი სასეირნოდ. ჩვენი ეზოს გვერდით არის ,,კარფური” და ლიზი მიჩვეულია, რომ იქ შეგვყავს ხოლმე და რაღაცებს ვყიდულობთ მშობლები.
ჰოდა, გაქცეულა ,,კარფურისკენ”, ითხოვდა სათამაშოს ყიდვას, მაგრამ მამიდაჩემს ფული არ ჰქონდა თან და ვერაფერი უყიდა, რაზედაც ლიზი ძირს დაწოლილა და დაუწყია მოთქმით ტირილი და აღარ მოჰყვებოდა უკან. მამიდაჩემმა მე დამირეკა და მეც გავიქეცი მაშინვე, მაგრამ სანამ მივიდოდი, მისულა ერთი გოგო, შეუყვანია ,,კარფურში” და ეს ბუშტების გასაბერი უყიდია.
მამიდას ჯერ ,,კარფურის” კონსულტანტი ჰგონებია და უფიქრია, ფულს მერე მივცემთო, მაგრამ ეს გოგო მანქანაში რომ ჩამჯდარა, მაშინღა მიხვდა, რომ უბრალოდ გამვლელი იყო და მოკლედ ვერც სახელი ჰკითხა, ვეღარც წესიერად მადლობის თქმა მოასწრო. ჰოდა, ვეძებ ამ გოგოს… აუცილებლად… და ძალიან, ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ გავრცელებაში.
სიკეთის კეთება ძალიან მარტივია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ხედავ, მაგრამ, როცა ნორმალურად ჩაცმულ ბავშვს და მის თანხმლებ პირს შეგიძლია დახმარების ხელი გაუწოდო და გამოიყვანო უხერხული მდგომარეობიდან (მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდაო), ეს უკვე სიკეთე აღარაა, ეს ადამიანობაა.
ჰოდა, თუ შენ ამ პოსტს კითხულობ, იცოდე, რომ გეძებ, უცნობო გოგონა, მინდა, მადლობა გითხრა ადამიანობისთვის.
თუ შვილი გყავს, მეც დავასაჩუქრებ შენს პატარ(ებ)ს და თუ არა, მოვიფიქრებ რამეს… გამოჩნდი, რა…
მე და ლიზი გელოდებით”, – წერია ,,ჯეინის თოჯინების” ფეისბუქგვერდზე.