,,უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან” – ,,ნიკორა” განცხადებას ავრცელებს

,,უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან" - ,,ნიკორა" განცხადებას ავრცელებსსურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ნიკორას“ წარმოებულ „კიევურ კოტლეტში“ სალმონელას ჩხირები აღმოჩნდა და 8 მომხმარებელს დაუდასტურდა სალმონელა.

,,ნიკორას” თქმით, ამ პროდუქტით სულ რამდენიმე ფილიალი მარაგდებოდა და მყისიერი რეაგირება მოხდა.

,,კომპანია ,,ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე ,,გრაკო” – „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ, სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე ,,გრაკოს”, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია ,,ჯეო დისტრიბუცია”.

რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და,  საბედნიეროდ, მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა.

ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით”, – წერია ,,ნიკორას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რომ სალმონელათი დაავადებას თავიდან ავიცილებთ, თუ წესებს დავიცავთ.

,,ნიკორასთან” დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ. მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე: ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით.
ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები.
ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში – ადეკვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში).
შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი შეიქმნას მისი დაბინძურებით უმი პროდუქტებიდან – მაგალითად, უმი ხორცის ან ქათმის დაჭრის შემდეგ გამოყენებული დანის, დაფის, სამზარეულოს ზედაპირების არასაკმარისად გარეცხვის/დამუშავების შედეგად.
ასევე რისკის შემცველია ხელის არასაკმარისი დაბანა, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს უმი პროდუქტით. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში (რესტორნებში და სახლის სამზარეულოში) მკაცრად იყოს გამიჯნული უმ ხორცზე/ქათამზე გამოყენებული დაფები/ჭურჭელი და თუ სამზარეულოს ზედაპირი დაბინძურდა ხორცით/ქათმით/უმი კვერცხით, კარგად იყოს გასუფთავებული.
ძალიან მნიშვნელოვანია სალათის ფურცლების/მწვანილის ზედმიწევნით გარეცხვა.
მზა საჭმელი დიდხანს არ უნდა დარჩეს გარეთ, მალე უნდა მოთავსდეს მაცივარში, რომ თავიდან ავიცილოთ სალმონელას/სხვა ბაქტერიების გამრავლება.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმებში დაკვლის და შეფუთვის დროს დაცული იყოს წესები და არ მოხდეს ხორცის/ქათმის დაბინძურება, თუმცა თუ სამზარეულოში უმი პროდუქტის დამუშავებისას ზემოთ აღწერილ წესებს დავიცავთ, ადამიანის ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შევამცირებთ”, – წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.