ქართული ბრენდის დღე ბათუმში – წარმატებისა და ბედნიერების გაზიარება – „სარკენიუსი“ გამარჯვებულთა შორისაა!

ქართული ბრენდის დღე ბათუმში - წარმატებისა და ბედნიერების გაზიარება - „სარკენიუსი“ გამარჯვებულთა შორისაა!

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

პოპულარული პროექტი „ქართული ბრენდის დღე” თავისი 20-წლიანი ისტორიის ახალ ფურცელზე გადავიდა. პროქტი ამიერიდან წელიწადში ორჯერ ჩატარდება – თბილისსა და ბათუმში. 30 ივნისს უამრავი წარმატებული ბრენდი შეიკრიბა აჭარის ზურმუხტმშვენებად წოდებულ ქალაქში და „ქართული ბრენდის დღე ბათუმი-2023″ შედგა, რომლის მიზანი იყო აჭარისა და მთლიანად საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და კულტურული პროცესების წარმოჩენა.

-ჩვენ ავსახავთ ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და ნაციონალურ ბრენდებს განვითარების ყველა ეტაპზე წარმოვაჩენთ. 20 წლის განმავლობაში არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული ,,ქართული ბრენდის დღის”  პრესტიჟული ჯილდო. „ქართული ბრენდის დღე” თავად იქცა ბრენდად და საქართველოს ფარგლებსაც  გასცდა. რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იტალიაშიც იმართება.

ეს დაჯილდოება თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და ასახავს ყველა იმ მოვლენას, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში და, რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. ბათუმში ჩატარებული პირველი ქართული ბრენდის დღე ძალიან წარმატებული და რეზონანსული აღმოჩნდა. პროექტის წარმატებულად განხორციელებაში უდიდესი როლი აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელს”, რომელიც პროექტის ვერცხლის სპონსორი გახდა, _ ამბობს პიარსააგენტო „პროფილის” დამფუძნებელი და  გენერალური დირექტორი, მანანა გეგიძე.

„ქართული ბრენდის დღე 2023″-ის დაჯილდოებულთა სიაშია ვებპორტალი „სარკენიუსი”. მან გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „წარმატებული ახალი ქართული ბრენდი“. ჩვენი მკითხველებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ „სარკენიუსი” ჟურნალ „სარკის” ვებპლატფორმაა. ის რამდენიმე წელია, შეიქმნა და მუდმივად მზარდია. თავად ჟურნალი „სარკეც” ,,ქართული ბრენდის დღის”  დაჯილდოებულთა შორის მრავალგზის დასახელებულია, როგორც ლიდერი ქართულ ბაზარზე.

„სარკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ირინე მჭედლიძე:

_ ეს ჯილდო, ეს წარმატება მთლიანად ეკუთვნის სოსო გოგინაშვილს, რომელმაც ქართულ მედიაში ობიექტური, დამოუკიდებელი პრესის გზა გაკვალა, მისი გამოცემები _ გაზეთი „ახალი თაობა“, ჟურნალი „სარკე“,კიდევ არაერთი გაზეთი და პორტალი ჩვენი ქვეყნის მატიანეს ქმნიდნენ და ქმნიან. როცა ,,სარკენიუსი” შეიქმნა და მუშაობა დავიწყეთ, პირველი, რაც მითხრა _ ადამიანის ჯერ დადებითი მხარეები უნდა დაინახო, დადებითი კუთხით შეხედოო. ეს არ იყო მითითება, ეს იყო ადამიანური რჩევა, ძალიან უბრალოდ ნათქვამი. ამიტომაც არის, რომ ჩვენს სოციალურ გვერდებზე ვერ ნახავთ ჭორებს, პიროვნულ შეურაცხყოფას, ყვითელ კამპანიას… ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ, ამ დაბურულ ტყეში, როგორიც სოცქსელებია, სუფთა ბილიკი გავკვალოთ და მომხმარებლებს ობიექტური, ინფორმაციული, გემოვნებიანი მასალა მივაწოდოთ.

ვულოცავ სოსო გოგინაშვილს, მედეა სანაიას და ჩვენს დიდ ოჯახს, ჟურნალ ,,სარკეს”. წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვებაა!

„ქართული  ბრენდი ბათუმი-2023″-ის გამარჯვებული კომპანიების სია  ასე გამოიყურება:

ნომინაციაში „ლიდერი“ ხუთი კომპანია დაჯილდოვდა:

ფარმაცევტული კომპანია „პსპ-ჯგუფი”, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი”, მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“, საკონდიტრო „დონა”, საბავშვო გასართობი სტუდია „ბასტი-ბუბუ”.

ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ გამარჯვება მოიპოვეს შემდეგმა კომპანიებმა:

სასტუმრო კომპლექსი „კომორები ბაკურიან რეზორტი”, ხელოვნების სტუდია „ლიმპოპო”, სასტუმრო კომპლექსი „შატო კვირიკე”, სამეჯლისო ცეკვების სტუდია „ლას ვეგასი”, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი” და სასტუმრო კომპლექსი „კოლხიდა”, რომელსაც შავი ზღვის მარგალიტსაც უწოდებენ.

ნომინაციაში „წარმატებული ახალი ბრენდი“ გამარჯვებულები არიან:

პორტალი „სარკენიუსი“, მინერალური წყლის კომპანია „კოკოტაური“, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ და დიზაინერი სოფია ბაკურაძე.

ნომინაციაში „წარმატებული ტელეპროექტი“ დაჯილდოვდა გადაცემა „ერთი დღე სოფელში”. ნომინაციაში „წარმატებული საერთაშორისო ბრენდი“ ჯილდო გადაეცა ფესტივალ „ღამის სერენადებს”, ისტორიულ ბრენდად რადიო „აჭარა” გამოცხადდა, რომელიც 1930  წლიდან მაუწყებლობს.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკურთებული წვლილისათვის ჯილდო გადაეცა აფხაზ ექიმ ნინო ბუთბას, თმის გადანერგვის განვითარების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა „დეამედის” დამფუძნებელი დეა პაპასკირი.

,,ქართული ბრენდის” ჯილდო და წოდება „ბედნიერების ბრენდი“ მიენიჭა პროფესორ არსენ გვენეტაძეს, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც ბედნიერების ელჩი. სპეციალური სიგელი გადაეცა „მედია არტის”  ხელმძღვანელ ქრისტინე ტუსიაშვილს პროექტისთვის „ის, რაც ჩემშია”.

,,ქართული ბრენდის დღის” კულმინაცია ბრენდპერსონის დასახელება გახლდათ“. ეს საპატიო ჯილდო გადაეცა პოეტს, ბათუმის საპატიო მოქალაქეს, არაერთი ლიტერატურული პრემიის ავტორს, ვახტანგ ღლონტს.

დაჯილდოებული ბრენდების წარმომადგენლებმა „სარკესთან” ისაუბრეს წარმატებისკენ განვლილ გზასა და დასახულ მიზნებზე.