რუსეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო – ,,თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ! მივალთ ბოლომდე!”

რუსეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო - ,,თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ! მივალთ ბოლომდე!"რუსეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებულ დანაყოფზე თავდასხმაში, რასაც „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა მოსკოვისკენ ,,ბოროტების შესაჩერებლად”.
-ჩვენ ახლა როსტოვში შევდივართ. ამ დროისთვის, გადავკვეთეთ ყველა სახელმწიფო საზღვარი. მესაზღვრეები შეგვეგებნენ, ახალწვეულები გვერდით გადგნენ – ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით და არ ვკლავთ… თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ. ვაგრძელებთ სვლას და მივალთ ბოლომდე, – აცხადებს  პრიგოჟინი.
გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვ-მოსკოვის გზატკეცილზე მოხდა პირველი შეტაკება მოსკოვისკენ მოძრავ ვაგნერის დანაყოფსა და რუსეთის გვარდიის ნაწილებს შორის. შეტაკების შედეგად ეროვნული გვარდია გაიქცა,  ვაგნერის კოლონამ კი განაგრძო მოძრაობა მოსკოვისკენ.
რუსეთის „ეფესბემ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პრიგოჟინის განცხადებები შეფასებულია, როგორც დანაშაული და ღალატი. „ეფესბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალურმა პროკურატურის ცნობით ევგენი პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
,,მოვუწოდებთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ განახორციელონ პრიგოჟინის დანაშაულებრივი და ვერაგული ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად”, – ნათქვამია „ეფესებეს“ განცხადებაში.
პრიგოჟინის თქმით, რუსმა პილოტებმა უარი თქვეს აჯანყებული სამხედროების  დაბობმვაზე.
-სწორედ ახლა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა გასცა იმ თვითმფრინავების აფრენის ბრძანება, რომლებსაც ჩვენი ის სამხედრო კოლონები უნდა დაებომბათ, რომლებიც გზაზე მშვიდობიანი მოქალაქეების ავტომობილებთან ერთად გადაადგილდებიან… მინდა, მადლობა გადავუხადო პილოტებს, რომლებმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს, – აცხადებს  პრიგოჟინი.
მოსკოვის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა.