,,მეზობელი მშიერ მონას მიწოდებს, ამას წინათ პირდაპირ ფეხებთან დამიფურთხა”

,,მეზობელი მშიერ მონას მიწოდებს, ამას წინათ პირდაპირ ფეხებთან დამიფურთხა",,სარკე”

ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ძალიან მარტივ რამესაც ვერ ხვდებიან მარტივად და მაინცდამაინც უნდა დაუღეჭო. ან იქნებ უბრალოდ თავს ისულელებენ, თითქოს ვერ ხვდებიან. 10 წელზე მეტია, რაც პროდუქტების მაღაზიებში მოლარედ ვმუშაობ და გაოგნებული ვარ ადამიანების უცნაურობებით. იმდენი რამე მინახავს, სულ ვამბობ, არაფერი გამაკვირვებს-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად, ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.

ერთი პერიოდი ჩემი უბნის მაღაზიაში ვმუშაობდი. იქ ძალიან ბევრს ვუმართავდი ხელს. მაღაზიის პატრონისგან თანხმობა მქონდა, რომ თუკი ვინმეს ვენდობოდი, პროდუქტები ნისიადაც გამეცა. ახლომახლო ჩემზე კარგი არავინ ჰყავდათ, ზოგი მხსნელს მეძახდა. მათ შორის იყო ერთი ჩემი მეზობლის ქალი, რომელსაც ხელფასიდან ხელფასამდე ჩემით გაჰქონდა თავი.

რამდენიმე თვის წინ მეზობელ უბანში სუპერმარკეტების ერთ-ერთი ქსელის მაღაზიაში გადავედი სამუშაოდ. მეზობელმა ვერ შეიგნო, რომ იქ ნისიად ვერაფერს გავცემდი. სულ არ გჭირდება ბევრი ფიქრი იმისთვის, რომ დიდი სუპერმარკეტის მეპატრონეებს არ შეიძლება ვიცნობდე და არ შეიძლება ნისიების გაცემის უფლება მქონდეს.

მეზობელი რამდენჯერმე მომადგა, რომ ნისიად წაეღო. ვუთხარი, ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ მე დავდებ-მეთქი და ჩემი სახელფასო ბარათი გავატარე. რადგან მაინც ვერაფერს მიხვდა, მერე პირდაპირ ვუთხარი, რომ ერთი უბრალო მოლარე ვიყავი და უბნის მაღაზია განსხვავდებოდა დიდი სუპერმარკეტისგან.

მეზობელმა ამის შემდეგ ჩემი შევიწროება დაიწყო. მლანძღავს საშინელი სიტყვებით. თუ რამე პატივი მიცია, ყველაფერი წყალში ჩამიყარა. მშიერ მონას მიწოდებს. გზაზე სადმე თუ გადამეყარა, ჩემ გასაგონად ყვირილს იწყებს, ზოგიერთებმა მუცლები კი ამოივსეს, მაგრამ მაინც მათხოვრებად დარჩნენო. ამას წინათ გვერდით ჩამიარა და პირდაპირ ფეხებთან დამიფურთხა.

ეს ყველაფერი ისეთი შეურაცხმყოფელია, სიბრაზით ლამის გული გამისკდეს. ალბათ გაინტერესებთ, რისთვის ვითმენ ამდენს და თმით რატომ არ ვათრევ. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ოჯახებს შორის დაპირისპირების მეშინია. მისი ქმარიც ყოფილი პატიმარია და შვილიც. მე მშრომელი, პატიოსანი ქმარ-შვილი მყავს და მათ რომ ჩემი ენის გამო ვინმემ რამე ავნოს… მეშინია, მისი ქმარ-შვილი ჩემებს არ გადაეკიდონ. ოჯახში რომ ის ყველაფერი ვთქვა, რასაც ეს ქალი კადრულობს, ნამდვილად არ აპატიებენ, მე კი არ მინდა, ოჯახს ამ უგვანო ქალის გამო შარი ავკიდო.

,,სარკის” მკითხველი