,,ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, უზომოდ მიყვარს” – რა ხდება ბაბი კირკიტაძესა და ანრი ჯოხაძეს შორის

,,ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, უზომოდ მიყვარს" - რა ხდება ბაბი კირკიტაძესა და ანრი ჯოხაძეს შორის,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,სიყვარული დაფრინავს, დაცურავს და ცეკვავს კიდეც” – დაწერა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ტელეწამყვან ბაბი კირკიტაძეზე, როცა ის მონაწილეობდა პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”.

,,როგორია თქვენი ურთიერთობა?” – მივმართეთ პროექტში გამარჯვებულ ბაბი კირკიტაძეს, რაზეც გვიპასუხა:

-ანრი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარია, უზომოდ მიყვარს და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. საახალწლოდ ჩაწერილმა ჩვენმა დუეტმა ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია და სწორედ ამ სიმღერით მომილოცა გამარჯვება.

– თქვენი დუეტი ისე მოეწონა მაყურებელს, რომ ბევრი წყვილადაც აღგიქვამთ. წერენ, ძალიან უხდებით ერთმანეთსო.

– ამ კომპლიმენტებს ძალიან ბუნებრივად აღვიქვამთ. გვიხარია, რომ ადამიანებს ვუყვარვართ, მოვწონვართ და პატივს გვცემენ.

– ფაქტია, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში “ვარსკვლავური საათის” ეტაპია. როგორ იყენებთ ამ პერიოდს?

– ჩემი წარმატება არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. ის, რომ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გავიმარჯვე, არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, პირიქით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როდესაც სცენაზე ხარ, მუდმივად უნდა იფიქრო განვითარებაზე. პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისითაც სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რადგან ვიცი, რომ საზოგადოება გამადიდებელი შუშით მაკვირდება.

– კონკურსის განმავლობაში ალბათ ბევრი რამისთვის არ გრჩებოდათ დრო.

– ცეკვების გამო ბევრი რამ მოვიკელი. მეგობრებთან ვერ ვახერხებდი ურთიერთობას. თუმცა იმდენად მიყვარს მუშაობა, რომ ჩემთვის თავისუფალი დრო, გარდა ძილისა, არ არსებობს.

– ერთი წლის წინ საკუთარ სახლზე ოცნებობდით, ახლა კი ორი გაქვთ. რა გეგმები გაქვთ მოგებულ სახლთან დაკავშირებით, გადახვალთ მშობლებისგან ცალკე საცხოვრებლად?

– ძალიან გულწრფელი ვარ, როცა ამას ვამბობ – მთავარია, რომ მქვია ამ პროექტის გამარჯვებული. ბუნებრივია, ის საჩუქრები მეც და დანარჩენმა მონაწილეებმაც მივიღეთ და დიდი ბედნიერებაა. მე ამ ყველაფერს ხალხის საჩუქარი დავარქვი და ამიტომაც ძალიან მადლობელი ვარ თითოეული მესიჯისთვის. რაც შეეხება ბინას, საერთოდ არ ვიცი, რას და როგორ გავაკეთებ…

ამ პროექტმა უამრავი მეგობარი შემძინა, ფანტასტიკური გუნდი მუშაობს. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ამ სეზონზე გამორჩეულად მეგობრული მონაწილეები აღმოვჩნდით. მე რომ არ მომეგო ეს პროექტი, ვთვლი, რომ მაინც ღირსეული დაგვირგვინება იქნებოდა, რადგან ნამდვილად ყველა ფინალისტი იმსახურებდა გამარჯვებას.

– თუმცა სხვა კონკურსანტების გულშემატკივრები სოციალურ ქსელში არცთუ სასიამოვნო კომენტარებს წერდნენ.

– ეს ძალიან ლოგიკურია, თითოეულ მონაწილეს თავისი გულშემატკივარი ჰყავს და, ბუნებრივია, მათი გულშემატკივრებისათვის სხვა შედეგის დანახვა არასასიამოვნოა. მათი ემოციების მესმის. სცენაზე მდგომი ადამიანისთვის მთავარია მაყურებლის სიყვარული, მე კი ეს გაასმაგებულად ვიგრძენი. ნეგატიურ კომენტარებს არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან დადებითი ემოციები იმდენად ჭარბად არის, უკეთესია, ამაზე ვიყო ორიენტირებული.