,,ვნანობ, რომ საყვარელი კაცის გამო დეპრესიაში ჩავვარდი”

,,ვნანობ, რომ საყვარელი კაცის გამო დეპრესიაში ჩავვარდი",,სარკე”

ის რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, ჩემი ცხოვრების სამარცხვინო, შავი ფურცელია. ერთი კაცი შემიყვარდა. მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა. ისიც მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი. მერე ვიღაც ქალს დაუახლოვდა, რომელზეც ეჭვიანობა დავიწყე. ამის გამო სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ის ყოველთვის მითმობდა. მარწმუნებდა, რომ მე ყველაზე მეტად ვუყვარდი.

ერთ დღესაც მითხრა, შენი პრეტენზიების ატანა აღარ შემიძლიაო და ჩემგან წავიდა. საყვარელი მამაკაცის დაკარგვამ დეპრესიაში ჩამაგდო. თვენახევარი ლოგინში მწოლიარემ გავატარე, საჭმელს ძალით მაჭმევდნენ, არავის ველაპარაკებოდი. ძილი არ მეკარებოდა, თუ წამალს არ დავლევდი. ჩემები ღელავდნენ, რომ რამე დამემართებოდა. მეხვეწებოდნენ, რომ თავს მოვრეოდი, მაგრამ არაფერი მესმოდა.

ერთ დღეს დავურეკე და ვუთხარი, თუ არ დამიბრუნდები, თავს მოვიკლავ-მეთქი. მან კი მიპასუხა, რაც გინდა, ის გააკეთეო. მისი ეს სიტყვები ცივი შხაპის ეფექტის გამოდგა, მაშინ მივხვდი, ვისთან მქონია საქმე, თვალი ამეხილა და გვერდიდან შევხედე. ჩემდა გასაკვირად, უამრავი ნაკლი აღმოვუჩინე. გამიკვირდა, ასეთი რამ მომაწონა და რამ შემაყვარა-მეთქი.

ჩემები მანამდეც მეუბნებოდნენ, შენი შესაფერისი არ არის, დაივიწყეო, მაგრამ მათი არ მესმოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ჩემს საყვარელ მამაკაცში ნაკლს როგორ ხედავდნენ. მერე კი მივხვდი, რომ თურმე იმაზე მეტი ნაკლი ჰქონდა, ვიდრე ჩემი ოჯახის წევრები წარმოიდგენდნენ. დღე არ გავა, არ ვიფიქრო, ასეთი კაცი როგორ მიყვარდა ან მის გამო დეპრესიაში რანაირად ჩავვარდი. ამაზე რომ ვფიქრობ, სირცხვილით ვკვდები.

ერთხელ შემთხვევით შემხვდა და მისმა დანახვამ არანაირი გრძნობა არ გამიჩინა, თითქოს ვიღაც უცხო, სრულიად უცნობ კაცს ვუყურებდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მასში რა მომწონდა ან რატომ მიყვარდა…

ძალიან გთხოვთ, ჩემსავით ნურავინ მოიქცევით. არავინ ღირს იმის ფასად, რომ თუნდაც ერთი დღე მასზე დარდში დაკარგოთ.

,,სარკის” მკითხველი