,,სიყვარულში ძალიან ერთგული ვარ” – ქსოვრისელი თამაზას რეალური ცხოვრება – ოჯახი, უკრაინაში მებრძოლი ძმა და 98 წლის ბებო

,,სიყვარულში ძალიან ერთგული ვარ" - ქსოვრისელი თამაზას რეალური ცხოვრება - ოჯახი, უკრაინაში მებრძოლი ძმა და 98 წლის ბებო,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

სოციალური ქსელის ვარსკვლავი თამაზა, იგივე თამაზ ლოხიშვილი, გრძელი თმითა და დამახასიათებელი ქართლური კილოთი, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისიდან არის. მისი ლაღი ხასიათი სწორედ სოფელში გატარებულ წლებში ჩამოყალიბდა. უყვარს ასაკით უფროსებთან მეგობრობა და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი 98 წლის ბებიაა. მომავალში თავს ბიზნესში, გაყიდვების სფეროში ხედავს, მანამდე კი საკუთარი “მე”-ს უკეთ შესაცნობად ფსიქოლოგის პროფესიასაც ეუფლება. სხვა დეტალებს ,,სარკეს” თავად უამბობს:

– მე მყავს უმაგრესი მშობლები, ძმა და ბებია. გავიზარდე სახლში, სადაც მუდამ სიყვარული, სიკეთე და პოზიტივი იყო. შვილებს ყოველთვის გვქონდა იმის უფლება, საკუთარი პოზიცია გამოგვეხატა. ვიზრდებოდი მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ყველა ეტაპზე ოჯახის მხარდაჭერას ვგრძნობდი. რაც უნდა მომხდარიყო, ჩვენს აზრს პატივს სცემდნენ.

ჩემი ძმა უკრაინაშია. მამაჩემი მებრძოლი იყო, ახლა ვეტერანია. ბიძა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩემი ძმა მეორე დღესვე წავიდა საბრძოლველად. მამა, ბიძა და ძმა მებრძოლები არიან და მუდამ იბრძოდნენ ქვეყნისა და სიმართლისათვის.

– შინაგანად თავისუფალი ადამიანი ჩანხართ. ეს ყოველთვის მისაღები იყო თქვენი გარემოცვისთვის, თანასოფლელებისთვის?

-ჩემს სკოლაში სულ 120 ბავშვი სწავლობდა. კლასში 12 ბავშვი ვიყავით და, როგორც და-ძმები, ისე ვიზრდებოდით. მასწავლებლები კი ისინი იყვნენ, რომლებმაც ჩვენი მშობლები აღზარდეს. არ მახსენდება, სკოლაში ჩემ მიმართ ბულინგი ყოფილიყოს.

ვიზუალურად ახლაც განსხვავებული ვარ და ბავშვობაშიც ვიყავი გამორჩეული. შეიძლება ვიღაცებს უჩნდებოდათ კითხვები, მაგრამ, როდესაც ოჯახი მყარად გიდგას გვერდით, იქ მეზობელი და ვითომ კეთილისმსურველი ურთიერთობებში ვეღარ თამამდება. ჩემი ოჯახი და ჩემი სამეგობრო იმდენად გვერდში მდგომელი იყო ბავშვობიდან დღემდე, რომ არავის გაუბედავს, ზედმეტის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის. კარგი სოფლიდან ვარ, მეზობლებისგან, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგვრძნია.

– თქვენს ჩაცმულობაზე ან გრძელ თმაზე სოფელში რეაქცია არ ჰქონიათ, არავის გაუცინია?

– მეც გამიცინია სხვის ჩაცმულობაზე, რა პრობლემაა?

– რითი გამოირჩეოდით ქსოვრისელი თანატოლებისგან?

– გამოვირჩეოდი იმით, რომ ყველა ღონისძიებაზე ვიყავი ძალიან აქტიური წამყვანი და ორგანიზატორი. ვგიჟდებოდი ღონისძიებების და ექსკურსიების დაგეგმვაზე. სადაც მე ვიყავი, იქ სიხალისე და ტაშ-ფანდური იყო.

– რა საფეხურები გაიარეთ შრომით საქმიანობაში?

– სოფელში მიწაზე მუშაობა მე და ჩემს ძმას ძალიან გვიყვარდა. მშობლები არ გვაძალებდნენ, მაგრამ გვიყვარდა მათთან ერთად მოსავლის აღება-დაბინავება. ბაზარშიც დავდიოდით მე და ჩემი ძმა ღამით, პროდუქტი რომ გაგვეყიდა. ერთი პერიოდი თურქეთშიც წავედი თხილის საკრეფად, რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა. პირველი ოფიციალური სამსახური კი სუპერმარკეტის კონსულტანტობა იყო. მოვიარე ამ სამსახურში ყველა პოზიცია და ბოლოს აქეთ ვუტარებდი ტრენინგებს ახალ კონსულტანტებს. ახლა ვარ ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის ხორცპროდუქტების პროდუქტ-მენეჯერი.

-კარგი მეგობრობა გაკავშირებთ ცნობილ ბოდიბილდერ მაკა ხიზანიშვილთან. დიდი მცდელობის მიუხედავად, მანაც ვერ გაგხადათ სპორტული?

– მე და მაკა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მაქვს ამბიცია, რომ ჩემი თავი დავხვეწო ფიტნესის კუთხით, მაგრამ ჯერ ვერ ვიცლი. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ვერაფერს გააკეთებინებ, თუ ხასიათზე არ არის.

ჩემთვის მეგობრობაში არ არსებობს ასაკი. ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი 98 წლისაა და ის ჩემი ბებიაა.

– არავის დაუწუნია თქვენთვის კილო და ლაპარაკის მანერა?

– დაუწუნიათ და ამაზეც მეცინება. კილოსა და ლაპარაკში არაფერი მაქვს გამოსასწორებელი. ადამიანს როცა რცხვენია თავისი წარმოშობის, ეს ყველაზე დიდი კომპლექსია. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრი ცვლილება არსებობს, ბევრი ტრენინგიც უნდა გაიარო, მაგრამ ბუნებრიობა არ უნდა დაკარგო.

– როგორია მხიარული თამაზას პირადი ცხოვრება?

– პირად ურთიერთობაში ძალიან ერთგული ვარ. როგორც ჩანს, ისეთი სერიოზული გრძნობა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც დღემდე ჩემ გვერდით იქნებოდა. ვფიქრობ, მაინც ნამდვილი სიყვარულის მოლოდინში ვარ. არ მიყვარს ჩემს სასიყვარულო ურთიერთობებზე ლაპარაკი, რადგან არ მომწონს, როდესაც კაცები ლაპარაკობენ ქალებთან ურთიერთობებზე. რაც ორ ადამიანს შორის ხდება, მათ შორის უნდა დარჩეს.