მასტერი: ,,ტყუილია, რომ სიმღერების ტექსტებს სხვა მიწერს… ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია”

მასტერი: ,,ტყუილია, რომ სიმღერების ტექსტებს სხვა მიწერს... ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია"ერეკლე ხიტალიშვილი, სარკე

,,არსებობს ორი რამ, რაზეც არასდროს მიფიქრია: სუიციდზე და რეპისთვის თავის დანებებაზე. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ. არა, ამის გაფიქრებაც არ მინდა!” – უთხრა ,,სარკეს” გიორგი პავლიაშვილმა, რომელიც ქართული რეპის სამყაროში მასტერის სახელით გახდა ცნობილი.

– არასდროს გავრცელებულა ხმები თქვენს პირად ურთიერთობებზე, არადა თითქმის სულ სიყვარულზე მღერით.

– ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ, პარტნიორებთან ერთად არ გამოვჩნდე. არ მინდა, ამაზე ხალხმა ილაპარაკოს. პირადი ცხოვრება გამიჯნული მაქვს საქმიანობისგან, მაგრამ ვინც ჩემს სიმღერებს ყურადღებით უსმენს, იქ ყველაფერი ჩანს.

– თქვენი სიმღერების ინსპირაციის წყარო სიყვარულია?

– არ არის აუცილებელი, შეყვარებული ვიყო, რომ სიმღერა მივუძღვნა. შეიძლება ვინმე გავიცნო და წამიერად ჩემს ინსპირაციად იქცეს. უბრალოდ შეუძლებელია, რამდენი სიმღერაც სიყვარულზე მაქვს დაწერილი, იმდენჯერ რომ მყვარებოდა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ გოგოზე დავწერე. ინგლისიდან მოფრინავდა, მაგრამ ჩემთან – არა. საერთოდ ნანახიც არ მყავდა, მაგრამ სიმღერა მივუძღვენი. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ახლახან დავასრულე ორწლიანი ურთიერთობა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს.

– ყველაზე ხშირად რა ტყუილი გსმენიათ საკუთარ თავზე?

– ხშირად ამბობდნენ, მასტერს სიმღერების ტექსტებს სხვა უწერსო. ადამიანისთვის, რომელიც ჰიპ-ჰოპის მუსიკას ქმნის, ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ჟურნალისტებს ხშირად ეშლებათ და ამ კითხვას სვამენ, რაზეც ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს რეპერს არასდროს ჰკითხონ, რადგან ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია.

სარკე, 2020 წელი