ხათუნა წურწუმია: ,,ლექსების უმეტესობა ჩემს ქმარს ეძღვნება, ის ერთი იყო და მე შემხვდა” – რა სასწაულები მოხდა ლელა წურწუმიას დის ცხოვრებაში

ხათუნა წურწუმია: ,,ლექსების უმეტესობა ჩემს ქმარს ეძღვნება, ის ერთი იყო და მე შემხვდა" - რა სასწაულები მოხდა ლელა წურწუმიას დის ცხოვრებაში,,სარკე”, ია ქუთათელაძე

გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ხათუნა წურწუმიას ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ახალბედა პოეტმა სტუმრებს მამის, ლუდოვიკო წურწუმიას, ნახატები წარუდგინა. პრეზენტაცია ხათუნას 55 წლის იუბილეს დაემთხვა.

,,სარკის” მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რომ ხათუნა მომღერალ ლელა წურწუმიას უფროსი და გახლავთ. პროფესიით იმუნოლოგმა ლექსის წერა ცოტა ხნის წინ დაიწყო. უკრაინაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ბუჩის ტრაგედია, გახდა ბიძგის მიმცემი მისი პოეტური მუზისთვის.

მანქანას მართავდა, რადიოში ამ საშინელი ამბების ქრონიკას გადმოსცემდნენ, ყელში სიმწრით ბურთგაჩრილმა მანქანა გადააყენა, უნებლიეთ აიღო კალამი და პირველ სტრიქონები დაწერა: ,,ბუჩა… ბუჩა… ბუჩა… ცრემლით დანამული ქუჩა, არსად განმკითხავი არ ჩანს, შავი გადაუკრავს სუფრა…” დაწერა და ვეღარ გაჩერდა, თითქოს წლების განმავლობაში მის სულსა და გონებაში დაგროვილმა სათქმელმა კალაპოტი იპოვა.

ჯერ თავისთვის წერდა, არავის აკითხებდა. თანდათან მეგობრებს გაუზიარა, მეუღლეს, ოჯახის წევრებს. მოუწონეს, გაამხნევეს, ურჩიეს, წიგნად აეკინძა და უფრო ბევრი ადამიანისთვის გაეზიარებინა.

ემოციებზე, ცხოვრების მიერ შეთავაზებულ სიურპრიზებზე, განცდილ ტკივილსა და სიხარულზე ხათუნა წურწუმია ჟურნალ “სარკეს” უამბობს.

– ხათუნა, გოგონები ხშირად წერენ ლექსებს და ეს ძირითადად ბავშვობაში ხდება. თქვენ აქამდე არასდროს დაგიწერიათ და, როგორც აღნიშნეთ, უკრაინის ომი გახდა ბიძგი. გვიამბეთ, როგორ მოხდა ეს.

– ნამდვილად არასდროს დამიწერია ერთი სტროფიც კი. უკრაინის ამბები რაც დაიწყო, სულ აფორიაქებული ვიყავი. ყველას ახსოვს ალბათ ის კადრი, პატარა ბიჭუნა ატირებული რომ მიდის საზღვრისკენ. მანქანით მივდიოდი, თან ტელეფონით ინფორმაციას ვუსმენდი. იმდენად შემძრა პატარას სულშიჩამწვდომმა ტკივილმა, უმწეობამ, შიშმა, გადავაყენე მანქანა და თავისით მოსწყდა ჩემს ბაგეებს პირველი სტრიქონი: “ნუ ტირიხარ, დე…”. ამას შემდეგ 4-5 ლექსი მოჰყვა.

ეტყობა, დაგროვილი იყო ჩემში პროტესტი, ტკივილი, უსამართლობის განცდა, რომ ომი უბედურებაა, რომ ომს მიაქვს ადამიანების სიცოცხლე, აობლებს პატარებს. სულ მცირე ნაპერწკალი მჭირდებოდა, რომ აალებულიყო და ასეც მოხდა.

– ერთია, რომ სათქმელი ქაღალდს ანდეთ, მაგრამ წიგნის გამოცემას სხვა გამბედაობა სჭირდება. როგორ გადაწყვიტეთ, დაგებეჭდათ წიგნად თქვენი ლექსები?

– მე ვერაფერს გავბედავდი, მეგონა, ამით ძალიან ვიმეტრიჩებდი. ჯერ ოჯახის წევრებს მოვასმენინე, ჩემს მეუღლეს, მერე მეგობრებს. მათი ემოციებით მივხვდი, რომ სათქმელის სწორ ფორმას მივაგენი. შემომიჩნდნენ, იქნებ სხვასაც გაუზიაროო. გავბედე, პატარა ვიდეოები დავდე, შემდეგ ჩემს იუთუბარხზე გავაჟღერე. როცა უამრავი დადებითი კომენტარი წამოვიდა და ნახვები გამრავლდა, მივხვდი, შეიძლებოდა, წიგნი შემეთავაზებინა მკითხველისთვის.

ჩემს მეუღლეს გავუმხილე, რასაც ვაპირებდი და ვკითხე, არ გიკვირს, ამ ასაკში ამას რომ ვაკეთებ-მეთქი. გაიცინა და მითხრა, მე ის უფრო მიკვირს, აქამდე როგორ არ გააკეთეო.

როგორ დაგეგმეთ პრეზენტაცია და რა გრძნობები წამოიწია, როცა დარბაზის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით?

– ძალიან დატვირთული საღამო იყო, თან 55 წლის გავხდი და თითქოს ჩემი განვლილი ცხოვრების, განცდილის, ნანახის რეზიუმე დავუდე სტუმრებს ხელისგულზე. ყოველთვის ემოციური ვიყავი, ამ დღეს კი ჩემი ემოციები პიკზე იყო, ოღონდ ეს ემოციები იყო უაღრესად დადებითი, სიხარულის ჟრუანტელის მომგვრელი.

ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ლექსების წერა დავიწყე. დაახლოებით 25 წელია,  ვებრძვი კლაუსტროფობიას და ვერაფრით დავძლიე. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რაც ლექსად დავიწყე ჩემი ფიქრების გადმოცემა, თითქოს დახშული სივრციდან გამოვედი, გავთავისუფლდი, ლიფტით მგზავრობაც შევძელი და მეტროში ჩასვლაც, თანაც სხვის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად. უკვე თვითმფრინავზეც ვფიქრობ.

კარგა ხნის შემდეგ სამების ტაძარში ჩემა მეგობარმა მოძღვარმა ღვთისმშობლის ხატის ილუსტრაცია მაჩუქა, რომელიც სახლში ჩემი ხატების კუთხესთან გავაკარი. როცა უკრაინის ამბები დაიწყო, ტელევიზორში ტაძრებს აჩვენებდნენ და თქვეს, რომ ორანტას ღვთისმშობელი არის უკრაინის მთავარი მფარველი. უცებ გამახსენდა ნაჩუქარი ილუსტრაცია, შევხედე და აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ორანტას ღვთისმშობლის ასლი. სწორედ მისი შეწევნით დაიწერა ჩემი ლექსები.

– დარბაზში გამოფინეთ მამის ნახატები. როგორ გააერთიანეთ თქვენი პოეზია და მამის მხატვრობა?

– მამა ფიზიკოსი იყო, მაგრამ ჯერ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, კარგად ხატავდა. სახლში მისი საოცარი ნახატები გვაქვს და სულ მინდოდა, საზოგადოებას გაეგო მამის ამ ნიჭზე. როცა ჩემი ლექსების პრეზენტაცია დაიგეგმა, სევდა მომერია, რადგან მამა გარდაცვლილია და ჩემს სიხარულს ვერ გაიზიარებდა. ამ დროს მომივიდა თავში აზრი, მისი ნახატები გამომეფინა. ასე ისიც ჩემთან ერთად იქნებოდა, დაესწრებოდა ჩემს საღამოს და მართლაც ეს განცდა არ მტოვებდა. მამა მისმენდა და მაძლიერებდა. მას ყოველთვის უნდოდა, გამოფენა მოეწყო. ნატვრა შევუსრულეთ შვილებმა და ძალიან ვამაყობთ ამით.

თქვენს დედას, ქალბატონ ნინოს, რა ემოცია ჰქონდა?

– დედა დარბაზში იჯდა. მაქვს ერთი ლექსი დედაზე, რომლის არსებობაც მან არ იცოდა. როცა წავიკითხე, ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ამაყობდა, თან რა ქარიშხალი ტრიალებდა მის გულში. დედაჩემთან ერთად მთელი დარბაზი ტიროდა.

რაც ჯგუფი “ვეძებ” შეიქმნა საქართველოში, ცხადი გახდა, რა უბედურებაც ტრიალებდა ჩვენს თავს. ნახევარი საქართველო მეორე ნახევარს შვილებს ჰპარავდა და ყიდდა. ბევრი მეგობარი მყავს, ვინც დღემდე ეძებს მშობელ დედას. ისინიც ისხდნენ და ემოცია ახრჩობდათ. დედაჩემის ცრემლები ვიდეოში კარგად ჩანს. ჩემმა შვილმა ასეთი ლექსი რომ მომიძღვნას, მეც ვერ შევიკავებ თავს და ვიტირებ.

 -ოჯახში სამი გოგო გაიზარდეთ, სამივენი ლამაზები. ისიც საყოველთაოდ ცნო-ბილია, რომ ქალბატონი ნინო ულამაზესი ბრძანდებოდა. ბავშვობაში თუ აღიქვამდით ამ სილამაზეს და გინდოდათ, დედას დამსგავსებოდით?

– დედა მართლაც ძალიან ლამაზია. ხშირად გვეტყოდნენ, თქვენ გოგოგნები კი ხართ ლამაზები, მაგრამ სამივეს დედა გჯობიათო. ვიცით, ბატონო და გვიხარია, ვამაყობთ, რომ ასეთი ლამაზი დედა გვყავს. ასეთი ნიჭიერი, ოჯახის ერთგული და თბილი მამა გვყავდა.

სულ დედას ვბაძავდით, ყველა კაბა ამოცმული გვქონდა და ყველა ფეხსაცმლის ქუსლი მორყეული. მისი საქორწინო კაბაც მოზომება-მოზომებაში გავცვითეთ.

– თქვენს ძირითად პროფესიაზეც ვისაუბროთ.

– მე ვარ იმუნოლოგი. 4 წელია, მაქვს საკუთარი კლინიკა ონკოპაციენტებისთვის. თითოეულთან მაქვს ინდივიდუალური მიდგომა, საუბარი და ჩემს თანამშრომლებსაც ამას ვეუბნები, ნუ დაიზარებთ, ის მოსამზადებელი დრო, რაც მათ სჭირდებათ, სანამ აპარატურასთან დადგებით და საკუთარ განაჩენს მოისმენენ, აუცილებლად ესაუბრეთ, თბილი სიტყვები უთხარით, დაამშვიდეთ და დიაგნოზიც გაუიოლეთ, უთხარით, რომ ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ-მეთქი. თავად ონკოპაციენტი ვარ, საკუთარი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რა აწუხებს პაციენტს, რისი შიში აქვს.

ამ  საღამოს როცა ვაკეთებდი, მეკითხებოდნენ, ხათუნა, ხომ არ გეშინიაო. ვპასუხობდი, ონკოკლინიკიდან მაქვს სამყარო დანახული და ეს შიში რა მოსატანია იმასთან, რაც გადავიტანე-მეთქი. როცა ასეთ გზას გაივლი, ხვდები, ღმერთმა იმიტომ მოგცა სიცოცხლის გაგრძელების შანსი, რომ გვერდზე გადადო წვრილმანებზე ღელვა, წუხილი, ფიქრი და იფიქრო მხოლოდ მთავარზე, არ დაკარგო დრო, მოასწრო, შენი სახელით სიკეთეს ემსახურო.

რადგან თავად ახსენეთ თქვენი დიაგნოზი, ამიტომ გკითხავთ, რა დაგეხმართათ დაავადების დაძლევაში. ეს სხვებსაც გამოადგებათ. ხომ გაგიგიათ, წინა კაცი უკანასთვის ხიდიაო.

– დამეხმარა ის, რომ შვილები პატარები იყვნენ. ვფიქრობდი, ისინი ძალიან პატარები არიან და არ მაქვს სიკვდილის უფლება-მეთქი. ვფიქრობდი, რომ სათქმელი არ მქონდა დამთავრებული და მომეცემოდა დრო ამისთვის. კიდევ მჯეროდა, რომ არ არსებობს სიკვდილი, არსებობს გარდაცვალება და რაღაც ფორმით გაგრძელდებოდა ცხოვრება. სულ მახსოვდა გამოთქმა, იაპონელი სამურაი, რომელიც ბრძოლის წინ კვდება, აუცილებლად გადარჩება, ანუ ის მზად არის სიკვდილისთვისო. ამიტომ დავუშვი იმაზე უარესიც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და გადავრჩი.

ახლა ჩემს კლინიკაში მაქვს საუკეთესო აპარატურა და ონკოპრევენციის ფარგლებში სრულიად უფასოდ ვახმარ ქალბატონებს, რომლებმაც უნდა იცოცხლონ და შეძლონ მომავალი სიცოცხლის დაბადება ქვეყანაზე.

მინდა, ყველას ვუთხრა, პატივი სცენ მრავალშვილიან დედებს, რომლებთაც უჭირთ შვილების გამოკვება, გაზრდა, გაჭირვებაში ცხოვრობენ. არავინ გაიმეოროს საშინელი გამოთქმა, რასაც ხშირად ამბობენ ამ დედებზე – სახლში ტაბურეტი არ ჰქონდა, რა ამბავია ამდენი ბავშვიო. გახსოვდეთ, რომ მას, ვისაც სახლში ტაბურეტიც აქვს, სავარძელიც და რძით სავსე აბაზანაც, ეზარება შვილის გაჩენა, ერის გამრავლება. მხოლოდ ერთ შვილს აჩენენ და იმასაც ძიძას აზრდევინებენ, მრავალშვილიან ოჯახში კი შეიძლება უჭირთ, მაგრამ მათ გვერდით ღმერთია.

– თქვენს ქმარ-შვილზეც მომიყევით, ოჯახურ ურთიერთობებზე, რა სული ტრიალებს თქვენს ჭერქვეშ.

– მყავს მეუღლე, გიგა გიორგობიანი, რომელსაც ჩემი ლექსების უმეტესი ნაწილი ეძღვნება. ეხუმრებოდნენ, რა ქალს ჰყვარებიხარო და ისიც იფერებდა. სულ ვამბობ, გიგა ერთი იყო და მე შემხვდა-მეთქი. მასთან დიდი სულიერი მეგობრობა მაკავშირებს და მართლაც ბედნიერი ვარ.

მყავს ორი არაჩვეულებრივი ვაჟი. თამამად შემიძლია ვთქვა, დიდი სიყვარულით გავზარდეთ. 23 და 15 წლისანი არიან. ვცხოვრობთ ქართულად, ქრისტიანულად, ტრადიციულად, წინაპრების, ახლობლების სიყვარულით.

მიყვარს საოჯახო დღესასწაულები, გახამებული სუფრები, ძველებური ჭურჭელი. ასე ვგრძნობ ჩემს წინაპრებს და ამას გადავცემ შთამომავლობას. მიყვარს ჩვენი მამის ფუძე სამეგრელოში, დიდი მეგრული ოდა ბუხრით, ჩუქურთმებით. დიდი რუდუნებით ვუვლიდით და ჩემს ბიჭებს და მარიკოსაც (ლელა წურწუმიას ქალიშვილი – რედ.შენ.) შევაყვარე. ყოველი განსაცდელის წინ ჩვენი ფუძის სახლი მესიზმრება და ვიცი, რომ განსაცდელი გაივლის, რადგან ფუძის ანგელოზი დამიფარავს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ფესვების შენარჩუნება.

– თქვენი შუათანა და, ლელა წურწუმია, ცნობილი მომღერალია, რას აკეთებს თქვენი მესამე, უმცროსი და?

– ლელა ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ნიჭით, მუსიკალური მონაცემებით. ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია და ღირსია იმ სიყვარულის, რასაც მისი მსმენელი გამოხატავს. ჩვენი მესამე და, ეკა, ჩვენგან განსხვავებულია, ძალიან თბილია, საბავშვო ბაღის აღმზრდელია. უამრავი მისი აღზრდილი დღესაც აგრძელებს მასთან ურთიერთობას. ჩვენს შვილებზე დიდი ამაგი აქვს. მიხარია, როცა ჩემი  უფროსი ბიჭი იტყვის, ყველაზე ძალიან ეკა მიყვარსო. ასეც უნდა იყოს, რადგან ეკას გაზრდილია. დედა სულ ეყვარება და ეხსომება, მაგრამ უნდა ახსოვდეს და უყვარდეს ის, ვინც მას ამაგი დასდო. ასეთი ამაგდარია ჩვენი შვილებისათვის ეკა.

 – 55 წლის გახდით, როგორ აღიქვამთ თქვენს ასაკს?

– ვთვლი, რომ საუკეთესო ასაკში ვარ – ბევრი რამ ვნახე, გავნიცადე, გადავიარე უღელტეხილი, დავდინჯდი, გავწონასწორდი, ჰარმონიას მივაღწიე. ჩემს ლექსებში გამოვამზეურე ჩემი ემოცია, ტკივილი, სიხარული, ის განცდა, რაც სხვებისთვისაც ახლობელი აღმოჩნდა.

რაც გავაკეთე, რაც შევქმენი და მომავალში რის გაკეთებასაც შევძლებ, მთლიანად ჩემი სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, არსად წასვლას არ ვაპირებ და მინდა, ჩემს სამშობლოსთან ერთად ვიყო ბედნიერი.

,,ჰოკუსაის გრავიურების

ბმასთან,

უდრეკი მეზღვაურების

მსგავსად

შენ რჩები იდუმალ

ხმასთან და…

მხოლოდ

საკუთარ თავთან”.