თეონა სტურუა: ,,მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რადგან ჩემ უკან ბევრი გოგო დგას”

თეონა სტურუა: ,,მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რადგან ჩემ უკან ბევრი გოგო დგას",,სარკე”, ნანა კუკულავა

სამტრედიელი თეონა სტურუა მალე საქართველოს სტადიონებს გასცდება და ფეხბურთის მატჩებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარებს, ამჯერად – მსაჯის ამპლუაში. ცოტა ხნის წინ ის ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თეონა პირველი ქართველი ქალია, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებში იმსაჯებს.

,,სარკესთან” თეონა ყვება, რომ ყველაფერი ეზოს ბიჭებთან თამაშით დაიწყო და გოგონათა გუნდში თამაშით გაგრძელდა. ახლა მისთვის მთავარია, სხვა გოგონებისთვის იქცეს მოტივაციად და მისმა წარმატებამ სხვებიც გააძლიეროს.

– თეონა, როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

– ფეხბურთის თამაში პატარა ასაკიდან დავიწყე. დახლოებით 9 წლის ვიქნებოდი, როდესაც ბიჭებთან ერთად განუწყვეტლივ ბურთს ვთამაშობდი. დღემდე ეს ინტერესი ვერაფერმა მომიკლა.

– როდის მოვიდა პირველი წარმატება თქვენთან, როდის გასცდით ეზოს ფეხბურთს?

– ჩემთვის ეს იყო პროფესიონალური ფეხბურთის მატჩზე გატანილი 3 გოლი, რამაც უზარმაზარი ემოცია მომიტანა. იყო მოულოდნელობა და საკუთარი თავის რწმენა. ასევე – ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” იყო ჩემი პირველი და ბოლო კლუბი, სადაც 11 წელი გავატარე. ბევრი დასამახსოვრებელი თამაში მახსენდება, პროფესიული ზრდა, ასევე გოლები.

– როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი ხართ.

– საქართველოს ჩემპიონატი 2016 და 2017 წლებში მოვიგე, რაც უზარმაზარი შრომის შედეგი იყო. თითოეული ჩემი გუნდელი მაქსიმუმს აკეთებდა შედეგის მისაღწევად, რაც ციფრებში ავსახეთ კიდეც.

– და მაინც, ფეხბურთელობა რას ნიშნავს თქვენთვის, მით უმეტეს, მსაჯობა?

– იყო ფეხბურთელი, ეს ჩემთვის ნიშნავს, ბოლომდე ემსახურო ამ საქმეს, თავი არ დაზოგო და ყოველდღე გააუმჯობესო საკუთარი თავი. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ყველაზე შრომატევადი სამსახურია. უნდა ეცადო, მაქსიმუმი გააკეთო, რადგან შენ უკან ბევრი გოგო დგას, რომელთაც იგივე სურთ, რაც შენ და მათთვის მაგალითის მიცემა უნდა შეძლო.

– პირადზეც გვიამბეთ. შეყვარებული თუ გყავთ?

– ამ ეტაპზე პირადზე არ ვფიქრობ. წინ ახალი გამოწვევები მაქვს. ჩემთვის ფეხბურთია სიყვარული, სადაც თავისუფლებასა და უზომოდ დიდ ბედნიერებას ვგრძნობ. ბედნიერებისთვის საჭიროა, აკეთებდე იმ საქმეს, რომელიც მთელი არსებით გიყვარს. რაც შენს სულს სჭირდება, სწორედ ის გაქცევს ბედნიერ ადამიანად.

– რას ეტყვით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს თქვენი გამოცდილებიდან?

– არავითარ შემთხვევაში, არასოდეს დანებდეთ! იბრძოლეთ საკუთარი თავისთვის და შეუძლებელს შეძლებთ, რადგან ყველაფერი ყოველთვის თქვენს ხელშია. მინდა, ყველას უსაზღვროდ ბედნიერს გხედავდეთ. იყავით საკუთარი თავის გმირები!