სალომე ზურაბიშვილი: ,,ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, ვერც მე შემცვალეთ და ვერც შემცვლით”

სალომე ზურაბიშვილი: ,,ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, ვერც მე შემცვალეთ და ვერც შემცვლით",,არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

-ევროპულ გზას თქვენ მმართველი პარტია ერთხმად ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდით, ამიტომ ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება.

სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები _ მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების განმწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას…

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.

2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და უკრაინის შესახებაც ისაუბრა.

-დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას. იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს – ახია ჩვენზე! ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი…

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებსა და პარლამენტს.