როგორ მოხიბლა ნუკი კოშკელიშვილმა თავისი სტილით საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკა

როგორ მოხიბლა ნუკი კოშკელიშვილმა თავისი სტილით საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკა,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მოდელის, ტელესახისა და ბლოგერ ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრება ნიუ იორკსა და თბილისში განსხვავებულია. ნიუ იორკში დიასახლისია, თბილისში კი თავის ვარსკვლავურ ცხოვრებას უბრუნდება. ნიუ იორკში კი ექსტრავაგანტურად, სუპერმოდურად ჩაცმული სუპერმარკეტში, ქუჩაში, შვილის სკოლაში დადის და მისი ასეთი “ლუქით” სახტად დარჩენილ გარშემომყოფთა კომპლიმენტებს იმსახურებს.

ნუკი კოშკელიშვილი: ასეთი ხმაური ძალიან უბრალო რაღაცამ გამოიწვია. ბენიმ დადო ვიდეო “ტიკ ტოკზე”, სადაც ამბობს, შეხედეთ, ჩემი ცოლი როგორ მიდის სკოლიდან ბავშვის გამოსაყვანადო, მე კი ჩვეულებრივად გამოპრანჭული ვიყავი. არ ვიცი, რატომ მოხდა, მაგრამ ეს ვიდეო 3,5 მლნ-მა ადამიანმა ნახა და წამოვიდა უამრავი კომენტარი. როცა გადავხედე ვიზიტორი ქვეყნების სიას, ძირითადად იყო ბრიტანეთი, ამერიკა და საფრანგეთი.

არ ვიცი, რა პრინციპით გახდა ეს ვიდეო პოპულარული, მაგრამ უამრავი შეტყობინება შემომივიდა. მწერდნენ, რომ არსებობს ემილი პარიზში (ფილმიდან “ემილი პარიზში”. რედ.) და ნუკი ნიუ იორკში. ამ ქალაქში არავის არაფერი აინტერესებს. ჩაიცვი, რაც გინდა, იარე, როგორც გინდა. არასოდეს გექმნება შეგრძნება, რომ ვინმე დაგცინებს.

– ამ ქალაქმა უფრო თავისუფალი გაგხადათ, თუნდაც ჩაცმულობის მხრივ?

– ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, რა აკომპლექსებდათ თბილისში. ალბათ საკუთარ თავს თავად აკომპლექსებენ ხოლმე ადამიანები, თორემ გარემო თბილისშიც ისეთივე თავისუფალია, როგორიც ნიუ იორკში. მეტსაც გეტყვით, თბილისში რომ ლამაზად ჩაცმული გოგოები დადიან, ეგეთები შეიძლება პარიზშიც ვერ ნახოთ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი, ქართველმა ქალებმა სასწაული ჩაცმა იციანო. ეს გემოვნება დღეს ქართველ დიზაინერებშიც კარგად გამოიხატება და ამიტომაცაა, რომ ასეთ წარმატებას აღწევენ მსოფლიოში.

ყველას ვურჩევ, არ დაკომპლექსდნენ. თუ ვინმეს არ მოსწონს მათი ჩაცმულობა, ეს მათი პრობლემა არ არის. არასოდეს უნდა მიაქციო ყურადღება იმას, რაც შენ არ გეხება. მაგალითად, მე შეიძლება არ მომწონდეს ვინმეს ხმის ტემბრი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მან ხმა უნდა შეიცვალოს? ადამიანი თუ თვითონ არის შემდგარი (არ ვგულისხმობ ფინანსური კუთხით, ვგულისხმობ, როგორც შემდგარ პიროვნებას), იმას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რა გაცვია.

– ნიუ იორკი ყოველთვის ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ. თქვენთვის რა არის ის თავისუფლება, რასაც ამ ქალაქში გრძნობთ?

– ნიუ იორკი არის ჩემთვის კარგი ცხოვრების ინსპირაცია. აქ ხალხი პატივს გცემს. მოხუცები კარგ პირობებში ცხოვრობენ, გაპრანჭულები დადიან. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ ადამიანები თავისუფლები არიან ზედმეტი კომპლექსებისგან. ნიუ იორკი ჩემთვის არის ადგილი, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ყოველთვის შეგიძლია იცხოვრო საკუთარი სურვილების შესაბამისად და იყო თავისუფალი.

– თუმცა მაინც პურიტანულ საზოგადოებად ითვლება. როგორც თქვენს სტატუსში ვითხულობთ, ბავშვის სკოლაში თქვენი გამოპრანჭული ჩაცმის სტილი სხვა მშობლებს არ მოეწონათ.

– ასე მომეჩვენა, თუმცა აღმოჩანდა, რომ ეს იყო საკუთარი კომპლექსები. ამ ფაქტიდან მეორე დღეს რომ მივედი, ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, ჩვენ ძალიან მოგვწონს, ასე რომ იპრანჭები, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ გავიზრდები, მინდა, მისნაირად გაპრანჭული ვიყოო. არადა მეგონა, მშობლები სხვანაირად მიყურებდნენ და არ მოეწონათ ჩემი ჩაცმულობა.