„მთიელი წიგნები“ – ლიტერატურა როგორც მეგობარი

     ლიბერთი განათლებისთვის

   „მთიელი წიგნები“ - ლიტერატურა როგორც მეგობარი„პატარა პრინცი“ გამოვიწერე!

მე „ცისფერი ირემი.“

მე „სამი მუშკეტერი…“

მე „ვეფხისტყაოსანი,“ ოღონდ ნახატებით.

თითქმის ინსტინქტური წამოძახილებია, თუმცა იმას მოწმობს, რომ ყველა ჟანრისა და ყველა ზომის წიგნში შეიძლება გეგულებოდეს ის, რაც გჭირდება, რაც გაკლია და რამაც შეიძლება ბევრი რამ შეცალოს შენ გარშემოც და შენშიც.

მანქანა გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის წინ ჩერდება. სხვადასხვა ასაკის მოზარდები სკოლის წინ დგანან და წიგნებს ელიან. „პატარა პრინცს,“ ნახატებიან „ვეფხისტყაოსანს,“ „ცისფერ ირემს,“ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს და კიდევ სხვა წიგნებს, რომლებიც მათი ასაკის ბავშვებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაიწერა და იწერება.

პროექტი „მთიელი წიგნები“ მთაში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის  წიგნების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მათთვის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში ბავშვებმა საჩუქრად მიიღონ ის წიგნები, რომლებიც უნდათ, რომ ჰქონდეთ. საყვარელი წიგნების დახმარებით კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ სხვა წიგნებამდე, სადაც იპოვიან პასუხებს და მეგობრებსაც.

   ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი 2022 წელს გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი, რომლისთვისაც განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ ერთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო. წლის დასაწყისში “მთიელი წიგნების” გუნდთან ერთად ლიბერთის თანამშრომლებმა გურიის 15 მაღალმთიანი სოფელი მოიარეს და ბავშვებს 1100-ზე მეტი წიგნი გადასცეს.

პროექტი „მთიელი წიგნები“ ერთი წლის წინ შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში მისმა დამფუძნებლებმა ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლებში 1000-ზე მეტ ბავშვს და 43 სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს სასურველი წიგნები. ლიბერთის პარტნიორობა და მხარდაჭერა „მთიელი წიგნების“ შემქნელებს პროექტის მნიშვნელოვნად გაფართოებისა და კიდევ არაერთი რეგიონის დაფარვის შესაძლებლობას მისცემს. ამ პარტნიორობის შდეგად, მოზარდები საქართველოს მთიანი რეგიონების ყველაზე ძნელადმისაღწევ სოფლებშიც კი არ დარჩებიან სასურველი  წიგნების გარეშე.

მაღალმთიან რეგიონებში გუნდის მოგზაურობა ადასტურებს, რომ წიგნი მოსწავლეებისთვის რეალურად ღირებული საჩუქარია და ყველაზე დიდი ძალა სწორედ ცოდნას აქვს. პროექტის ავტორების გამოცდილება ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვები სასურველ წიგნებს ყველგან მოუთმენლად ელიან, თუმცა არის ადგილები, სადაც ამ წიგნებს კიდევ უფრო დიდი სიხარული და იმედი მოაქვს; სადაც ლიტერატურას მართლა შეუძლია შეიტანოს სინათლე და მიზანი მკითხველის ცხოვრებაში; ახალი ამბის დასაწყისი გახდეს. ლიბერთიში სჯერათ, რომ თუნდაც ერთი წიგნის სწორ მფლობელთან აღმოჩენით, შესაძლოა დიდი ცვლილებები დაიწყოს.

იმისთვის, რომ სასურველი წიგნები საჩუქრად მიიღონ, სასკოლო ასაკის მოზარდები მაღალმთიანი რეგიონებიდან სპეციალურ აპლიკაციას ავსებენ, სადაც მიუთითითებენ, რა წიგნი უნდათ, რომ ჰქონდეთ. „მთიელი წიგნების“ გუნდი მათთვის ამ წიგნებს ამზადებს და თითოეული ბავშვისთვის დამატებით კიდევ თითო წიგნს არჩევს. პროექტის ავტორები  მოზარდებს წიგნების გადაცემის დროს ესაუბრებიან ამ გამოცემებზე, მათ გმირებზე, ზოგადად, ლიტერატურასა და მის ძალაზე. წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა ადგილობრივ ბიბლიოთეკებსაც.

   „მთიელი წიგნები“ - ლიტერატურა როგორც მეგობარი          მოზარდები ეჩვევიან წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანას, წიგნების ერთმანეთისთვის თხოვებას, წიგნებზე ფიქრს, მსჯელობას და ხდებიან მკითხველები.

„მთიელი წიგნებისა“ და ლიბერთის მოგზაურობა გრძელდება. გუნდი ახლა სვანეთის სოფლებში ურიგებს მოზარდებს სასურველ ლიტერატურას, გაზაფხულზე მთიანი აჭარის მონახულებაა დაგეგმილი.

განათლების მხარდაჭრა, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა ლიბერთის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკში   მიიჩნევენ, რომ მხოლოდ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი და სხვების რეალობაც.