,,არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურებაო, კალმისტარი დააგდო და წავიდა” – რას იხსენებს მარინა სალუქვაძე დათო ტურაშვილზე

,,არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურებაო, კალმისტარი დააგდო და წავიდა" - რას იხსენებს მარინა სალუქვაძე დათო ტურაშვილზეტელეჟურნალისტი მარინა სალუქვაძე წლების წინანდელ ამბავს იხსენებს მწერალ დათო ტურაშვილზე, როცა ცოტა ხნით ერთად მოუწიათ მუშაობა.

,,2002 წელს დავიწყე ტელეკომპანია ,,იმედზე” მუშაობა. 5 კაცი დამხვდა – ბიძინა ბარათაშვილი, ოთარ შამათავა, გია ტოგონიძე, ზვიად ქორიძე და გიორგი კიკნაძე – მაშინ ჟორიკა იყო ,,იმედის” დირექტორი. მეექვსე მე ვიყავი. ჯერ იმედის შენობაც არ იყო და აკადემქალაქში, ,,აუდიენციის” დიდ მანსარდაზე გვქონდა ოფისი და ყველა ერთად ვისხედით. ნელ-ნელა გავიზარდეთ და გავბევრდით.

ხელფასი იმ დროისთვის შესაშური გვქონდა, ენთუზიაზმი ცამდე, მონდომება უზარმაზარი! ყველა ოცნებობდა ,,იმედზე” მუშაობის დაწყებას. საინტერესო საქმესთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა ყველას ხიბლავდა.
ერთ დღესაც შემოგვიერთდა დათო ტურაშვილი, ჩვენი საყვარელი ტურიკა. 3 დღე იარა. ჩემთან ახლოს იჯდა. გადაშლიდა რვეულს, დაიკავებდა კალმისტარს, სადღაც იყურებოდა და არაფერს წერდა. უცებ დააგდო კალმისტარი, ადგა და თქვა, წავედიო. რატომ-თქო ვკითხე. არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურება, თავისუფლება მირჩევნია ყველანაირ ხელფასსო, არ შემიძლიაო, თქვა და წავიდა.
ზოგმა თქვა გაუფრენიაო. მე კი ჩუმად შემშურდა… გუშინდელივით მახსოვს… რაც შეეხება მის გარშემო ატეხილ ბინძურ კამპანიას – ტურიკა ვინმეს სამსახურში თუა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყანაა და არც ერთმა ანგაჟირებულმა პერსონამ არ გაბედოს მასზე ცუდის თქმა!

სად იყავით, როდესაც ეს გულანთებული ბიჭი გარეჯის გადასარჩენად დარბოდა?! სად იყავით, როდესაც გაგანია კომუნისტების დროს ავაზაკს პირში ეუბნებოდა სიმართლეს?! სად იყავით, როდესაც მისმა გულმა სიბინძურეს ვერ გაუძლო და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან? ააა, მისი ემოციური საუბარი გაღიზიანებთ? რასაკვირველია, ვინმე შეიძლება არ დაეთანხმოს, სხვაგვარად ფიქრობდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ ოპონირებისას სახე არ დაკარგოთ! მავანმა ,,ისტერიჩკადაც” გაბედა ტურიკას მონათვლა! საცოდავებო, თქვენგან განსხვავებით, ტურიკას გული სამშობლოთია სავსე… მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ოქროს ბიჭო.
P.S. ამ გახსენებით არც ბადრის დაკნინება მიფიქრია და არც ,,იმედის” გუნდის, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა!” – წერს მარინა სალუქვაძე