მირანდა ტოგონიძე: ,,ამერიკაში ქართველი წყვილები ემოციურად უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი” – ქართველი ჟურნალისტი ემიგრანტობის მძიმე განცდებს ინტერნეტგადაცემით უმკლავდება

მირანდა ტოგონიძე: ,,ამერიკაში ქართველი წყვილები ემოციურად უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი" - ქართველი ჟურნალისტი ემიგრანტობის მძიმე განცდებს ინტერნეტგადაცემით უმკლავდება,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

ჟურნალისტი მირანდა ტოგონიძე ტელეკომპანია “კავკასიაში” მუშაობდა, ამ სფეროში დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ ერთ დღესაც გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. სიყვარულმა გვერდით გადასწია ყველაფერი და ქართველ ქმართან ერთად სხვა რეალობასა და გარემოში აღმოჩნდა – ამერიკაში.

მირანდა ახლა 5 წლის ნინის დედაა. მსოფლიოს მეგაპოლისში, ნიუ იორკში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი ოცნებაა საქართველოში საავტორო გადაცემის გაკეთება, მანამდე კი იუთუბარხზე ოკეანის გაღმა მცხოვრებ ქართველებს იწვევს, რომლებიც მონატრებულ სამშობლოზე, თავიანთ სიყვარულსა თუ ტკივილზე საუბრობენ. თავად მირანდა კი სამშობლოდან შორს ყოფნის საკუთარ განცდებზე “სარკეს” უყვება.

– მირანდა, საუბარი იმ პერიოდიდან დავიწყოთ, როცა საქართველოში ცხოვრობდით და მუშაობდით.

– ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს. ამერიკაში წამოსვლამდე ტელეკომპანია “კავკასიაში” ვმუშაობდი. დღემდე განსაკუთრებით მიყვარს იქ გატარებული წლები. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. ეს იყო დიდი სკოლა ყველა იქ მომუშავე ადამიანისთვის, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. ჩემი და “კავკასიაში” ტელეწამყვანი იყო, ამიტომ ტელევიზია ჩემთვის სახლიც იყო და სამსახურიც.

– საქართველოდან შტატებში გამგზავრება და იქ დაფუძნება ადვილი არ არის. როგორ აღმოჩნდით ნიუ იორკში?

– ნიუ იორკში დაოჯახების შემდეგ წამოვედი. ჩემი მეუღლე ამერიკის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად, დიდიხანია, შტატებში ცხოვრობს. აქ მუშაობს, აქვს საკუთარი ბიზნესი. მოკლედ, იმ ეტაპზე სხვაგან ცხოვრება არ შეგვეძლო, ამიტომ მივატოვე სამსახური და მასთან ერთად გამოვემგზავრე.

– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

– ახლო მეგობრის ქორწილში შევხვდით პირველად. ისე მოხდა, რომ ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით. სხვათა შორის, იმ დღეს ქორწილში პირველად დავიჭირე პატარძლის ნასროლი თაიგული და, როგორც ჩანს, “იმუშავა”. იმ საღამოს შემდეგ რამდენჯერმე დამირეკა და შევხვდით კიდეც. ურთიერთობა რაღაც პერიოდი გაგრძელდა, მაგრამ ამას მოჰყვა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა. ერთმანეთს აღარ ვეკონტაქტებოდით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ქორწინებით დაგვირგვინდა.

– რითი განხსვავდება უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი წყვილების ცხოვრება საქართველოში მყოფი წყვილებისგან?

– არსებობენ იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ძირითადად აქ წყვილები კიდევ უფრო მეტად არიან ერთმანეთთან ემოციურად დაკავშირებულნი. აქ უფრო მეტად სჭირდებათ ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა, რადგან სხვა ახლობელი ადამიანები არ ჰყავთ. გარდა ამისა, ნაკლებად არის განვითარებული დედამთილის ინსტიტუტი, ისინი აქტიურად არასოდეს ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მე, პირადად, ვერ ვეგუები ურთიერთობის აქ მიღებულ ფორმებს. საქმიანი ვიზიტი კი არა, მეგობართან შეხვედრაც დიდი ხნით ადრე უნდა დაიგეგმოს.

მირანდა ტოგონიძე: ,,ამერიკაში ქართველი წყვილები ემოციურად უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი" - ქართველი ჟურნალისტი ემიგრანტობის მძიმე განცდებს ინტერნეტგადაცემით უმკლავდება– თქვენს პატარა ქალიშვილზე გვიამბეთ, რომელიც ამერიკის მოქალაქეა. ალბათ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვს სამშობლოს, საქართველოს სიყვარული ასწავლოთ.

– ჩემი ქალიშვილი, რომელიც 5 წლისაა, საქართველოზე საოცრადაა შეყვარებული. ვფიქრობ, ეს დიდწილად ჩვენი, მშობლების, ბებია-ბაბუების დამსახურებაა და კიდევ იმის, რომ ხშირად ჩამოვდივართ სამშობლოში. ნინი სულ საქართველოში წამოსვლაზე ოცნებობს. მიხარია, რომ ამ ასაკში სუფთად ლაპარაკობს როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად. ჯერ პატარაა საიმისოდ, რომ მიხვდე, როგორი ქართველი გაიზრდება. დროსთან ერთად ესეც გამოჩნდება.

– ახლახან გააკეთეთ ინტერნეტგადაცემა “ჩვენ”, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველების ამბებს გვიყვება. გაამართლა თქვენმა ჩანაფიქრმა, გამოვიდა ის, რაც გსურდათ?

– როცა საყვარელი ქვეყნის, ადამიანებისა და საქმის გარეშე აღმოვჩნდი, დავიწყე ფიქრი, რისი გაკეთება შემეძლო იმისთვის, რომ დავკავებულიყავი საქმით, რომელიც მძიმე განცდებს შემიმსუბუქებდა. გადაცემა “ჩვენ” არ არის კომერციული პროექტი, თუმცა ბევრი მაყურებელი ჰყავს და ეს ძალიან მახარებს. როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდები, ვუსმენ, ვუყურებ, მგონია, რომ ჩემს სათქმელს ახმოვანებენ. აქ ყველას მონატრებული ქვეყნის, სახლის, ნათესავების, მეგობრების სიყვარული გვაერთიანებს.

– რამე ტრადიცია ხომ არ გაქვთ ემიგრანტებს შეხვედრების, დროის ერთად გატარების? და თუ არსებობს ასეთი რამ, ყველაზე ხშირად რა თემებზე საუბრობთ?

– დღესაწაულებზე ვიკრიბებით ხოლმე და თითოეული ასეთი დღე მართლაც დღესასწაულია – ქართულ ენაზე საუბარი, ქართული კერძები… სალაპარაკო თემა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ყოფითი პრობლემები და სამომავლო გეგმებია.

– როგორ ფიქრობთ, დაბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში?

– დარწმუნებული ვარ, ყველას ოცნება სამშობლოში დაბრუნებაა. მინდა, ყველას ვუსურვო, რომ მიეცეთ ამის შესაძლებლობა.

– არსებობს იმის პერსპექტივა, რომ როდესმე თქვენი პროფესიით დაიწყოთ შტატებში მუშაობა?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემს გადაცემაზე ვფიქრობ, მაგრამ მაქვს განვითარების უამრავი გეგმა. დარწმუნებული ვარ, არაერთ სიახლეს შევთავაზებ ჩემს მაყურებელს. ვნახოთ, იქნებ ჩემი გადაცემა მომავალში საქართველოში გავაკეთო.

– სამწუხაროდ, საქართველოში არ დასრულდა ის პერიოდი, როცა ყოველი მეორე უცხოეთში წასვლაზე ოცნებობს. რას ეტყოდით მათ, რომლებიც, როგორც იტყვიან, ჩემოდნებზე სხედან?

– ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ. პირველ რიგში, ემიგრანტობისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებაა საჭირო. უცხო ქვეყანაში ცხოვრება ადვილი არ არის, თუნდაც ეს ამერიკა იყოს. უცხო გარემოსთან შეგუება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლობელი არავინ გხვდებათ. გულწრფელად ვამბობ, ძნელია ემიგრანტობა.