,,მიყვარს მეუღლისათვის საჩუქრების მიძღვნა” – გია მურღულიას ოჯახური ბედნიერების ფორმულა

,,მიყვარს მეუღლისათვის საჩუქრების მიძღვნა" - გია მურღულიას ოჯახური ბედნიერების ფორმულა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

ცნობილი პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, გია მურღულია, ერთ-ერთი მათგანია, ვინც სკოლაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში ახალგაზრდა კაცმა საბჭოთა განათლების სისტემის მესვეურების და პარტიული იდეოლოგების ყურადღება მიიქცია, რადგან აშკარად არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც საბჭოთა პედაგოგისთვის იყო დადგენილი. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების დროს აღსაზრდელებს სახარებასა და ბიბლიასაც აცნობდა. დაიბარეს, სადაც ჯერ არს და პასუხი მკაცრად მოსთხოვეს. მაშინ სასჯელისგან ფრიდრიხ ენგელსმა გადაარჩინა. თავის ერთ-ერთ ნაშრომში ენგელსი ამტკიცებდა, რომ პირვანდელი ქრისტიანობა და სოციალიზმი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. არგუმენტი რკინის გამოდგა, გია მურღულია აღარ შეუწუხებიათ.

42 წელი გავიდა, რაც მომავალ თაობას ზრდის და მათ არა მარტო განათლებას აძლევს, არამედ ამზადებს ცხოვრების გზაზე გასასვლელად, აცნობს სამყაროს, რომელიც ნამდვილად არ არის იდეალური და რეალურად უამრავი აღმართ-დაღმართია, ახალგაზრდებმა კი ეს თავიდანვე უნდა იცოდნენ.

ხანგრძლივ პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, საკუთარი თავის ძიებასა და თვითშემეცნებაზე, სიყვარულსა და ადამიანის მთავარ დანიშნულებაზე ბატონი გია ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.

– ბატონო გია, 17 წლის ასაკში ხშირად ვცდებით პროფესიულ არჩევანში, თქვენს შემთხვევაში რამ ან ვინ გიბიძგათ, რომ ზუსტად აირჩიეთ ის პროფესია, რასაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ემსახურებით?

– როცა პროფესიულ არჩევანზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება ჩემი პედაგოგი მამუკა ოჩიგავა, რომელიც ლიტერატურას მასწავლიდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. ეს ადამიანი იყო განწყობის შექმნის დიდოსტატი ფაქტობრივად ნულოვან სივრცეში. ყველას უნდა, იყოს საინტერესო გარშემომყოფებისთვის. მამუკა ოჩიგავა იყო თავისუფალი ადამიანი, ფიქრის კაცი, გვასწავლიდა თავისუფალ აზროვნებას, მიზნის მიღწევას, ლიტერატურის სიყვარულს, პატარ-პატარა გამარჯვებებს, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას. აქედან დაიწყო ჯერ გაუცნობიერებელი, შემდეგ კი გაცნობიერებული სურვილი, რომ მეც ამ გზით მევლო.

ახლა დიდი არჩევანია, სად ჩააბარო, რომელი უმაღლესი სასწავლებელი აირჩიო. ჩვენს დროს უნივერსიტეტი იყო ოცნების მწვერვალი.

კომუნისტური ეპოქა ადამიანის აზროვნებას კლავდა. საბედნიეროდ, უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით გვასწავლიდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო თავისუფალი ადამიანი. მათ შორის ჩემთვის მისაბაძი, შეიძლება ითქვას, მეორე მამა იყო რეზო სირაძე. რა თქმა უნდა, სხვებიც იყვნენ – რეზი თვარაძე, პაატა როდონაია, თამაზ ჩხენკელი, თამაზ პატარიძე. თითოეული მათგანი იყო ეტალონი მეცნიერის, ადამიანის. ისინი გვასწავლიდნენ, რა უნდა გვესწავლა და რა იყო ამისთვის საჭირო, რომ აუცილებელია, ისწავლო თავისუფალი ძიების კულტურა, რასაც მიზნად დაისახავ, რისი გაგებაც გინდა, ამისთვის რა უნდა ისწავლო, რა რასთან დააკავშირო.

თავდაპირველად მიამიტი და გულუბრყვილო ვიყავი, ვისაც ვუსმენდი, ყველა მართალი მეგონა, ისეთი დამაჯერებელი არგუმენტებით გვესაუბრებოდნენ. იყო საკითხები, რომლებზედაც ცნობილ მეცნიერებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. თუნდაც განუყრელი მეგობრები – თამაზ ჩხენკელი და რამაზ პატარიძე ქართულ ანბანზე დავას რომ იწყებდნენ, ერთმანეთის მძაფრი მოწინააღმდეგეები ხდებოდნენ. წლებთან ერთად გაიფილტრა, დაკრისტალდა მოსმენილი. ვისწავლე, როგორ უნდა შემეფასებინა არა აზრი, არამედ აზროვნება. შემდეგ ისინი, ყველანი ჩემი უფროსი მეგობრები გახდნენ. ხშირად მცირე სუფრას მივუსხდებოდით და, როცა ღვინო დაგვეხმარებოდა დიალოგის გახსნაში, მათი მოსმენა ერთი დიდი სიამოვნება იყო.

– სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მიიქციეთ საზოგადოების ყურადღება, ფაქტობრივად ახალი სიტყვა თქვით საგანმანათლებლო სფეროში, იმ წყობისთვის მიუღებელი. როგორ გადაურჩით სასჯელს?

– თავდაპირველად მეტეხის ახალგაზრდული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ დავიწყე მუშაობა. თეატრი არის მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე. ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე. გავიცანი რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, დრამატურგები. შევიხედე კულისებში, შიდა სამზარეულოში, ვიხილე ადამიანური ვნებები, ინტრიგები. ესეც თავისებური სკოლა იყო ცხოვრებისა, მხატვრული და საინტერესო.

სკოლაში შემთხვევით მოვხვდი. ჩემს მეუღლეს უნდა დაეწყო მუშაობა, შემდეგ გადაიფიქრა. წავედი ბოდიშის მოსახდელად თბილისის 23-ე სკოლის დირექტორთან. შევყევით საუბარს და მკითხა, მე ხომ არ ვისურვებდი სკოლაში მუშაობას. რატომაც არა-მეთქი, ვიფიქრე და დავთანხმდი.

1982 წელი იყო. არსებობდა თვალსაჩინოდ ჩამოყალიბებული განათლების სისტემა, სწავლების მეთოდიკა, ინსტრუქცია, განსაზღვრული იყო პედაგოგის ზოგადი სახე. მე კი ისე დავიწყე, როგორც მიმაჩნდა საჭიროდ.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების სწავლებისას მოსწავლეებთან შემქონდა ბიბლია, სახარება. ამ საშუალებით უფრო ნათელი ხდებოდა ნაწარმოების არსი. იმ დროს კი ეს წარმოუდგენელი იყო. როგორც კი ხმები გავრცელდა, დამიბარა რაიკომის მდივანმა და ძალიან მკაცრად მესაუბრა. მითხრა, საბჭოთა სკოლაში კატეგორიულად აკრძალულია რელიგიური ლიტერტურის შეტანაო. თან მქონდა ენგელსის პატარა ბროშურა, სადაც ის წერდა, რომ პირვანდელი ქრისტიანობა და სოციალიზმი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. წავუკითხე ენგელსის ეს ნაშრომი და ვკითხე: “თქვენ ენგელსის საწინააღმდეგო რამე გაქვთ?”. ისე შეეშინდა, ფერი დაკარგა. ასე გადამარჩინა ენგელსმა. მერე გავიგე, თანამშრომლებისთვის უთქვამს, ეს კაცი მეორედ აღარ მოიყვანოთ ჩემთანო.

– რა არის ამოსავალი წერტილი, მთავარი დოქტრინა, რითაც ხელმძღვანელობთ ამდენი წელი?

– პირველი კითხვა, რაც ჩემს თავს დავუსვი, იყო: “როგორ უნდა გავზარდოთ მომავალი თაობა? დავანახოთ სამყარო ისე, რომ ყველაფერი იდეალურია თუ ვაჩვენოთ, როგორია რეალურად თავისი დაბრკოლებებით, მტყუან-მართლით?”. თუ იდეალური სამყაროსთვის გაზრდი, ცხოვრება აუცილებლად დაჩაგრავს, რადგან მზად არ იქნება სიძნელეებისთვის. ზუსტად ეს არის თვათლმაქცობა, ტყუილი, დანაშაული, ამიტომ სურათი უნდა იყოს მკვეთრი, ნათელი, შეულამაზებელი.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მთლიანად აგებული მაქვს ორ მთავარ პრინციპზე. ეს არის რუსთაველის და გურამიშვილის ორი ფრაზა. ამის გაშლა და დაკონკრეტება ძალიან შორს წაგვიყვანს, შევეცდები, მოკლედ ავხსნა.

რუსთაველის სტრიქონებია – “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა”. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი არ გამოიყენებს იმ ცოდნას, რასაც იძენს, მაშინ რა აზრი აქვს ცოდნის შეძენას, მხოლოდ გონებამ რომ იცის და გულმა – არა, მხოლოდ სიტყვაში აისახება და მოქმედებაში – არა. ჩვენ იმიტომ ვსწავლობთ, რომ ჩავერთოთ ღვთისგან დადგენილ წესრიგში. ადამიანმა უნდა შექმნას საკუთარი წესრიგი და ამ წესრიგით სამყაროს ჰარმონიაში ჩაერთოს.

გურამიშვილის სტრიქონები ასეთია (ეს სტროფი ადრე არ იყო შეტანილი “სწავლა მოსწავლეთაში”, მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე): “ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო”. უფლება რომ მქონდეს, ყველა სკოლის შესასვლელში წავაწერდი ამ სტრიქონებს. ესე იგი ცოდნის მიღების თავი და თავი არის თვითშემეცნება, როგორც გურამიშვილი კითხულობს – ვინ არის? შემდეგ მოსდევს სამი კითხვა: საიდან მოსულა? სად არის? საით წავა?

საზრისი განათლებისა სამივე დროს სწვდება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ წარსულს, აწმყოს და მომავალს. ეს ნიშნავს, რომ დრო განუყოფელია, ჩვენ, ადამიანებმა დავყავით, მივეცით სახელები.

არსად სამება ისე არ ჩანს, როგორც ადამიანში. პირველი არის, რომ თქვენ ხართ ინდივიდი, არ მეორდება თქვენი თითის ანაბეჭდი, სული მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, თქვენი ცხოვრება სხვისას არ ჰგავს. მეორე, თქვენ ხართ რომელიმე ერის შვილი, კონკრეტულ შემთხვევაში, ქართველი და მესამე – თქვენ ხართ ადამიანი, კაცობრიობის წევრი.

კითხვას, საიდან მოდის ადამიანი, აქვს პასუხი – სამოთხიდან, საიდანაც გამოაგდეს. სად არის ახლა? წუთისოფელში, დროებით სამყოფელში. სად მიდის? იქ, სადაც დამსახურებისამებრ მიუჩენენ ადგილს.

ეს არის ჰარმონია, კრედო და მრწამსი ჩემი. ამ პრინციპებით ვასწავლი ბავშვებს და ყველაზე სასიამოვნო, რაც მინახავს, არის, როცა ბავშვი ფიქრობს. თან თუ ისეთს ამბობს, რაც თავად არ მიფიქრია, ბედნიერებაა. არასდროს მომბეზრდება მათთან ურთიერთობა.

გაკვეთილი ღიმილის გარეშე არ არსებობს, შეჭმუხნული შუბლით და მკაცრი სახით ბავშვს ვერ დააინტერესებ. ღიმილით, ხალისით უნდა გაუჩინო მოტივაცია, ისწავლოს. არაფერი ისეთ მოტივაციას არ აძლევს, როგორც სიხარული, კეთილგანწყობა, ამიტომ ვცდილობდი და ვცდილობ, კეთილგანწყობილი ვიყო ჩემს მოსწავლეებთან. ვასწავლო ლიტერატურა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ წაიკითხონ ესა თუ ის ნაწარმოები, ლიტერტურიდან უნდა ისწავლონ, რა არის სიყვარული, თავისუფლება და ღირსება.

– მაშინ გკითხავთ: რა არის თავისუფლება?

– კეთილი ფიქრი, კეთილი სიტყვა, კეთილი საქმე. ადამიანები ვართ, რასაც ვფიქრობთ, რასაც ვამბობთ და როგორ ვიქცევით, თავისუფლება მოიცავს ამ სამივეს, როგორც სულხან-საბა იტყოდა – სიტყვა საქმიანი და საქმე ფიქრიანი. დიდი ილია ეკითხებოდა თავის თავს “მგზავრის წერილებში” – როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას, რას წაადგება მას ჩემი ცოდნა? ეს ყველაფერი სიტყვებია და ქვეყანამ რომ საქმე მოგთხოვოს, მაშინ რას იზამო, ამიტომ თავისუფლება მოიცავს ფიქრსაც და საქმესაც. ეს უნდა ისწავლოს ბავშვმა.

ჩვენ გვეგონა, მოვიპოვებდით თავისუფლებას და ეს იქნებოდა შედეგი, ფინიში ყველაფრისა. თავისუფლება კი არის სტარტი, საწყისი, რომ შენ კეთილად იცხოვრო, გქონდეს შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. თავისუფლება არ არის აღვირახსნილობა. შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვა ადამიანის უფლებები იწყება.

– სიყვარულს როგორ განმარტავთ?

– პავლე მოციქულმა მიუძღვნა აპოლოგია ,,ქებათა ქება სიყვარულს”. სიყვარულს არ შურს არავისი, ის არის მოწყალე, კეთილი, არ ეძიებს თავისას. სიყვარული არ ცხოვრობს თავისთვის, ის არის ეგოიზმის მთავარი დამმარცხებელი.

ამბობენ, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ სიყვარული შეიტანა დაავადებათა ნუსხაში და არ შეიძლება ეს დაავადება სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდესო. სიყვარული თუ ნამდვილია, არასდროს კვდება. შეიძლება განელდეს, გაჩნდეს საშიშროება, რომ შეწყდეს, რადგან ადამიანები ზოგჯერ ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრს. სიყვარული მოითხოვს ნდობას, ზრუნვას, მუდმივ განახლებას. თუ გინდა, რომ არ გაქრეს, წყვილმა ერთად უნდა გაზარდოს ეს ფაქიზი ყვავილი, ცალმხრივ არ გამოვა.

– რა არის თქვენთვის ოჯახი?

– “ოჯახ-ოჯახ” თურქული სიტყვაა და კერიას ნიშნავს. ეს არის სულიერი ერთობა, დიდი ბედნიერება. ოჯახი არის ჩემი წინაპრები, დედ-მამა, რომლებიც ცოცხლები არ არიან, მაგრამ მუდმივად მონაწილეობენ ჩემს ცხოვრებაში თავიანთი ხელების სითბოთი, დარიგებით, სიყვარულით. ისინი ჩემში ცოცხლობენ მუდმივად.

ოჯახია ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გავიარე და იმედია, კიდევ ვიქნებით ერთმანეთის გვერდით. მეუღლე, შვილები, შვილიშვილები – არავინ თქვას, რომ მხოლოდ ინდივიდუალურად არსებობს. ის ადამიანები, ვინც სისხლით და ხორცით არიან დაკავშირებულები, მეგობრები, რომლებიც შენი არჩევანია, თუ ყოველდღიურად შენში არ ცოცხლობენ (ცოცხლე-ბიც და გარდაცვლილებიც), მაშინ სიტყვა “ოჯახი” უნდა დაივიწყო. ოჯახი არა მარტო სიყვარულსა და თავისუფლებას გაძლევს, მოვალეობებიც არის, ღირსებას ითხოვს შენგან. შენი საქციელი არის სურათი, ხატი, ვისაც შენ წარმოადგენ – მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს.

– თქვენ ეს ყველაფერი გაცნობიერებული გქონდათ, როცა ოჯახს ქმნიდით?

– არ მქონდა გაცნობიერებული, ინტუიციურად ვგრძნობდი. მერე და მერე სწავლობ. თუ ყოველდღე არ იბადები, ესე იგი ყოველდღე კვდები. მე რომ ის ვიყო, ვინც ვიყავი 40 წლის წინ, ახლა თქვენთან საუბარი შემრცხვებოდა. დღეს ვიცი, რომ ადამიანი უნდა მიყვარდეს, მაგრამ ხანდახან ფრთხილად უნდა ვიყო. სიყვარული არ ნიშნავს სიბრიყვეს, სიყვარული ნიშნავს გონიერებას, ძალმოსილებას. სიყვარული და ეჭვი არ უნდა დააწყვილო, საშინელებაა ასე ცხოვრება, მაგრამ ის, რომ იცხოვრო მფრთხალად და სილაჩრით კი არა, სიფრთხილით, ეს უკვე გონიერებაა.

– გაკვეთილები, ლექციები, საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა… გრჩებათ დრო ოჯახისთვის?

– ვერ ვარ იდეალური მეოჯახე, საკმარის დროს ვერ ვუთმობ ჩემი საქმიანობის გამო. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ, შვილები ცალკე არიან. როცა ისინი მოდიან, ჩვენი სახლი ივსება სინათლით. ჩვენ კი მათ ვახვედრებთ ჩვენს წილ სინათლეს და ასე ნათდება ჩვენი საცხოვრისი.სიყვარულს ძალიან უხდება მეგობრობა. რამეს რომ ვაშავებთ, დათმობის თვალსაზრისით მეგობრობა არის საუკეთესო კომპენსაცია. კომპენსაციაში მატერიალურს არ ვგულისხმობ, მაგრამ, როცა მაქვს შესაძლებლობა, მიყვარს მეუღლის და ოჯახის წევრების გახარება, მათთვის საჩუქრების მიძღვნა.

ჩემს შვილიშვილებს დავყვები სავაჭრო ცენტრებში. დამღლელია სამი-ოთხი საათი სიარული, მაგრამ ერთი დიდი სიამოვნებაა, მათ გაბრწყინებულ თვალებს რომ ვხედავ, როცა სასურველ არჩევანს გააკეთებენ და ლამაზ პაკეტებს ხელს შეავლებენ.