,,არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სერიალის ძალიან მაგარი ბოლო სეზონი” – ანა ტყებუჩავამ 40 წლის ასაკში საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა

,,არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სერიალის ძალიან მაგარი ბოლო სეზონი" - ანა ტყებუჩავამ 40 წლის ასაკში საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობ ანა ტყებუჩავასთვის ცხოვრებაში დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” უკავშირდებოდა და ახლა სწავლობს, როგორ იცხოვროს ნინას პერსონაჟის გარეშე, რომელთან ერთადაც 10 წელზე მეტი ხანი “გაატარა”. სერიალისგან გამოთავისუფლებულ დროს მსახიობი უქმად არ კარგავს და სოციალურ ქსელში სანდომიანი ინფლუენსერის იმიჯი დაიმკვიდრა. ტელეკომპანია “ფორმულის” ეკრანიდან კი მაყურებელს თავის მოვლის განსაკუთრებულ, ეფექტურ და ბიუჯეტურ საშუალებებს სთავაზობს.

სამსახიობო კარიერაში კი ანა ახალი შეთავაზებებისა და გამოწვევების წინაშე დგას, მზად არის სიახლეებისთვის. ამასობაში მის ცხოვრებაში მეორმოცე წელიც დადგა და ამ ასაკს, როგორც მსახიობმა თავად გვითხრა, მადლიერებით შეხვდა.

თუ როგორია ანა ტყებუჩავას ყოველდღიურობა გოცირიძეების ოჯახის გარეშე, “სარკეში” მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ანა, უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც “ჩემი ცოლის დაქალების” ეტაპი თქვენს ცხოვრებაში დასრულდა. როგორ შეიცვალა თქვენი ყოფა სერიალის გარეშე?

– ამ სერიალის გარეშე ყოფნის ზღვარი პანდემიის პერიოდში გადავლახე. როდესაც 6 თვის განმავლობაში აღარ გვქონდა გადაღებები, მაშინ უკვე გავაცნობიერე და შევეგუე, რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა სერიალი აღარ გაგრძელებულიყო. მსახიობი ასეთ მოცემულობას შეგუებული უნდა იყოს. ბევრი გეგმა მაქვს ხოლმე, რასაც აქტიური სამუშაო პერიოდის განმავლობაში ვერ ვასწრებ, ამიტომ, როგორც კი პაუზა ჩნდება, მაშინვე ჩემი საქმეებისა და ჩემი გეგმების განხორციელებას ვიწყებ.

– პაუზაა თუ სერიალი საბოლოოდ დაიხურა?

– სერიალი დაპაუზებულია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ ველოდები მის დაწყებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იყოს თუნდაც ერთი და ძალიან მაგარი ბოლო სეზონი. ან შეიძლება იყო ახალი სერიალი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს.

– ამ სერიალში 10 წელზე მეტი ჩადეთ. რა ემოციებს აღძრავს, როდესაც გადასაღებ მოედანზე გატარებული წლები გახსენდებათ?

– საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს ამ სერიალთან. ამას წინათ შემთხვევით მოვკარი ტელევიზორში თვალი ძველ სერიას, თან ზუსტად იმ მომენტს, როდესაც მეც ვთამაშობ და ჩემი ნამდვილი ქმარიც ჩანდა, რომელიც ნატაშკას კლიპს უღებდა. როდესაც ამ სერიალს შევხედავ ხოლმე, ისეთი შეგრძნება მაქვს, ძველ სკოლას რომ ჩაუვლი, სადაც 11 წელი ისწავლე.

არ ვიცი, რამდენად კარგია მსახიობისთვის, მაგრამ პირადად მე არასდროს მქონია მანიაკური სურვილი, სულ ეკრანზე ვყოფილიყავი. როცა სერიალში ვიყავი, ბევრ პროექტზე უარი ვთქვი იმ მოტივით, ყველგან მე ხომ არ ვიქნებოდი. ერთი პერიოდი გადაცემებში სტუმრობაზეც უარს ვამბობდი, რომ მაყურებლისთვის თავი არ მომებეზრებინა. არ შეიძლება მთელი სივრცე შენ შეჭამო და სხვისთვის ადგილი არ დატოვო.

– თითქმის იმავე ჯგუფმა გააგრძელა სერიალი “ხელოვნური სუნთქვა”, რომელშიც თქვენი ეკრანული პარტნიორი ლევან ყოჩიაშვილიც მიიწვიეს, თქვენ კი – არა. გული ხომ არ დაგწყდათ, ახალი სერიალის გადასაღებ მოედანზე რომ არ მოხვდით?

– არა, რადგან თავის დროზე, როდესაც ამ სერიალზე მუშაობა დაიწყო, მე აქტიურად ვიყავი “ჩემი ცოლის დაქალებში”. მიზანშეწონილად მიმაჩნია, ერთ სერიალს რომ ამთავრებ, რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, რომ მეორე, სულ სხვა ტიპის სერიალში გამოჩნდე. ზოგ შემთხვევაში ესეც არ არის საჭირო, რადგან ლევან ყოჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარი მსახიობია. როცა ამ სერიალში ვუყურებ, საერთოდ არ მახსენდება, რომ ის დათოა “ჩემი ცოლის დაქალებიდან”. ძველი სერიალის სახემ ასე კარგად რომ მოახდინა ინტეგრირება ახალ სერიალში, შეიძლება იმის მიზეზიც გახდეს, რომ სხვა მსახიობებიც გამოვჩნდეთ, თუ დავჭირდით რეჟისორს.

– სერიალი თქვენს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა. ეს დრო რით ჩაანაცვლეთ?

– გადავერთე სოციალურ ქსელში სარეკლამო მიმართულებაზე, მეტი დრო დავუთმე ჩემი, როგორც ინფლუენსერის, განვითარებას. “ფორმულაზე” მიმყავს რუბრიკა “რამდენიმე წუთი სილამაზეზე”, სადაც მაყურებელს თავის ეფექტურად მოვლის საიდუმლოებებს ვუმხელთ. ამის გამო მიწევს ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცნობა, რათა ჩემი რჩევები და მიგნებები თავის მოვლის სფეროში იყოს მაქსიმალურად სასარგებლო.

ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო და მიხარია, რომ ახლა მომეცა დრო, საფუძვლიანად გავრკვეულიყავი ამ ყველაფერში. უცნაურია – ქალი როცა ხარ, შეფმზარეულიც უნდა იყო, პროფესიონალი დამლაგებელიც და ახლა უკვე პროფესიონალი კოსმეტოლოგიც. ქალმა თავის მოვლა ნამდვილად უნდა იცოდეს.

– რაც თავის მოვლის პროცედურებში საფუძვლიანად გაერკვიეთ, ეს როგორ აისახა თქვენს გარეგნობაზე, რა მიგნებები იპოვეთ საკუთარი თავისთვის?

– ჩემს გადაცემაში რაზეც ვლაპარაკობ, ეს იქნება თმის ნიღაბი, სახის პილინგი თუ სხვა პროცედურა, ერთი კვირით ადრე საკუთარ თავზე მოვსინჯავ და შემდეგ ვიძლევი რეკომენდაციებს. ცოტა ხნის წინ აფთიაქში ჩემი ახლობელი დედა-შვილი ვნახე, რომლებიც სახის კანის დასაბან საშუალებებს არჩევდნენ. ისეთი კონსულტაცია გავუწიე, აფთიაქის კონსულტანტი გაოცებული დარჩა. მართლა სიამოვნებას მანიჭებს, თუ ვინმეს ჩემი გამოცდილებით და ცოდნით დავეხმარები, რომ უკეთესად გამოიყურებოდეს.

მინდა, ეს პერიოდი კიდევ ერთი ოცნების ახდენისთვის გამოვიყენო – ფრანგული ენა ვისწავლო. სულ ვოცნებობდი, ფრანგულად ცოტა მაინც ვილაპარაკო-მეთქი და, ვფიქრობ, ახლა გამოვნახავ დროს ამისთვისაც. გარდა ამისა, ვვარჯიშობ და 40 წლის ასაკში ჩემს თავს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთე – სიგარეტს დავანებე თავი.

– როგორია თავის მოვლის თქვენეული ოქროს წესები?

– სამი ოქროს წესი მაქვს: წყალი აუცილებლად უნდა მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში; არასოდეს უნდა დავიძინოთ მაკიაჟით და ძილის წინ სახე ყოველთვის სპეციალური საშულებებით დავიბანოთ; არასდროს წავისვათ ნაჩუქარი კრემები ცნობისმოყვარეობის მიზნით, თუ კარგად არ გავერკვევით, რამდენად მიესადაგება ჩვენი კანის სტრუქტურას.

კანი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, ვიზუალიცაა, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს. დღეს ძალიან ტრენდულია სამი რამ – სახის დაბანა, დატენიანება და მზისგან დამცავი საშუალებების წასმა, რათა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა.

– როგორც ინფლუენსერს, რა პრიორიტეტები გაქვთ?

– ჩემი ძირითადი კონტენტია ქალი, დედა, დიასახლისი.

– ჩანს, რომ ძალიან ჰარმონიულად ხართ საკუთარ თავთან. ყოველთვის ასე იყავით თუ ეს წლებმა მოიტანა?

– ჩემთვის სასურველია, მქონდეს ის წონა, რომელიც ამა თუ იმ ასაკში მისაღებია. როცა სასურველ წონაზე ვარ, მაშინ ჩემს გარეგნობაში ყველაფერი თავისთავად ლაგდება. როგორც კი ვიმატებ, ბევრი რამის სურვილი მეკარგება ცხოვრებაში.

საბედნიეროდ, წონის პრობლემა მხოლოდ ორსულობების შემდგომ პერიოდებში მქონდა. პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მეათე დღეს გავედი გადასაღებ მოედანზე და ძლივს დავდიოდი, რადგან თან საკეისრო გავიკეთე და თან დიდი წონა მქონდა. სანამ სასურველ ფორმაში არ ჩავდექი, გადაღებების გარდა არსად დავდიოდი, არც მეგობრებთან მინდოდა შეხვედრა, რის გამოც ალბათ ბევრი გავანაწყენე.

– 40 წლის ასაკში თქვენს ცხოვრებას რა ფორმა და შინაარსი აქვს?

– სხვათა შორის, ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში, თავი 25 წლისა მგონია. ბებია რომ გავხდები, ალბათ უფრო ვიგრძნობ ასაკს. არასოდეს მიფიქრია, როგორი ვიქნებოდი 40 წლის ასაკში. ერთი კი ვიცი, რასაც დღევანდლამდე მივაღწიე, ეს საკუთარი შრომის, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით შევძელი. ხშირად კარიერაში რაღაცაზე უარი მითქვამს, მაგრამ მეგობრებს შემოვუტრიალებივარ და აზრი შემიცვლია. ჩემთვის ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რას შევქმნი და როგორი მეთოდებით. ყველაფერში ძალიან დიდ შრომას ვდებ და სამყაროსგანაც მიბრუნდება სიყვარული და დაფასება.

– ალბათ ქალისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმატებული და ჰარმონიული პირადი ცხოვრება.

– ვერ ვიტყოდი ასე. არიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახური ცხოვრების გარეშე უფრო წარმატებულები არიან. ბევრი წყვილი ვიცი, გაშორების შემდეგ უფრო წარმატებულები რომ გამხდარან თავიანთ საქმეში. ჩემს შემთხვევაში ოჯახი მართლაც დიდი ზურგია. ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ რთულ კარიერულ მომენტებში. ოჯახში ყოველთვის მესმის ხოლმე, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ შენ გვერდით ვართო. ასეთი დამოკიდებულება მართლაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა საკუთარი წარმატების მისაღწევად მხოლოდ შენ უნდა იბრძოლო.

– საბოლოო ჯამში, ბედნიერი ადამიანი ხართ, თუ გეშინიათ ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმის?

– ბედნიერზე მეტად მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების და, როდესაც მადლიერი ხარ, მაშინ გეუფლება ბედნიერების შეგრძნებაც. ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი არ არის იდეალურად, მაგრამ ესეც ნორმალურია. მთავარია, მადლიერების შეგრძნება გქონდეს.