ანი გიუნტერი: ,,ტკივილს არასდროს ვიხსენებ… რაც მოხდა, ყველაფერი კანონზომიერი იყო”

ანი გიუნტერი: ,,ტკივილს არასდროს ვიხსენებ... რაც მოხდა, ყველაფერი კანონზომიერი იყო'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა რამდენიმე ხნის წინ ჟურნალ ,,სარკესთან” თავისი ცხოვრების განვლილ ეტაპებზე ისაუბრა, მათ შორის – ასაკზე.

– ანი, 40 წლის გახდით. რა ასაკია ეს თქვენთვის?

– ამ ასაკმა საშუალება მომცა, დილის გადაცემაში გამეკეთებინა რუბრიკა 40 წელს გადაცილებული ქალებისათვის. ველოდებოდი ამ ასაკის გადალახვას, რომ დამეწყო ეს რუბრიკა. ყოველთვის ვიცოდი, რომ 40 წლის ასაკში ვიქნებოდი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჰარმონიული, ყველაზე თავდაჯერებული და ასეც არის.

საერთოდ, როგორსაც წარმოიდგენ, ზუსტად ისეთ რეალობას მიიღებ ცხოვრებაში. 40 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ რიცხვები შეიცვალა. გაჩნდა 4-იანი და მეტი არაფერი. ისევ ისე მიყვარს ხორცი, არ მიყვარს ტკბილი, კვლავ მიყვარს ადამიანები, ისევ მიყვარს ლამაზად ჩაცმა. ერთადერთი, რაც 40 წლის შემდეგ შეიცვალა, უფრო ხმამაღლა ვიცინი პრობლემებზე. ჩემი დევიზი ასეთია – პრობლემები კიდევ უფრო სასაცილოა!

– როგორი წლები მოიტოვეთ უკან?

– 40 წლამდე თითოეულმა წელმა მომიტანა სიმშვიდე, გამოცდილება და კმაყოფილება. უკან რომ ვიხედები, ტკივილს არასდროს ვიხსენებ. ცუდი ამბების გახსენებას ყოველთვის კიდევ უფრო ცუდი მოჰყვება, კარგ მოგონებებს – კარგი. ასე რომ, უკეთესია, მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ.

– ადვილი გზა გაიარეთ დღემდე?

– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ზუსტად იმ გზას გავივლიდი, რაც გამოვიარე. არასდროს მითქვამს, ნეტავ, ეს საერთოდ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. რაც მოხდა, ყველაფერი კანონზომიერი იყო.

– როგორი წარმოგიდგენიათ შემდეგი ათწლეული?

– საინტერესოდ. მინდა, რომ 50 წლამდე ჩემი ცხოვრება იყოს საინტერესო მოვლენებით დახუნძლული. ყოველთვის მინდა, ჩემი ცხოვრების შეფასება ნებისმიერ ეტაპზე იყოს “საინტერესო”.