სოსო აბზიანიძე: ,,ბუბა კიკაბიძეს მოსკოვში არასოდეს ჰქონია ბინა და არც წილი სადმე”

სოსო აბზიანიძე: ,,ბუბა კიკაბიძეს მოსკოვში არასოდეს ჰქონია ბინა და არც წილი სადმე",,სარკე”

19 იანვარს ესტრადისა და კინოს ვარსკვლავი, ვახტანგ კიკაბიძე – ბუბა – დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მას უკანასკნელ გზაზე უამრავი ადამიანის ცრემლი გაჰყვა.

მრავალი წლის განმავლობაში მის გვერდით იდგა უერთგულესი მეგობარი და პროდიუსერი, სოსო აბზიანიძე. რამდენიმე თვის წინ ბატონი სოსო თავის უახლოეს მეგობარზე ,,სარკესთან” საუბრობდა, მათ შორის ვარსკვლავის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, აღარ ემღერა რუსეთში.

ოსო აბზიანიძე: მოსკოვში ბუბას საიუბილეო კონცერტის ჩატარება დიდი ფორმატით იგეგმებოდა და ამ დროს რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო. ამის გამო ბუბამ უარი თქვა იქ კონცერტის გამართვაზე. მას მოსკოვში არასოდეს ჰქონია ბინა და არც წილი სადმე. საქართველოში ცხოვრობდა, ჩადიოდა, ატარებდა კონცერტებს და ჩამოდიოდა.

საიუბილეო კონცერტისთვის ბევრ რამეს შეჰპირდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა. ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაშინდელმა პრეზიდენტმა, მედვედევმა მეგობრობის ორდენითაც დააჯილდოვა. ომი რომ დაიწყო, ბუბამ შეუთვალა, არ გამომიგზავნოთ ეს ჯილდო, არ მინდაო. ფულზე არ გაიყიდა, თორემ მე ვარ მოწმე, რამხელა თანხებსაც სთავაზობდნენ. მისი არა მხოლოდ პროდიუსერი ვარ, მეგობრები და ახლობლები ვართ. თვალებით ვლაპარაკობთ, თუ საჭიროა და ასე თვალებით ვუგებთ ერთმანეთს.

– როგორია ურთიერთობაში თქვენი ვარსკვლავი მეგობარი და, თქვენი აზრით, რა განაპირობებს ხანგრძლივ მეგობრობას?

– მოლდავეთში გვქონდა კონცერტი. ბუბამ სცენის მუშებთან სუფრა გამაშლევინა. უბედნიერესები იყვნენ და ამბობდნენ, ასეთი რამ არ ხდება, აქ ჩამოდიან ვარსკვლავები, რომლებსაც 7 მცველი დაჰყვება თან, ახლოს არ მიგიკარებენ, ისე იქცევიანო. ბუბა კი მათთან ერთად დაჯდა, დალოცა, მადლობა გადაუხადა. ერთ-ერთმა მუშამ უთხრა, მამა მყავს ავად და მან მითხრა, რა ბედნიერი ხარ, ბუბასთვის რომ მუშაობო. ბუბამ უთხრა, აკრიფე მამაშენის ნომერი და დაველაპარაკებიო. ასეთი კაცია ბუბა.

ბუბა კაცობის, სიმართლის აკადემიაა. ეს ის პიროვნებაა, როგორც ამბობენ, შავთანაც რომ მეგობრობს და წითელთანაც. ორივე მხარეს უყვარს. მე კი ჩავეხუტე და არსად გავუშვი. ბუბას ბენდიც გვაქვს…

არ არსებობს, ბუბა კონცერტზე გამოვიდეს და მთელი დარბაზი ფეხზე არ დაუდგე! კონცერტი რომ მთავრდება, მსმენელები მოდიან, ფოტოებს იღებენ, კოცნიან და ეფერებიან, არადა დაღლილია ხოლმე.

არ არსებობს ქვეყნის პრეზიდენტი თუ ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნებს ფინანსურად განაგებენ, რომ მათთან არ ვყოფილიყავი შეხვედრაზე ბუბასთან ერთად. მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი არასოდეს იხდიდა დაბადების დღეს, ბუბა თუ არ იქნებოდა. ასე ერთად მოვდივართ მე და ბუბა უკვე 22 წელია.

84 წელი შეუსრულდა ბუბას და 85 წლის იუბილესთვის გრანდიოზულ კონცერტს ვგეგმავ მისთვის, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოვლენ. 75 წლის რომ გახდა, რეჟისრომა დავით დოიაშვილმა დაგვიდგა კონცერტი და ახლაც მინდა, ისევ მას ვთხოვო, ჩვენი რეჟისორი იყოს და მგონია, რომ საკმაოდ კარგად გავაკეთებთ.

– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს ბატონ ბუბას. ეს ხელს არ უშლის, აქტიური იყოს სცენაზე?

– დღეგამოშვებით იკეთებს ბუბა დიალიზს. ჯანმრთელობის ასეთი პრობლემის მქონეთ ისეთი ჩაკეტილი ცხოვრება აქვთ, თითქოს არაფერი აინტერესებთ. ექიმები ლექციებს კითხულობენ ბუბაზე, შეხედეთ, დიალიზზეა, მაგრამ კონცერტებს ატარებსო. რომელ ქვეყანაშიც უნდა შეხვიდე, არაფერი გჭირდება, თუ ბუბასთან ერთად ხარ, ფაქტობრივად პასპორტია.