,,პირად ცხოვრებაში არის სიახლეები და სიძველეებიც” – სად დაიკარგა გიორგი კელაპტრიშვილი

,,პირად ცხოვრებაში არის სიახლეები და სიძველეებიც" - სად დაიკარგა გიორგი კელაპტრიშვილი,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულ გიორგი კელაპტრიშვილის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დადგა. მან ბენდი ჩამოაყალიბა და, როგორც ,,სარკესთან” ამბობს, გეგმავს, ძალიან გემოვნებიანი რეპერტუარით საქართველოს ყველა კუთხე მოიაროს, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტებს ესტუმროს. ამით მათ ვალს დაუბრუნებს იმ გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის, რასაც კონკურსის განმავლობაში მის მიმართ იჩენდნენ.

– გიორგი, პირველ რიგში, როგორ ხართ? დიდი ხანია, ჩვენი ჟურნალის რესპონდენტი არ ყოფილხართ.

– კარგად, მადლობა. ჰო, რატომღაც ასე დაემთხვა, რომ ვერ ვიყავი თქვენი რესპონდენტი ბოლო პერიოდში… ძალიან საინტერესო მუსიკოსებით დავაკომპლექტე ბენდი, რომელიც თვითონ შევქმენი. ეს ჩემი მეორე ბენდია. პირველი როცა შევქმენი, მისი დაშლის მიზეზი პანდემია იყო, რადგან ყველაფერი გაჩერდა. შემდეგ მომიწია შესვენება, მერე კი ახალი ბენდი შეიქმნა.

– მეჩვენება, თუ ოდნავ დაცემულია მოტივაციის მუხტი, რომელიც “მხოლოდ ქართულში” მონაწილეობისას გქონდათ?

– პროექტის პერიოდში სულ სხვა მოტივაცია არსებობს, რადგან უამრავი ადამიანი მუშაობს შენთან ერთად, ძალიან ბევრი ზრუნავს შენზე. მუსიკალურ წარმატებას რომ თავი დავანებოთ, რეიტინგზე ზრუნავენ პროექტის შემქნელები. აქედან გამომდინარე, ყველას უნდა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს და შენთან ერთად მუშაობენ, ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ.

შემდეგ არის მეორე ამბავი: როცა პროექტი მთავრდება, რჩები შენს თავთან მარტო და მხოლოდ შენ გიწევს ყველაფერის გაკეთება. ამ პერიოდში დამჭირდა შესვენება, ყველაფერი რომ გადამეხარშა, მობილიზება მომეხდინა ძალების. ამის შემდეგ შევუდექი საქმეს, თავიდან დავიწყე ყველაფერი.

ერთია მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა და მეორეა გამარჯვება. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა საკუთარ თავთან და მათთან, ვინც მე მგულშემატკივრობდნენ. უამრავი რეპეტიცია მაქვს, ძალიან ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ის ხარისხი დავდო, რაც მე მინდა.

– მუსიკალური პროექტები კარგი ტრამპლინია დამწყები მომღერლებისთვის. შეთავაზების შემთხვევაში რომელიმე შოუში მონაწილეობას ისევ მიიღებდით?

– ყველა პროექტში – არა, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ჩემთვის მისაღებ შოუებში. რაღაც შემოთავაზებები მქონია და უარიც მითქვამს. ჩემთვის თუ საინტერესო იქნება, რაც მე შემეფერება, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ.

– პირადზეც გკითხავთ, ამ მხრივ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში.

– სიმართლე გითხრათ, ზოგადად არ ვსაუბრობ ხოლმე პირადზე. შეიძლება მკითხველისთვის ეს პასუხი საინტერესო არ იყოს, მაგრამ… გამომდინარე იქიდან, რომ პირადი უნდა იყოს პირადი, არ მიყვარს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ გახსნილი ადამიანი ვარ და ყველაფერზე ღიად ვლაპარაკობ, ყველაფერზე შემიძლია პასუხი გავცე. პირადს ყოველთვის პირადად ვიტოვებ, თუმცა, რა თქმა უნდა, არის სიახლეები, სიძველეებიც და ამ ყველაფერს ვიტოვებ ჩემთვის. უკაცრავად, რომ ამაზე პასუხი არ მაქვს.

– აქტიური გოგონები არ მომწონსო, წინა ინტერვიუში მეუბნებოდით. ხომ არ შეიცვალეთ აზრი, იქნებ სწორედაც აქტიურმა უნდა სცადოს თქვენი გულის მოგება?

– ადამიანებს კრიტერიუმებით არ ვაფასებ. მარტივად და ბანალურად რომ ვთქვა, გულს ვერ ვუბრძანებ. რაღაც მომენტში შეიძლება მომეწონოს აქტიური გოგონებიც, რაღაც მომენტში – არააქტიურებიც.

– ოჯახი არ გეუბნებათ, მოიყვანე ცოლიო?

– სახლში არ მისვამენ კითხვას: ,,ცოლი როდის მოგყავს?”. არც იმას მეუბნებიან, ცოლი მოიყვანეო. მეგობრები კი მეკითხებიან ხოლმე: ,,ცოლი არ მოგყავს?” და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე შეიძლება მეც ვკითხო მეგობარს.