,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა ახალი წლის შემობრძანებას ზეიმობდა, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ცეცხლი გაჩნდა და მთლიანად დაიწვა, მეზობლად მდებარე ბინები კი ცეცხლს ძლივს გადაურჩა. ხანძრის მიზეზი საახალწლო პიროტექნიკა გახლდათ. ბინა ეზოთერიკოს მაია ყუფარაძეს ეკუთვნის. ახალი წლის ღამეს სახლში ძაღლებთან და ჩიტებთან ერთად იყო. ის-ის იყო, სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ აივანზე ცეცხლი აგიზგიზრდა და ოთახში ელვის სისწრაფით შეაღწია.
„სარკეს“ მაია ყუფარაძემ უამბო:
-გამოძიება მიდის და რომც ნახონ, ვინ შემოაგდო ჩემს აივანზე ეს ასაფეთქებელი, იმ ადამიანებს არ დავაჭერინებ. სამი ბიჭი იყო და თამაშობდნენ, გასართობი ეგონათ. სინამდვილეში კი გასართობი არ არის _ ზოგს სახლი დაუწვა, ზოგს თვალი გამოსთხარა, ზოგს თითები წააცალა… გამოსავალი ის არის, რომ ამ პიროტექნიკის საშუალება აკრძალოს მთავრობამ.
რაღაც მბრუნავი რომაა, ის შემოვარდა. ვაქრობდი, მაგრამ ვერ დავეწიე, ისე ტრიალებდა. ძაღლები მყავს და ძალიან შეშინდნენ და მათ დაწყნარებას ვუნდებოდი. ყურებზე ვაფარებდი ხელს, რომ არ შეშინებოდათ. მთელი მუხიანი ძაღლების და კატების მამიდად მიცნობს. ერთმა-ორმა მეზობელმა ცილი დამწამა, თვითონ გაისროლაო.
ღამის პირველის 5 წუთი იყო, აივანი რომ აგიზგიზდა. დრო ზუსტად მახსოვს, რადგან ტაქსის ვიძახებდი და დაქალთან უნდა წავსულიყავი.
_ აივნის კარი გქონდათ ღია თუ როგორ შემოაღწია ცეცხლმა სახლში?
_ აივანზე ბევრი რამ მქონდა _ გასაშლელი საწოლი, სამეული, კარადები… ყველაფერი დაიწვა. აჰყვა კარს და შემოვარდა ცეცხლი სახლში. ეს რა ყოფილა! ფილმებში რომ ვუყურებდი, გაზვიადებული მეგონა. წამებში აგიზგიზდა ცეცხლი, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. ქურთუკის გარეშე გამოვვარდი გარეთ და მეზობლებმა ჩამაცვეს. მერე კი მაღაზია „დეკოლტემ“ მაჩუქა ბევრი ჩასაცმელი.
მეტალოპლასტიკატს თურმე ადვილად ეკიდება ცეცხლი. ეს არც კი ვიცოდი. ფანჯრები დაიმსხვრა და გარდერობს მოედო. თან, გიბსოკარდონებია ამ ახალ ბინებში და იმას უცებ ეკიდება. ბეტონი და აგური არ არის და ბურბურებს უცებ. მთელი ჩემი ცხოვრება ჩაიფერფლა… უკვე რომ ვიგუდებოდი ჩემი ძაღლებიანად, მეზობელმა გამათრია. უკვე ბევრი კვამლი მქონდა ნაყლაპი. ჩიტები დამეღუპნენ, ამადინები მყავდა ქეთო და კოტე. ძაღლები ისეთ შოკში იყვნენ…
_ რამხელა ბინა გაქვთ?
_ სამოთახიანი. 63 კვადრატული მეტრის ფართია სულ და ყველაფრით სავსე. პირველ რიგში, დამენანა ხელთუქმნელი ხატები. რომ მახსენდება, როგორ იწვოდა, ახლაც მეტირება. ღვთისმშობლის ხატი დაიწვა… მერე კი ყველაფერი, რაც ჩემი და ჩემი ტყუპისცალი დის შრომით მქონდა შეძენილი. ახლა კი იმაზე მეტირება, ხალხი როგორ მიდგას გვერდით და როგორ მჩუქნიან, რისი საშუალებაც აქვთ.
სამი წელია, რაც ამ ბინაში გადმოვედი. მშენებლობა რომ დაიწყო, ამ სახლში ჩავდე ჩემი ნაშრომით შეგროვილი თანხა, იპოთეკური სესხი მქონდა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც დავხურე და ახლა ასეთი რამ დამემართა.
_ ამბობთ, რომ ასაფეთქებელი სამმა ბიჭმა ისროლა. დაინახეთ?
_ არა, თვითონ დადეს სოციალურ ქსელში ვიდეო. ლაპარაკობენ, ნახეთ, მუხიანში დეიდა გავახარეთ, ფეიერვერკი მოვუწყვეთო. ვიდეო გადაიღეს, რადგან არც ელოდნენ, თუ ასეთი რამის გამოწვევა შეეძლოთ, მართლა ხუმრობდნენ. შემთხვევითობაა ყველაფერი. მუხიანში წლების წინ ასე ხუმრობით ნასროლით ბავშვი მოკლეს ახალი წლის ღამეს. ყველა ამ ამბავს მიყვებოდა ახლა.
ამ ბიჭებმა მე დამიმიზნეს თუ რა იყო, ვერ გავიგე. ზუსტად ვიცი, ჩემი ასე დაზარალება არ უნდოდათ. პატარა, 16-17 წლის იქნებოდნენ. დადიოდნენ და ისროდნენ და ეს ამბავი რომ მოხდა, დაფრთხნენ და ვიდეოც წაშალეს. ღმერთმა მიუტევოს!..
სახლი მეწვოდა და ერთმა მეზობელმა, იცით, რა მითხრა? რატომ არ ჩაძაღლდი შენი ძაღლებიანადო. ისეთი გავარტყი, დაბავზრიალე, პოლიციამ ძლივს დამაკავა, სახლი სულ დამავიწყდა… ვერ მიტანდა მხოლოდ იმიტომ, რომ ძაღლებს ვუვლი უბანში. ასეთი ბოროტი ადამიანები საიდან მოდიან, ვერ ვხვდები. მასაც კი არ ვუსურვებ, რაც გადავიტანე. ისე კი ადამიანების ბოროტება ნაკლებად მიკვირს, სიკეთე მაკვირვებს.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”