მარიამ მამისმედიშვილი: ,,ქმარი რომანტიკული მე გავხადე” – ქართულ შოუბიზნესში ახალი სახე გამოჩნდა

მარიამ მამისმედიშვილი: ,,ქმარი რომანტიკული მე გავხადე" - ქართულ შოუბიზნესში ახალი სახე გამოჩნდა,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ქართულ შოუბიზნესში ახალი სახე გამოჩნდა – მარიამ მამისმედიშვილმა საზოგადოებას თავისი პირველი კლიპი “ოცნება შენზე” წარუდგინა. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად ახალგაზრდა მომღერალია, კლიპზე კი პროფესიონალთა ჯგუფმა იმუშავა და შედეგად ესთეტიკური და მელოდიური ნამუშევარი გამოვიდა.

მომღერალს პირველი ნაბიჯების გადადგმაში პროდიუსერი ქმარი, ბექა ხალათაშვილი, ეხმარება. ბექა შოუბიზნესში დიდი ხანია საქმიანობს, ამიტომ მომღერალ ცოლს ბევრ საჭირო რჩევას და მიმართულებას აძლევს. მარიამთან დაკავშირებით პროდიუსერს ამბიციური გეგმები აქვს – ბევრი ჰიტი და დიდი პოპულარობა. დანარჩენ დეტალებს კი ,,სარკიდან” შეიტყობთ.

– მარიამ, თქვენი პირველი ვიდეოკლიპი ვიხილეთ. რა გზა გამოიარეთ აქამდე?

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სიმღერა. როდესაც 11 წლის ასაკში მუსიკის პედაგოგმა მომისმინა, დედაჩემს გაბრაზებული ტონით უთხრა, რატომ არ დაგყავთ ეს ბავშვი სიმღერაზეო. ამის შემდეგ დავიწყე პედაგოგთან სიარული და აღმოჩნდა, რომ იმაზე კარგად ვმღეროდი, ვიდრე მეგონა. პარალელურად დაიწყო ჩემი საკონკურსო ცხოვრებაც. კონკურსზე გასული ყოველთვის საპრიზო ადგილით ვბრუნდებოდი, მეორე და მესამე ადგილი არასოდეს ამიღია. ყველა მეუბნებოდა, დიდ სცენაზეც მეცადა ძალები.

– რა იყო თქვენთვის შთაგონების წყარო, ვისი გავლენა იგრძნობოდა?

– უფრო მამის, რადგან ის იყო მსახიობი და მომღერალი. უკრავდა თითქმის ყველა საკრავზე, წერდა სიმღერებს. ძალიან ადრეულ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან და საოცრად დამაკლდა. დედაჩემსაც მუსიკალური განათლება აქვს და ამანაც თავისებური როლი ითამაშა. ძალიან ვამაყობ, რომ მამაჩემის გზას ვაგრძელებ. ბებიაც ყველანაირად ხელს მიწყობდა ამ საქმეში.

– ის სიმღერა, რომელზედაც კლიპი გადაიღეთ, თავად დაწერეთ. ხშირად წერთ სიმღერებს?

– კომპოზიტორობაზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ, ლექსებს ვწერ დიდი ხანია. ამ სიმღერის ტექსტიც ჩემი დაწერილია და მუსიკაც თავისით მოვიდა. შემდეგ პროფესიონალებმა დაამუშავეს და მიიღო საბოლოო სახე. ასე გამოვიდა, რომ ეს ჩემი პირველი საავტორო სიმღერაა.

– მოგვიყევით, როგორ შეიქმნა თქვენი კლიპი.

– კლიპი გადაიღო უნიჭიერესმა რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა, ოპერატორი იყო ლევან ლეკიაშვილი, იგივე ბუ. კლიპის გადაღებები ძირითადად მიდიოდა ორ ლოკაციაზე, თელავსა და თიანეთში. სპონსორი იყო ჩვენი მეგობარი ეკა, რომელსაც გამოჩენა არ უყვარს.

კლიპს უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ის არის პორტრეტული და ესთეტიკურად ძალიან ლამაზი. ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა ჩემს პირველ ნამუშევარს მაყურებელი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა.

– შოუბიზნესში დამკვიდრება ადვილი არ არის, ვინ დაგეხმარათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში?

– რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, ბექა ხალათაშვილს. ის, დიდი ხანია, ამ სფეროშია და უამრავი წარმატებული კონცერტი აქვს გაკეთებული. ძალიან ძნელია, ამ სფეროში ერთ დღეში გახდე პოპულარული. დიდი შრომაა საჭირო, რომ მაყურებელმა მიგიღოს. რაც მთავარია, კარგი საფუძველი უნდა ჩაუყარო შენს საქმეს და არ უნდა გაჩერდე. მე ბევრი ეტაპი მაქვს უკვე გავლილი, ვგულისხმობ საკონკურსო ცხოვრებას და ამიტომ გაჩერებას აღარ ვაპირებ.

– რა მიმართულებით ხედავთ საკუთარ თავს შოუბიზნესში?

– ბევრ ჟანრში ვმღერი. ძალიან მიყვარს ბლუზი, კლასიკური მუსიკა, რაშიც უამრავი გრან პრი მაქვს მიღებული, თუმცა პოპსაც ვიმღერებ და სოულსაც. ჩემთვის მრავალფეროვანი რეპერტუარი უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი კონკრეტული ჟანრი.

– რა პლუსი და მინუსი აქვს იმ ფაქტს, რომ მეუღლე თქვენივე პროდიუსერია?

– ჩვენს ქვეყანაში ძალიან იშვიათი ფუფუნებაა, მომღერალს ჰყავდეს პროდიუსერი. ან უნდა იყო ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი მომღერალი, რომ შენს საქმეებს პროდიუსერი აგვარებდეს. ჩემთვის, როგორც დამწყები მომღერლისთვის, პროდიუსერი გვერდით ასმაგად დიდი სტიმულია. თანაც, როდესაც პროდიუსერი შენი მეუღლეა და ზუსტად იცის შენი შესაძლებლობები და ის, თუ რა უნდა მიაწოდო მსმენელს.

ქმარი რომ ჩემი პროდიუსერია, ეს მხოლოდ დადებითი კუთხით შეიძლება განიხილო, არავითარი მინუსი ამ ფაქტს არ აქვს. ოჯახის წევრთან მუშაობა გაცილებით კომფორტულია. ბექამ კარგად იცის ჩემი ხასიათი, რაც მუშაობაში უფრო მეტად გვეხმარება. რა თქმა უნდა, კონფლიქტებიც გვაქვს, ბევრ რამეს ვპატიობთ ერთმანეთს, მაგრამ კონსესუსამდე აუცილებლად მივდივართ, ამიტომ ქმართან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია.

– როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

– ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე ვიყავი მიწვეული, სადაც ბექაც იყო. მოეწონა ჩემი ნამღერი, გამეცნო, შემომთავაზა კონცერტებში ჩართულობა და ასე მოვხვდი საქართველოს მასშტაბით საკონცერტო ტურნეში. თავიდან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი მოულოდნელად სიყვარულში გამომიტყდა. ყველაფერი ძალიან ლამაზად განვითარდა, შევქმენით ოჯახი და გვყავს 4 წლის ლუკა.

– მომღერალზე შეყვარებული პროდიუსერი როგორი მეუღლე აღმოჩნდა?

– საოცრად ერთგული ადამიანია. როგორც საქმეში, ასევე ოჯახურ ცხოვრებაში სწორი ხედვა აქვს. შენიშვნასაც ისე მოგცემს, შენ თვითონაც მიხვდები, რომ ასე უნდა იყოს. ძალიან კარგი მამაა. დაბადების პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული ლუკას აღზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია და ხშირად უწევს საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა, შვილისთვის დროს მაინც გამონახავს ხოლმე. ბედნიერი ვარ, რომ ასე კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

– რით გაოცებთ, უყვარს სიურპრიზების გაკეთება?

– უნდა ვაღიარო, რომ სიურპრიზები თავიდან არ უყვარდა. პირველი ორი წლის განმავლობაში სულ ვეწუწუნებოდი, ხომ შეიძლება, ერთი ვარდი მაინც მაჩუქო-მეთქი. როგორც ჩანს, ამან გაჭრა და ნელ-ნელა რომანტიკული გახდა. როდესაც პირველად ყვავილები მომართვა და ნახა, როგორ გამიხარდა, ამის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში რომანტიკის ხანა დაიწყო. გამოვიდა, რომ რომანტიკული მე გავხადე. ახლა საჩუქრებით ხშირად მანებივრებს.

– პროდიუსერი ქმარიც ხომ არ აამღერეთ, დუეტს ხომ არ უნდა ველოდოთ?

– არა. ძალიან კარგი სმენა აქვს, კარგი გემოვნება, მაგრამ ხმა არ უწყობს ხელს. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როდესაც ბექას და ვერიკო ტურაშვილის სამოყვარულო დუეტი მოვისმინე. იმდენად კარგად ერკვევა მუსიკაში, რომ მიკვირს კიდეც, როგორ შეიძლება არ მღეროდეს.

– როგორ გეგმავთ მომღერალი და პროდიუსერი მომავალს?

– მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერა სიმღერა, რომლის არანჟირებას აკეთებს ბორიკო შხიანი, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძესა და სიმღერა ჩაიწერება “ბრავო რეკორდსში”. კლიპის გადაღებას დავიწყებთ დაახლოებით ერთ თვეში და მსმენელი მიიღებს ძალიან გემოვნებიან, რიტმიან სიმღერას. ყველანაირი წინაპირობა აქვს ამ სიმღერას, რომ ჰიტი გახდეს.

– პოპულარობას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. მზად ხართ ამ ყველაფრისათვის?

– 100 პროცენტით მზად ვარ და გათავისებული მაქვს პოპულარობის კარგი თუ ცუდი ეფექტები. როცა სცენაზე დგახარ, მზად უნდა იყო, რომ ვიღაცას მოეწონები და ვიღაცას – არა. მთავარია, ისე იცხოვრო, არ მისცე სათქმელი ხალხს, სხვა შემთხვევაში ჭორები ჭორებად დარჩება. ჩემი დევიზია, გიყვარდეს შენი მსმენელი და აფასებდე იმ ადამიანებს, ვინც პოპულარული გაგხადეს.

– სცენაზე დგომისას ყოველგვარი შიში და ნერვიულობა უკვე დაძლეული გაქვთ თუ ამაზეც მუშაობთ?

– ნერვიულობა და მღელვარება კონკურსების პერიოდში უფრო მქონდა. კონკურსგარეშე კონცერტისას საერთოდ სხვა ადამიანი ვხდები. მსმენელს რომ ვუყურებ და სცენაზე ვდგავარ, უდიდესი რელაქსაციაა ჩემთვის.