ლოლა წერეთელი: ,,აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ!”

ლოლა წერეთელი: ,,აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ!",,სარკე”, ია ქუთათელაძე

პოპულარული სარესტორნო მომღერალი, ლოლა წერეთელი, პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების და კოვიდპანდემიის დროს, მძიმე მატერიალური ვითარების გამო, მოსკოვში გადავიდა და იქ რამდენიმე ქართულ რესტორანში წარმატებით გამოდიოდა. პარალელურად უცხოეთში დადიოდა მიწვევებით კორპორატიულ დღესასწაულებზე. გასულ ზაფხულს ლოლა საქართველოში დაბრუნდა, დროის უმეტესი ნაწილი ქობულეთში გაატარა, სადაც მონატრებული მსმენელისთვის რესტორანში მღეროდა.

განვლილ ზაფხულზე, საქართველოში გატარებულ ბედნიერ დღეებსა და სამომავლო ჩანაფიქრებზე ლოლა წერეთელი ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრა:

-სადაც უნდა წავიდე, გულით, სულით, ფიქრებით სულ ჩემს ქვეყანაში ვარ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ გამიცნო და შემიყვარა მაყურებელმა. აქ მყავს მეგობრები, ბევრი – არა, ხელის თითები მეყოფა დასათვლელად, მაგრამ ძალიან ერთგული და ძვირფასი.

რა უნდა იყოს ადამიანისთვის იმაზე დიდი სიყვარული, როცა იცი, რომ შენს სახლში ბრუნდები, სადაც თითოეული ნივთი შენი ამორჩეულია, შენი შეძენილი, სადაც შენი თბილი ბუდე გელოდება. რომ არა პანდემია, ერთი წუთითაც არ ვიფიქრებდი წასვლას, მაგრამ რა მექნა? სხვა გამოსავალი არ დამრჩა. საბანკო კრედიტი გადასახდელი მქონდა, ყოველდღიური ფული მჭირდებოდა, აქ კი ყველაფერი დაიკეტა.

ჩემი სიმღერით მაქვს შემოსავალი. როცა რესტორნები არ მუშაობდა, ვერაფერს ვაკეთებდი. გამიჭირდა, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება და დიდი ხნის შემოთავაზებას დავთანხმდი. მე იქაც მიცნობენ, იქაც მყავს ჩემი მსმენელი, ქართველებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. წავედი და არ ვნანობ, რადგან მართლა დიდ პატივს მცემენ, უყვართ ჩემი სიმღერა, ყოველთვის სავსეა დარბაზი ჩემი გამოსვლის დროს.

– თქვენს პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის? როგორც ვიცი, ფრანგი თაყვანისმცემელი გყავდათ.

– არა, ყველაფერი ისევ ისეა, ძველებურად, ის საფრანგეთშია. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა სიყვარული, რომელიც მუდმივად გაფორიაქებს და ტკივილსაც გაყენებს. თავისუფლად, მარტო ცხოვრება ჯობია. თავს ლაღად ვგრძნობ, ტვირთი მომეხსნა. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება, წყნარად ვცხოვრობ, უფრო კარგად ვმღერი, უდარდელად. ასეთი დაწყნარებული, ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ჩემი თავის პატრონი ვარ, უფროსი არავინ მყავს.

– წონა გაქვთ დაკლებული. დიეტა დაიცავით?

– ცოტა დიეტა, უფრო მეტი ვარჯიში. მოსკოვში სულ ფეხით დავდივარ. ზაფხულში ყოველდღე ვცურავდი და ეს კარგად აისახა ჩემს წონაზე.

– მოსკოვში ქართულად რამდენად ხშირად მღერით?

– ძირითადად სულ ქართულ სიმღერებს ვასრულებ.

– რუსი სტუმრები ხომ არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას?

– რას ამბობთ! ისინიც ჩემთან ერთად მღერიან ქართულად. მე, ჩემო კარგო, არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ არ ვერევი რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში. მიყვარს რუსი ხალხი, ვისაც უყვარს ჩემი სიმღერა და, საერთოდ, რა ენაზეც უნდა ვიმღერო, ყოველთვის ვრჩები ქართველად.

ლამის დაბადებიდან ვმღერი ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ბერძნულად, ესპანურად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ივრითულად, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ქართული სიმღერით ვამაყობ. საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მე რუსეთში ისევ ჩემს ქვეყანას ვემსახურები ჩემი სიმღერით.

ლოლა წერეთელი არის არა მარტო სიმღერის კარგი შემსრულებელი, არამედ თავისი სამშობლოს მოყვარული მუსიკოსი და შვიდი ნოტით ყველას ვეუბნები, რომ საქართველო ლამაზი, მშვენიერი ქვეყანაა და აუცილებლად იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს!