ჯენი კვანტალიანი: ,,ზელენსკისთან მესამე სელფიც მინდა ომში გამარჯვების აღსანიშნავად!”

ჯენი კვანტალიანი: ,,ზელენსკისთან მესამე სელფიც მინდა ომში გამარჯვების აღსანიშნავად!",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი კარგად იცნობს ქუთაისელ ჟურნალისტს უცხო სახელით – ჯენი კვანტალიანს, რომელიც ბათუმში თავგადასავლებს აგროვებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ზღვისპირა ქალაქის დღეებთანაა გადაჯაჭვული, ამიტომ ყველგან შეამჩნევთ, სადაც რაიმე საინტერესო ხდება.

ჯენი ერთი შვილის მარტოხელა დედაა. გვიამბობს, რომ ურთულესი პერიოდი გაიარეს ერთმანეთის გადასარჩენად და ახლა თავს კარგად გრძნობენ. დანარჩენს ჟურნალისტი თავისი საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ ,,სარკის” მკითხველს თავად გვიამბობს.

– ჯენი, როგორც ვიცი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად იცნობთ. მოგვიყევით, როდის და როგორ გაიცანით.

– ჩვენი პირველი შეხვედრა 2019 წელს უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას შედგა. ის კანდიდატი და ჯერ კიდევ პოპულარული იუმორისტი იყო. საარჩევნო უბანზე შევხვდით, ვუთხარი, რომ საქართველოშიც ძალიან პოპულარულია მხიარულთა და საზრიანთა კლუბები, რომ წლები მეც სხვადასხვა გუნდში ვთამაშობდი. გაიღიმა და თქვა, სასიხარულოა, რომ საქართველოდან ჩამოხვედიო. მითხრა, რომ ჰყავს საქართველოში მეგობრები და აუცილებლად ჩამოვიდოდა. ბოლოს სამახსოვრო სელფიც გადავიღეთ.

3 წლის შემდეგ მეორედ შევხვდით ერთმანეთს ბათუმში. ის უკვე პრეზიდენტი იყო. ჟურნალისტებს ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ გვქონდა, მოშორებით ვიდექი და მივესალმე. არ ვიცი, იმ მომენტში ლოგო შეამჩნია არხის თუ მე მიცნო, მაგრამ ღიმილით მომესალმა, ახლოს მოვიდა და ასე გადავიღეთ კიდევ ერთი სელფი. უნდა გასამდეს აუცილებლად! უკრაინის მიერ მოგებული ომის შემდეგაც მინდა მასთან ფოტო – გამარჯვების ამსახველი ღიმილიანი სელფი.

– ცოტა მსუბუქ თემებზე გადავიდეთ. არაქართული სახელი გქვიათ. ვინ დაგარქვათ ჯენი?

– ბავშვობიდან ძალიან მომწონს ჩემი სახელი, რომელიც დედამ დამარქვა. არ არის ხშირი ჩემს თაობაში და ამით სულ გამორჩეულად ვგრძნობდი თავს. არ მაღიზიანებს ჩემი სახელის ინტერპრეტაციები, მიყვარს, როდესაც კნინობითად გადააკეთებენ და ცალკეული ადამიანები გამორჩეულად მეძახიან.

– შვილზე გვიამბეთ, როგორი ხასიათისაა.

– კესანე შვილზე მეტია ჩემს ცხოვრებაში. ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ ერთად და ერთმანეთის გადასარჩენად. მადლიერი ვარ, რომ ასეთია და მილამაზებს არსებობას თავისი წარჩინებითა და ყოველდღიური სიკეთეებით. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, მჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს და იქნება წიგნიერი და ღვთისნიერი.

– საქმეში აქტიური და რეალიზებული ქალი ხართ. რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ეს პირადია და აქ არ ვისაუბრებ. საქმეში რეალიზება, არ ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობაშიც არ იყო ასეთივე.

– სრულყოფილი ბედნიერებისთვის საჭიროა თუ არა თქვენ გვერდით მამაკაცი?

– ბედნიერება პატარ-პატარა დეტალებისგან იკინძება. ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი ვარ და ალბათ ეს ჩემს თვალებსა და ღიმილზეც აისახება. შემდგარი, ღირსეული და მზრუნველი მამაკაცი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქალის ყოველდღიურობას.