ექთანი სააკაშვილს მსახიობს უწოდებს – ,,არ გვემორჩილება”

ექთანი სააკაშვილს მსახიობს უწოდებს - ,,არ გვემორჩილება"მიხეილ სააკაშვილის ექთანი ,,იმედის კვირასთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტს მსახიობს უწოდებს და ამბობს, რომ საწოლიდან გადავარდნის სცენა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დადგმული იყო.

„ყველა არხი ატრიალებს ერთი და იმავეს, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ, შევლენ მაგნიტსკის სიაში, დასაჭერ სიაში და ასე შემდეგ. პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“. ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც: „რატომ?“. ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს“, – განაცხადა მედდამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევამდე ასევე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მედდა აცხადებს, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც იგი სააკაშვილმა თავისთან პალატაში იხმო. პალატაში მყოფმა ხაჭაპურიძემ მას კითხვები დაუსვა და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ადვოკატმა განუცხადა, რომ იგი შეყვანილია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში.

„ექთანს ევალება დანიშნულების შესრულება და ამიტომ ჩემთვის იყო ცოტა გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად“, – განაცხადა მედდამ ,,იმედდთან”.

,,მე არ მინდოდა ამ პაციენტთან მუშაობა. ჩემთვის ძნელია, როცა პაციენტი არ მოგყვება, არ გვემორჩილება. ძირითადად პაციენტისგან ვიღებდით ინფორმაციას, რომ მე გული შემიწუხდა. წნევა, პულსი, სატურაცია იყო ნორმაში”, – ამბობს მედდა.