ელენე ფოჩხუა: ,,აქამდე რომ დამთავრებულიყო ჩვენი ქორწინება, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი” – როგორ გაუმკლავდა ელენე ფოჩხუა ოჯახის დანგრევის სტრესს

ელენე ფოჩხუა: ,,აქამდე რომ დამთავრებულიყო ჩვენი ქორწინება, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი" - როგორ გაუმკლავდა ელენე ფოჩხუა ოჯახის დანგრევის სტრესს,,სარკე”, ია ქუთათელაძე

ბავშვობიდან მოუსვენარი იყო, სიმღერა უყვარდა. ოჯახის წევრები იმედოვნებდნენ, რომ გატაცება გაივლიდა და მშობლების ნანატრ პროფესიას, ექიმობას აირჩევდა. გატაცებამ არ გაუარა და ბოლოს ყველა მიხვდა, რომ ელენე ფოჩხუა სცენისთვის იყო დაბადებული.

მუსიკალურ პროექტ ,,ჯეოსტარში” გამოჩენიდან და პირველი სერიოზული წარმატებიდან ბევრი წელი გავიდა. ელენე მსმენელისთვის საყვარელი მომღერალი გახდა, გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა. ცხოვრებამ სიხარულთან ერთად უდიდესი ტკივილიც განაცდევინა – ათი წლის წინ მისი უსაყვარლესი ძმა, მსახიობი გიორგი ფოჩხუა არამზადებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. არადა ტყუპებივით იყვნენ, ერთმანეთს გულისნადებს უზიარებდნენ, ერთმანეთის იმედი ჰქონდათ. თითქოს საყრდენი გამოეცალა და სიცოცხლის აზრი დაკარგა. მაინც შეძლო, შვილებს, ოჯახს სჭირდებოდა, გამაგრდა და ფეხზე დადგა.

ელენეს ცხოვრებაში სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაენგრა. ამ დარტყმასაც გაუძლო, საკუთარი თავი ახლიდან იპოვა, შვილებთან, მეგობრებთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო – მშვიდი, გაწონასწორებული, შემოქმედებითად სავსე და საინტერესო.

როგორ მიიხურა 18-წლიანი ოჯახური ცხოვრების კარი, რა კათარზისი გაიარა და რა გეგმები აქვს ახალი ცხოვრების ზღურბლთან მდგარ ელენე ფოჩხუას, ამას ჟურნალ “სარკის” ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ელენე, თქვენს ცხოვრებაში მომხდარი დრამატული მოვლენებიდან უკვე გავიდა გარკვეული დრო. მართალია, ეს დრო ჭრილობის მთლიანად მოსაშუშებლად საკმარისი არ არის, მაგრამ დამშვიდებისთვის და მოვლენების ცივი გონების გასააანალიზებლად სამყოფია. 

– დრო ნამდვილად მკურნალია. ახლა რომ მახსენდება, როგორი სასოწარკვეთილი ვიყავი, როგორ მიჭირდა და გამოსავალი არ მეგულებოდა, ცოტა არ იყოს, ჩემს თავზე ვბრაზდები. რატომ ვინერვიულე ასე უკიდურესად, როგორ არ დავზოგე საკუთარი თავი. მეცინება კიდეც, რადგან მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება, ყველაფერი თავისი გზით მიდის და რაც ხდება, შეიძლება უკეთესიც იყოს.

ყველაფერი დალაგდა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, თითქოს გავთავისუფლდი საშინელი ტვირთისგან. იმისთვის, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო, შვილებისთვის მამა შემენარჩუნებინა, ჩემს ყოფილ მეუღლეს ბევრჯერ მივეცი შანსი, ერთობლივი ცხოვრება გაგვეგრძელებინა ურთიერთპატივისცემით. მან ეს არ დააფასა, არ მოინდომა, სხვასთან წასვლა ამჯობინა.

ამ ამბების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი თავის პატრონი თავად ვარ, მყავს შვილები, მეგობრები, კოლეგები, შემიძლია ჩემი საქმე ვაკეთო უფრო უკეთ, ვიდრე მაშინ, როცა ერთად ვიყავით, რადგან იმ დროს მუდმივად ვნერვიულობდი და ენერგია არ მყოფნიდა. საერთოდაც მივხვდი, რომ ამინდს მე ვქმნიდი ოჯახში, სულ ვშრომობდი, გამწევი ძალა ვიყავი, ამიტომ მის გარეშე დარჩენა მხოლოდ პირველ ეტაპზე იყო ფსიქოლოგიურად მძიმე გადასატანი.

– მამის წასვლა ბავშვებმა როგორ მიიღეს?

– თავდაპირველად მათაც გაუჭირდათ, განსაკუთრებით პატარას. ის 5 წლის არის და ძალიან უყვარს მამა. ახლა ბავშვებიც დამშვიდდნენ, უფროსი ქალიშვილი ტელეფონით ეკონტაქტება, ბიჭი კი თავის პროტესტს იმით გამოხატავს, რომ არც ელაპარაკება და არც ახსენებს. ბავშვებიც შეიცვალნენ. სულ დაძაბულები იყვნენ, ახლა კი თვალები უბრწყინავთ, მეფერებიან, იცინიან. მხიარულებამ დაისადგურა ჩვენს ოჯახში. დამთავრდა ჯოჯოხეთური ეტაპი. როცა გაიზრდებიან, უფრო კარგად გაიგებენ, რაც მოხდა.

კარგა ხანს გრძელდებოდა გაუგებრობა მისი მხრიდან. მიდიოდა ოჯახიდან, ისევ ბრუნდებოდა, ისევ მიდიოდა. საერთოდ, მიმტევებელი ადამიანი ვარ და დიდხანს ვითმინე. ვცდილობდი, ჩხუბი და აყალმაყალი არ ყოფილიყო, მაგრამ სიტუაცია ვერ გამოსწორდა და საბოლოოდ სხვა ქალთან ამჯობინა ცხოვრება, ამიტომ რაც მოხდა, მოხდა და მადლობა ღმერთს. ნეტავ, აქამდე დამთავრებულიყო, მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

– თუ ნახულობს შვილებს ან ფინანსურად თუ გეხმარებათ მათ აღზრდაში?

– ის საქართველოში აღარ არის და ამდენად ვერც ნახულობს. როგორც გითხარით, მხოლოდ სატელეფონო კავშირი აქვთ. ფულს გვიგზავნის, მისგან ამასაც არ ველოდებოდი. შეძლებისდაგვარად შვილებს ეხმარება.

ჩვენ გვერდით როცა იყო, მე ყოველთვის ვმუშაობდი და ძირითადი შემომტანიც მე ვიყავი. ასე რომ, მისი წასვლით ამ მხრივ არ შემშინებია, რომ, ვაი, რა მეშველება, მშივრები დავრჩებით, ვინ დაგვეხმარება-მეთქი. უფრო მეტსაც ვმუშაობ და უკეთესადაც ვანაწილებ ჩემს ფინანსებს. რაც მთავარია, ჩემი თავის დაფასება ვისწავლე, შევიყვარე საკუთარი თავი, ამან კი მომცა ახალი ენერგია, შემართება. ვიცი, ბევრ კარგ რამეს გავაკეთებ და ჩემს შვილებს ღირსეულ ადამიანებად გავზრდი.

– ვიცი, ყოველთვის მტკივნეულია თქვენი ძმის გახსენება, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით. წერდით, რომ ყველა დამნაშავე არ დაისაჯა და ბოლომდე გამოუძიებელია საქმე. რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– გიორგი ჩემთვის მოუშუშებელი ტკივილია. როცა ეს ტრაგედია დატრიალდა, მეგონა, ცხოვრება ჩემთვისაც დამთავრდა. ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნად ვინმე, ვისაც ხელის აღმართვა შეეძლო მასზე, რადგან გიორგი იყო ყველაზე უბოროტო, უკონფლიქტო ადამიანი. უყვარდა ყველა და ყველაფერი. ცხოვრობდა სიკეთით სავსე, სუნთქავდა ხელოვნებით. რომ დასცლოდა, აუცილებლად დიდი მომავალი ექნებოდა.

ზუგდიდის თეატრის მსახიობი იყო და რეჟისორობაზე ფიქრობდა. უკრაინაში წასვლას აპირებდა, სწავლა უნდოდა და უცებ ჩამოგვენგრა თავზე ყველაფერი, არამზადებმა შეიწირეს რაღაც უაზრო მიზეზით. გაიყვანეს სახლიდან, შეიძლება არც ფიქრობდნენ, რომ ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ სცემეს უმოწყალოდ და შემოაკვდათ. შემდეგ დადგეს უნიჭო სპექტაკლი, ისეთი, პატარა ბავშვიც რომ არ დაიჯერებს, ვითომ თავად შევიდა წყალში და დაიხრჩო.

არასოდეს არავისთვის მისურვებია ცუდი, ვერანაირი სასჯელი ჩემს ძმას ვერ გააცოცხლებს, მაგრამ არ შეიძლება, დამნაშავეებმა დაუსჯელად იარონ. მჯერა, ღმერთი აუცილებლად მიაგებს მათ, რაც ეკუთვნით. რაც გვიან, მით უფრო მეტად დაისჯებიან უფლისგან.

– ყველა განვლილი განსაცდელი, როგორც გაკვეთილი, აუცილებლად რაღაცას გვასწავლის, თქვენ რა გასწავლათ?

– ის, რომ აუცილებელია, გიყვარდეს საკუთარი თავი, არ მიიტანო შენი თავი არავისთვის მსხვერპლად. როცა შენ შეიყვარებ თავს, დააფასებ საკუთარ პერსონას, სხვებსაც გაუჩნდებათ პატივისცემა შენ მიმართ და მოგექცევიან ისე, როგორც იმსახურებ და არა ისე, როგორც მათ უნდათ.