ბუბა კიკაბიძე: ,,მე არ მინდა, პანთეონში დამკრძალონ, მე მაქვს ჩემი ადგილი”

ბუბა კიკაბიძე: ,,მე არ მინდა, პანთეონში დამკრძალონ, მე მაქვს ჩემი ადგილი"ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ. მას არ სურდა, რომ პანთეონში დაეკრალათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გადაცემაში ისაუბრა.

-მე არ მომწონს, რომ დიდუბის პანთეონი უნდა გააფართოონ, ხალხი მაინც ხომ  მიდის. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ცხოვრება მიდის. შეიძლება 20 წლის შემდეგ ისეთი ვიღაც მოკვდეს, მისი ადგილი აღარ იყოს. მე, მაგალითად,  ჩემი ადგილი მაქვს, დედაჩემის გვერდზე. ახლავე ვიძახი, თუ მივლენ და ეტყვიან, ბუბა პანთეონში დავკრძალოთო, აქედანვე ვეუბნები, უარი თქვან, _ ამბობდა მომღერალი.

მას დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

-დედაჩემი მორწმუნე იყო. ბოლოს სიონის ტაძარში მღეროდა. პატარა ვიყავი, ერთხელ რომ ვკითხე, დედა, ღმერთს ცნობ-მეთქი. როგორ არა, ყოველდღე ვუყურებო. ვინ არის-მეთქი და შენო. თვლიდა, რომ ყველა ადამიანში იყო ღმერთი…

დღემდე მრცხვენია, რომ დედასთან შეცდომა დავუშვი. არ მოსწონდა ჩემი ხრინწიანი ხმა, ძალიან კრიტიკული იყო. მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით  ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა, რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი, მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო.

მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე, – ყვებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავი.

ფოტო ვახტანგ კიკაბიძის უკანასკნელი ვიდეოდან