ბუბა კიკაბიძე: ,,არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი” – რა აწუხებდა ესტრადის ვარსკვლავს

ბუბა კიკაბიძე: ,,არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი" - რა აწუხებდა ესტრადის ვარსკვლავს,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

მომღერალ ბუბა კიკაბიძეს ყოველთვის სავსე ცხოვრება ჰქონდა, გაუმართლა შემოქმედებაშიც, პირადშიც, თავიდანვე ვარსკვლავივით გაბრწყინდა როგორც სცენაზე, ასევე კინოში. გაუმართლა პირად ცხოვრებაშიც, 50 წელზე მეტი  გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი. არაკაცურად არასოდეს მიცხოვრიაო, უთხრა ,,სარკეს” ერთ-ერთ ინტერვიუში. ბოლო წლებში მომღერალი ავადმყოფობამ შეაწუხა.

-ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყვლაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ. ეს კეთდება მაშინ, როცა თირკმელი არ მუშაობს და მის ადგილას მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადება, სისხლი არ იწმინდება. ამით არ უნდა დავვააადებულიყავი, არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი. ალბათ რაიმე ცოდვა მაქვს. ამდენი დაავადებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია?! – ყვებოდა ბატონი ბუბა ერთ-ერთ ინტერვიუში.

-სიკვდილს სად გაექცევი. სიკვდილი რა არი, რო?! რაღაცის დანამატი. გინდა, 100 წელი გიცოცხლია… არა, მე არ მეშინია მაგის. მორჩა კინო! _ თქვა მომღერალმა მაშინ, როცა 80 წელი შეუსრულდა.

მომღერალს ერთი დიდი ტკივილი აწუხებდა, სინანული, რომლისგანაც ვერასოდეს გათავისუფლდა.

-დღემდე მრცხვენია, რომ დედასთან შეცდომა დავუშვი. არ მოსწონდა ჩემი ხრინწიანი ხმა, ძალიან კრიტიკული იყო. მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით  ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა, რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი, მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო.

მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე, – ყვებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავი.