ბერების სისხლით შეღებილი ქვები წყალმაც ვერ გარეცხა – მწვანე მონასტრის სასწაულები

ბერების სისხლით შეღებილი ქვები წყალმაც ვერ გარეცხა - მწვანე მონასტრის სასწაულები,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი – ასე ჰქვია ბორჯომის ხეობაში ულამაზეს ადგილას განლაგებულ მამათა მონასტერს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა.

მწვანე მონასტერი ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ვიწრო, დაბურულ ხეობაში მდებარეობს. მისი აშენების ისტორიას და სხვა სახის ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, იგი ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს. ამ ტაძარში მუდმივად არსებულა მამათა მონასტერი. მის ტერიტორიაზე კი დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ დაღვრილი ბერების უხრწნელი სისხლია შემორჩენილი, რომელსაც ვერც დრო, ვერც მზე და ვერც წყალი ვერაფერს აკლებს.

1978 წელს მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდა. 2002 წელს კი, მრავალი საუკუნის შემდეგ, მამათა მონასტერი აღდგა. პატარა კოტეჯებში სამი ბერი და ერთი მორჩილი ცხოვრობენ.

მამა იოაკიმე (ჩიკვილაძე), მწვანე მონასტრის წინამძღვარი ,,სარკეს” უამბობს:

– ტაძარი მწვანე ქვიშა-ქვით არის ნაშენი. ხალხმა სიყვარულით შეარქვა მწვანე მონასტერი. რომ გახედოთ, აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია. ტაძარი დაახლოებით მე-9-10 საუკუნეებშია აგებული. იმ სტილისაა, როგორებიც იმ დროს შენდებოდა, თორემ ზუსტი თარიღი ან რაიმე ინფორმაცია მისი აგების შესახებ არ მოგვეპოვება – ყველაფერი განადგურებულია სხვადასხვა დროს შემოსეული მტრის მიერ. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანის სახელი არ არის ცნობილი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული და ნაშთები ისევ შემორჩენილია. მე-16 საუკუნეში, შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, ეს მონასტერი დაარბიეს და მთლიანად განადგურდა აქაურობა. მაშინ ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ბევრი დამალულა და გადარჩენილა.

– ამბობენ, რომ წყალში ქვებს იმ დროს დახოცილი ბერების სისხლი დღესაც ატყვია.

– დიახ. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე-16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. დაუჩეხავთ და მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული. ამ ამბის შემდეგ აქ ღვთისმსახურება საუკუნეების განმავლობაში აღარ აღსრულებულა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. იყო ასეთი ქალბატონი, ეკა პრივალოვსკაია – რუსული გვარი ჰქონდა, მაგრამ ქართულად აღზრდილი გახლდათ. მან ბევრი რამ გააკეთა ამ ტაძრის აღსადგენად. 2002 წელს ჩვენ რომ მოვედით, აქაურობა ისევ ავარიულ მდგომარეობაში იყო.

– ერთი ქვა, რომელზეც ოთხი საუკუნის წინ დახოცილი ბერების სისხლი ისევ ამჩნევია, ტაძარში, წმინდა გიორგის ხატთან დევს. ასეთი ქვები სიწმინდედ მიიჩნევა?

– მომლოცველები ამ სისხლიანი ქვების სანახავად ხშირად მოდიან. ერთი ქვა სპეციალურად დავდეთ ტაძარში თვალსაჩინოებისთვის – მომლოცველები ემთხვევიან ხოლმე. მონასტერი ჯერ კიდევ არ იყო მოქმედი, როცა აქ ამოვდიოდით და საოცარი განცდა გვეუფლებოდა – აშკარად იგრძნობა, რომ ეს მადლიანი მონასტერია. ტაძრის გარშემო, სადაც არ უნდა დაარტყათ წერაქვი, ყველგან ძვალს იპოვით. ლოცვა და წმინდად ცხოვრება წმინდავს შენობას. მჯერა, რომ აქ მოღვაწე ბერები წმინდანები იყვნენ. არის შემთხვევები, როცა ძვლის სხვადასხვა ნაწილი გვხვდება. ალბათ კომუნისტებმა მიხვეტ-მოხვეტეს აქაურობა და სადაც მოხვდათ, იქ ჩამარხეს ესა თუ ის ძვალი. ყველა ძვალი ტაძარში, სარკოფაგში ჩავალაგეთ და პანაშვიდებს ვუხდით.

– რაც შეეხება სისხლიან ქვებს, მათ რაიმე სასწაული უკავშირდება?

-როცა ხალხმა გაიგო, რომ ამ ქვებზე სისხლი იყო, აქედან წაღება დაიწყეს. ფიქრობდნენ, რომ სახლში სიწმინდე და მადლი მიჰქონდათ. ბევრმა ისე წაიღო, ჩვენთვის არც უკითხავთ. ერთხელ ახალგაზრდებმა წაიღეს ერთი ქვა და მეორე დღეს შეშინებულები მოვიდნენ. სახლში რომ შეუტანიათ, ანომალიური მოვლენები დაწყებულა. კარადებს ბრახუნი დაუწყიათ – შიგნიდან რაღაცეები ცვიოდა. თეფშები დაფრინავდა. ზოგი სკდებოდაო, გვითხრეს ბავშვებმა. ღამით გარეთ გაუბრძანებიათ ის ქვა და სახლიც დამშვიდებულა.

მამა ლაზარე: მერე ის ქვა მოლდოველ ბერებსა და მონაზვნებს ვაჩუქეთ. ვფიქრობთ, იმ ოჯახში ბოროტი ძალა ანუ ეშმაკი იყო და სიწმინდე რომ შეიტანეს, ბოროტმა ძალამ სახლში ყველაფერი დაამტვრია. როცა ქვა აქ მოჰქონდათ, გაცხელდა და ვისაც ეჭირა, ხელები დაუწვა. მერე სხვას გადასცა და მასაც იგივე დაემართა. პარკში იდო და ისიც დაიწვა. როცა აქ მოიტანეს, მხოლოდ მაშინ გაცივდა. მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა აქ ბერული ცხოვრება და ეს იყო ნიშანი, რომ ქვებზე სიწითლე ნამდვილად ბერების სისხლი იყო. ეს სასწაულიც იმიტომ მოხდა.

– ამ ამბის მერე გაკეთდა წარწერა ხეზე, აქედან ქვის წაღება არ შეიძლებაო?

-დიახ. ეპისკოპოსი ჩავაყენეთ საქმის კურსში და მან გვითხრა, ნუღარავის გაატანთ ამ ქვებსო. ზამთარია თუ ზაფხული, ქვებზე სისხლი ერთნაირად ემჩნევა. ზოგი მათგანი კელიაში გვიდევს. იცით, კიდევ რას დავაკვირდით? თუ არ ლოცულობ, ფერს კარგავს. წაღებული ქვები რომ მოუტანიათ, ზოგ მათგანს სიწითლე დაკარგული ჰქონდა – ეტყობა, იმ სახლებში არ ლოცულობდნენ. ზოგი კი ფერშეუცვლელი იყო. იქ ალბათ ყოველდღე ლოცულობდნენ. წყალში კი სულ ღაჟღაჟებს, ფერს არ იცვლის.