გიორგი გილიგაშვილი: ,,როცა ამ სიტყვას ვიტყვი, ეს იქნება სამარადჟამოდ და ამ სიტყვით უნდა დავიმარხო”

გიორგი გილიგაშვილი: ,,როცა ამ სიტყვას ვიტყვი, ეს იქნება სამარადჟამოდ და ამ სიტყვით უნდა დავიმარხო",,სარკე”, ია ქუთათელაძე

რამდენიმე თვის წინ მსახიობ გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა. გიორგის უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდით, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა მისი ჯანმრთელობის მდგომარება და კეთილი სურვილებით აავსო. დღემდე ასე გრძელდება და მისი კარგად ყოფნისთვის ბევრი ლოცულობს. ამ ყველაფერზე გიორგი ,,სარკესთან” ამბობს:

– დიდება უფალს! სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი ამ ფაქტით. ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, რომ ასეთი ერთსულოვანი კეთილგანწყობა დამემსახურებინა ჩემი ხალხისგან. განსაცდელის ჟამს მათგან გამოხატული სიყვარული უდიდესი ძალის მატარებელია. მე ვგრძნობდი მათი ლოცვის მადლს, რომელიც ცოცხალი იყო და მთელ ჩემს არსებას ეხებოდა, მავსებდა ძალით, იმედით, რწმენით, ანუგეშებდა ჩემს ოჯახს.

დღესაც კითხვებს ვუსვამ ჩემს თავს – საიდან ამდენი სიყვარული?! თუმცა იმასაც ვფიქრობ, არ არის საჭირო კითხვების დასმა. მთავარია, გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი და მოყვასი, ვითარცა თავი შენი. როცა ამას ჩასწვდები, საკუთარ თავამდე დაიყვან მტერს, მტერი განქარდება. განქარდება განა იმით, რომ მოკალი იგი, არამედ შეიყვარე და ამით ქრისტიანობის მაღალ საფეხურზე შედექი. გაითავისე, რომ ყველა ადამიანი შენი და და ძმაა ამ ულამაზეს ცისფერ პლანეტაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის სახლია განურჩევლად წარმომავლობის, კანის ფერის, კულტურების სხვაობისა და ყველანაირი მსოფლმხედველობისა.

ანუ შენ თუ აღიქვამ ადამიანს შენს ძმად, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს შენზე, რა წესით ცხოვრობს, აუცილებლად ამაღლდები, რადგან პირველად ავაზაკი და მეძავი შევიდნენ სასუფეველში. ამიტომაც ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. როცა კაცი არც კარგად გაზრდილია, არც კარგი წესებით ცხოვრობს, არც არავინ სცემს პატივს და შენ მაინც მოუნახავ რაღაც კარგს და ეტყვი, ჩვენ ერთი მოდგმის ვართ, ერთი მამა გვყავს, ამიტომ მე ვალდებული ვარ, მიყვარდეო, აქედან იწყება მართლმადიდებელი ადამიანის პირველი ნაბიჯები ქრისტესკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენს ტექნოკრატიულ, “დამიწებულ” და ღმერთისგან დაშორებულ რეალობაში თითქოს ამოვარდნილი ხართ საერთო სურათიდან, თუნდაც თქვენი განსხვავებული, ცოტა არ იყოს, არქაული მეტყველებით. როგორ ჩამოყალიბდით ასეთ ტიპაჟად?

– ვერ გეტყვით, საბოლოო ჯამში, როგორი გიორგი ვარ, რადგან ეს გიორგი ჯერ კიდევ ფორმირდება, ყალიბდება. სწავლა სიბერემდეა. ეს შეუქცევადი პროცესია. ის, რასაც არქაულს უწოდებენ, ჩემთვის ძალიან თანამედროვეა. არქაულში დღეს გულისხმობენ მოძველებულს და არაკლასიკურს, ჩემთვის კი თანამედროვე ნიშნავს კლასიკას, რომელსაც დრო ვერ ცვლის. ის მარადიულია, დროსთან თანამდგომარეობს და არა – მედროვეს, რომელიც მოდურია და წამდაუწუმ იცვლება. ასევე ქრისტიანული მსოფლმხედველობა მარადიული მსოფლმხედველობაა.

ცხოვრებაა ხანმოკლე, ჰორიზონტი გრძელია,

მე ახალი რა მოვყვე, ყველაფერი ძველია.

რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, არ უნდა გავჩერდეთ, სულ რაღაც უნდა ვაკეთოთ. როცა კაენმა მოკლა აბელი, ადგა და ჯოხის თლა დაიწყო. იცით, რატომ? რამე რომ არ ეკეთებინა, გაგიჟდებოდა. ცოდვაში მყოფის მდგომარეობა გაუსაძლისია. ჩვენ, ყველანი,  ცოდვაში ვართ, ამიტომ უნდა ვაშენოთ, ლექსი ვწეროთ, დავხატოთ, დავხნათ, დავთესოთ, სამეცნიერო აღმოჩენები გავაკეთოთ. ისე ვერ დავძლევთ, რადგან ადამის დაცემული ბუნებისთვის რთულია მადლში ცხოვრება.

დააკვირდით, როგორ გვიჭირს ლოცვაზე დგომა, სახარების მოსმენა, როგორ ვისხლეტთ ქადაგების სიტყვებს, სამსაათიან კინოფილმს კი ისე ვუყურებთ, ერთი სიტყვა არ გამოგვრჩება, რადგან ამით ვერთობით. ჩემთვის ჯერ იყო სიტყვა, რადგან სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ამიტომაცაა ძალიან საფრთხილო თითოეული სიტყვის წარმოთქმა.

უდიდესი დრო დაგვაკარგვინა სოციალურმა ქსელმა. ტელეფონებში თავჩარგულები სხვის ცხოვრებაში ვიჩხრიკებით, სხვის ალბომებს ვათვალიერებთ, ვერც ვხვდებით, როგორ იბადება შური და მტრობა, ზოგჯერ ბედნიერებაც, მაგრამ ეს ბედნიერება ირეალურია, რადგან ვირტუალურ სამყაროში იბადება. ამიტომ მირჩევნია საუბარი, ცოცხალი ურთიერთობა. წერის კულტურაც არ გაგვაჩნია, მხოლოდ ემოციების გამომხატველი სმაილებით ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

– 34 წლის ხართ. როგორც თავად ამბობთ, სამის და ოთხის და ღმერთმა სამოთხის კართან დამაყენაო. სამოთხის კართან მდგომი ახალგაზრდა კაცის გულში ქალის სიყვარული არ ყვავის?

– სამწუხაროდ, ისე მოვიყარე ამ ასაკის, ჯერ მშვენიერი ქალბატონისთვის სიტყვა “მიყვარხარ” არ მითქვამს. ვერ ვპოვე გულისსწორი. ამაშიც ძალიან ფრთხილი ვარ. ვისაც ამ სიტყვას ვეტყვი, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი თანამგზავრი უნდა გახდეს.

ხომ ვხედავთ, როგორი სისწრაფით ინგრევა ვითომდა სიყვარულით შექმნილი ოჯახები. ღვთის წინაშე დადებული ცოლქმრობის ფიცი სიცოცხლის ბოლომდე გაუტეხელი უნდა იყოს. რომ არ მყვარებია არასდროს, ეს ჩემი დიდი ნაკლია. და როცა ამ სიტყვას ვიტყვი, ეს იქნება სამარადჟამოდ და ამ სიტყვით უნდა დავიმარხო.