ნინო ჩხეიძე: ,,9 წელია, ქმრისგან დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად, ყველაფერს თვითონ განვაგებ”

ნინო ჩხეიძე: ,,9 წელია, ქმრისგან დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად, ყველაფერს თვითონ განვაგებ",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შემოსავლიანი მომღერალი, ნინო ჩხეიძე, ტელეწამყვანის ამპლუასაც ირგებს. უკვე რამდენიმე თვეა, “რუსთავი 2-“ის ტოქ შოუ “ღამის პრაიმტაიმის” თანაწამყვანია, თუმცა ცდილობს, თავისი მუსიკის თაყვანისმცემლებსაც არ უღალატოს.

ნინო, უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი, რაც “რუსთავი 2”-ზე ერთ-ერთი წამყვანი ხართ. როგორ მოგწონთ, როგორ მიიღეთ ეს ახალი გამოწვევა?

მომწონს ის, რომ ეს ჩემთვის სიახლეა, თუმცა ამავდროულად რთული. ვგრძნობ, რომ კვირიდან კვირამდე ამ გადაცემაში ვიზრდები.

– ზოგი ამბობს, რომ ძალიან შრომისმოყვარე ხართ. ბევრიც თვლის, რომ ყველაფერი ცხოვრებაში მზამზარეულად მოგივიდათ. რომელი შეხედულება უფრო სწორია?

– ვფიქრობ, რომ ორივე ერთად მუშაობს ჩემს შემთხვევაში. ცხოვრებაში ყველაფერი შრომით მაქვს მოპოვებული, თუმცა იღბალი და გამართლებაც ხშირად ჩემს მხარეს ყოფილა.

– საბოლოო ჯამში, შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს თქვენ საკუთარი შრომით, საკუთარი სიმღერით ინახავთ თავს?

– მე უკვე 9 წელია, დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად. ყველაფერს თვითონ განვაგებ, შემოსავალსაც და გასავალსაც. საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ხარჯვა უფრო დიდი სიამოვნება ყოფილა, ვიდრე ქმრის ბიუჯეტით ცხოვრება.

– რაც ფინანსურად დამოუკიდებელი გახდით, უფრო ყაირათიანი ხართ?

– კი. ადრე თუ დაუფიქრებლად შემეძლო, უამრავი ფული გადამეხადა ტანსაცმელში, ახლა ვფიქრობ, ნამდვილად მჭირდება თუ არა.

– თქვენი ქმარი, გიორგი კოროხაშვილი, ბოლო დრომდე ხომ უკრაინაში ცხოვრობდა, ახლა სად არის და რა მდგომარეობაშია?

– ომის დაწყებისას უკრაინაში იყო. ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ ომი ძალიან მალე დასრულდებოდა, ამიტომ არაფრით უნდოდა კიევის დატოვება. როცა ძალიან დაიძაბა ვითარება და კიევის დაბომბვაც დაიწყო, მოუწია იქაურობის და ზოგადად უკრაინის დატოვება. ძალიან ვნერვიულობდი, სანამ უსაფრთხო გარემოში აღმოჩნდებოდა.