ნანა ფაჩუაშვილი: ,,ვიცი, ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია”

ნანა ფაჩუაშვილი: ,,ვიცი, ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია",,სარკე”, ია ქუთათელაძე

აქართველოს სახალხო არტისტს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, უამრავი თეატრალური პრემიისა და წოდების მფლობელს, ნანა ფაჩუაშვილს, კიდევ ერთი საპატიო ჯილდო მიენიჭა. ეროვნული ბიზნეს-რეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტებმა, შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის მხარდაჭერით, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

გზის დასაწყისი კი ასეთი იყო: ჰაეროვან და სიფრიფანა გოგონას სამედიცინო ინსტიტუტში შესასვლელად ამზადებდნენ. თვალცრემლიანი ჩაჰყურებდა ფიზიკისა და ქიმიის სახელმძღვანელოებს, გულში მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ გამხელას ვერ ბედავდა. არასასურველი პროფესიისგან ოჯახის მეგობარმა, რეჟისორმა სიკო დოლიძემ, გადააჩინა, რომელმაც გოგონა თეატრალურ ინსტიტუტში წაიყვანა, გამოცდების შემდეგ კი თავის ჯგუფში აიყვანა.

რუსთაველის თეატრის სცენაზე უამრავი შთამბეჭდავი სახე უდიდესი არტისტიზმით განასახიერა. გარდასახვის დიდი ოსტატობის მქონე მსახიობი ყველა ჟანრში შეუდარებელი იყო. პროფესიაში მზიანი ამინდი ჰქონდა, პირად ცხოვრებაში კი მის თავზე ხშირად გროვდებოდა საავდრო ღრუბლები. მწუხარებას და ცრემლს გულში ინახავდა, საზოგადოებისთვის ყოველთვის ძლიერი, ლაღი და წარმატებული ქალი იყო.

ახლაც უმძიმეს ტკივილს ატარებს გულით, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულს. არ უყვარს ამაზე საუბარი, ადამიანების შეწუხება. საყვარელ თეატრში პრემიერისთვის ემზადება. ხელმძღვანელობს “თეატრს ათონელზე”, თამაშობს “თავისუფალ თეატრში”. დანარჩენს ,,სარკის” ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რუსთაველის თეატრის მემატიანე ბრძანდებით, ყველაზე გახმაურებულ და ლეგენდად ქცეულ სპექტაკლებში მონაწილეობთ. ეს ბედის საჩუქარია.

– ბედნიერი ვარ, რომ ბედმა ასეთი ძვირფასი საჩუქარი გამიკეთა. მართლაც ოქროს ხანას დაემთხვა თეატრში ჩემი მსახურება, გენიალურ მსახიობებთან ერთად ვიდექი სცენაზე. არ არის ადვილი, როცა შენი ძვირფასი პარტნიორები ნელ-ნელა შემოგეცლებიან და აღმოაჩენ, რომ იმ თაობიდან ძალიან ცოტანი ვართ დარჩენილები.

–  ბევრი ტკივილი ტრაგედია გადაიტანეთ, მაინც თავდადებით ემსახურებით ხელოვნებას, მაყურებელთან ცოცხალიონტაქტი გიხარიათ… როგორ იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, გამძლეობა?

– როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში, მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი “ათონელის თეატრში”, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა, პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე.

ახლა ძალიან მიჭირს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება. არ მინდა, ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას თავს მოვახვიო ჩემი დარდი. ვიცი, რომ შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია, უდიდესი ძალისხმევა მჭირდება. ისევ თეატრი მეხმარება, რომ მძიმე დღეები გადავაგორო.