,,მივხვდი, რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის – ცოლი და მეორე ნახევარი” – ძირძველი თბილისელი მსახიობი სოფელში გადასახლდა

,,მივხვდი, რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის - ცოლი და მეორე ნახევარი" - ძირძველი თბილისელი მსახიობი სოფელში გადასახლდა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია კორონაპანდემიამ სოფლად გახიზნა. აქამდე სოფელი არასოდეს ჰქონია, რადგან მისი მრავალი თაობის წინაპარი თბილისელი იყო. ახლა კი საკუთარი ეზო აქვს და იქ ხეების დარგვა ახარებს. ბაჩო ჩაჩიბაია რუსთაველის თეატრის დასის წევრია. ამავე დროს საზოგადოებრივ არხზე ფილმებს ახმოვანებს და მისი ხმა მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია.

მსახიობი ორი შვილის მამაა. მეუღლე, მარიკა ლოლაძე, მისთვის მეორე ცოლია. თუმცა ამბობს, რომ მეორე ნახევარი სწორედ მასში იპოვა.

ბაჩო ჩაჩიბაია: ნაფეტვრებში სახლი რამდენიმე წლის წინ ვიყიდეთ. ახლა ვცხოვრობთ სიმშვიდეში და სუფთა ჰაერსაც ვსუნთქვათ და, მგონი, აღარც ჩამოვალთ.

– ცოლი ადვილად დაითანხმეთ ქალაქგარეთ გადასვლაზე?

– მარიკა ნამდვილად ჩემი მეორე ნახევარია. მარიკას რომ დავუკავშირე ბედი, მაშინ მივხვდი, რა განსხვავება იყო ამ ორ სიტყვას შორის – ცოლი და მეორე ნახევარი. მეორე ნახევარი არის ის, რაც შენ გაკლია და მას აქვს, მას აკლია და შენ გაქვს. არ სჭირდება განხილვა, ვინ რა უნდა გააკეთოს, ორივე თავისით ხვდება.

უკვე 10 წელზე მეტია ცოლ-ქმარი ვართ და არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვართ და ისევ ისე ვგიჟობთ. ზეზვასა და მზიას გვეძახიან. შეყვარებულობის პერიოდში რასაც ვაკეთებდით, ისევ ისე ვიქცევით.

ნაფეტვრების სახლი ისე ვიყიდე, არც მინახავს. დამირეკა მარიკამ და მითხრა, ნაფეტვრებში სახლი ვნახე და ვიყიდოთო. ვუპასუხე, იყიდე-მეთქი. გავვარდი ბანკში, ავიღე სესხი და ვიყიდე სახლი, რომელიც მხოლოდ მარიკას ჰქონდა ნანახი. მარტივია ცხოვრება, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ბოლომდე ენდობა.  რაც მე მომწონს, მას მოსწონს და პირიქით – რაც მას მოსწონს, ის მომწონს მეც და განხილვაც კი აღარ გვჭირდება. სულ ეს მახსენდება:

“ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!

არაერთს ისე მოეღო ბოლო, –

თვალიც ვერ მოჰკრა

გაჩენილს მისთვის”.

– მუხრან მაჭავარიანის გენიალური ლექსი…

– დიახ. ჩვენ შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს და აღარ დავშორდით. ბევრად ადრე გავიცანი, სანამ სიყვარული მოვიდოდა. მესამედ რომ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ შევხედეთ სხვაგვარად და მას მერე ასე ვართ. მიყვარს და მასთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობ.