რა საჩუქრებით ანებივრებს გია მურღულია შვილიშვილს

რა საჩუქრებით ანებივრებს გია მურღულია შვილიშვილს,,სარკე”, ია ქუთათელაძე

ტელეკომპანია “პოსტ ტივის” გადაცემა “დღის პოსტს” სამი მომხიბლავი წამყვანი ჰყავს. მათ შორის ყველაზე უმცროსი მანუ მურღულიაა, ლამაზი, ენერგიული, სხარტი, გონებამახვილი, განათლებული გოგონა. ცნობილმა ფილოლოგმა, პედაგოგმა გია მურღულიამ შვილიშვილს წიგნი ბავშვობიდან შეაყვარა. როცა თანამედროვე ახალგაზრდობა წიგნთან ნაკლებად მეგობრობს და უპირატესობას ინტერნეტს ანიჭებს, მანუ თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს კითხვაში ატარებს.

ბავშვობაში იურისტობაზე ფიქრობდა, შემდეგ აზრი შეიცვალა და ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მუსიკალური ნიჭიც აქვს, გერმანიაში კონსერვატორიაში სწავლობდა ვოკალის კურსზე, თუმცა მისი აღმატებული წარმოდგენა სწავლის ხარისხზე არ გამართლდა, ამიტომ ერთი წლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

ჟურნალისტის რანგში პირველად საქართველოს ტელევიზიის “პირველ არხზე” დილის გადაცემაში გამოჩნდა. ლამაზი გოგონა ეკრანსაც მოუხდა და საინტერესო სიუჟეტებსაც აკეთებდა. 2 წლის შემდეგ კი “პოსტ ტივიში” მივიდა გასაუბრებაზე და დაუბრკოლებლად მიიღეს “დღის პოსტის” წამყვანად.

მანუს მომავლის გეგმებიც ტელევიზიას უკავშირდება. კიდევ ერთი მიმართულებით მუშაობს, რაც მუსიკას უკავშირდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ მონახაზია. ცოტა ხანში ჩანაფიქრი ხორცს შეისხამს და მაყურებელიც იხილავს.

რა გზა გაიარა ტელევიზიამდე, რატომ გახდა მისთვის შეუცვლელი სამსახური ტელემაუწყებლობა, რა ინტერესებით ცხოვრობს ახალგაზრდა მიზანდასახული ქალი, ამ ყველაფერს ქვემოთ, მანუ მურღულიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ.

მანუ, საქართველოში ყველა იცნობს გია მურღულიას, შესანიშნავ ფილოლოგს, მოაზროვნეს და უამრავი თაობის აღმზრდელს. როგორი იყო ცნობილი ბაბუის და შვილიშვილის ურთიერთობა?

– გია და მანანა (ბაბუა და ბებია) არიან ყველაზე თბილი, სასიამოვნო, საინტერესო და თავისუფალი აზროვნების ადამიანები, რომლებიც არ დარჩენილან წინა საუკუნეში. ყველა ცვლილებას ფეხი აუწყვეს, ყოველგვარი ზედმეტი დარიგების, დაძალების, ახსნა-განმარტების გარეშე, საკუთარი მაგალითის ჩვენებით შეძლეს, ჩემთვის მისაბაძები და გზის მაჩვენებლები ყოფილიყვნენ. მათ არ სჩვევიათ შენიშვნების მოცემა, აკრძალვები. მიუხედავად ჩემი მოუსვენარი ხასიათისა, ზოგჯერ გადაჭარბებული ცელქობისა, ტონი არასდროს აუწევიათ, არ უთქვამთ, რომ გოგოს არ შეეფერება ესა თუ ის საქციელი. განსაკუთრებით ბაბუ არ არის ისეთი მკაცრი და ზედმეტად სერიოზული, როგორიც ეკრანიდან ჩანს. ძალიან მხიარულია, ისე აგიბამს მხარს, როგორც ტოლსა და სწორს.

ბავშვობიდან შემაყვარა წიგნი, ჩამისვამდა კალთაში სრულიად პატარას და მიკითხავდა “ბარონ მიუნჰაუზენს”. ისეთ ლიტერატურას მირჩევდა, რაც ჩემს ინტერესს აღვივებდა, ამიტომ წიგნებს თავიდანვე დავუმეგობრდი. ახლაც თავისუფალ დროს ბევრს ვკი-თხულობ, ამ საკითხში ხშირად მაძლევს რჩევას.

მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, ძალიან გახსნილი ვარ. ზოგიერთ ამბავს, რომლებსაც მშობლებს არ ვუყვები, ან შეიძლება მოგვიანებით ვუთხრა, მათ თავისუფლად ვეუბნები, არანაირი კომპლექსი არ მაქვს. ბაბუ ძალიან კარგად თამაშობს ჭადრაკს, მასთან შედარებით მე ცუდი მოთამაშე ვარ, მაგრამ ერთად ყოფნა გვიყვარს, ამიტომ ჭადრაკშიც ვერკინებით ერთმანეთს.

– რა გრძნობა გქონდათ, როცა მასთან ერთად სეირნობდით და ყველა ცნობდა ბაბუას?

– ძალიან მიხაროდა. ამ ბოლო დროს კი, როცა ერთად დავდივართ, მეც მცნობენ. ეს ტელევიზიის დამსახურებაა. უნდა გამოგიტყდეთ, სასიამოვნო გრძნობა ყოფილა პოპულარობა. გიას ყველა ჩემი წარმატება უხარია. განსაკუთრებით უყვარს, როცა სავაჭრო ცენტრებში მივყავარ და ჩემთვის საჩუქრებს ყიდულობს. მას აკადემიური ჩაცმის სტილი მოსწონს, ამიტომ პიჯაკებს მირჩევს და კიდევ – საათებს. მასთან ერთად შოპინგზე სიარული ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია.

– მისი გავლენით ხომ არ აირჩიეთ ფილოლოგის პროფესია?

– არა, ბაბუ არ არის ის ადამიანი, ვინც შენს არჩევანში ჩაერევა. საერთოდ, იურისტობა მინდოდა. გერმანული ენა ვიცი და გერმანიაში გაგზავნილი მქონდა საბუთები. ამავე დროს, საქართველოშიც გავიარე ეროვნული გამოცდები. პირველად პროფესიად ფილოლოგიური მქონდა მონიშნული და ჩავირიცხე კიდეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

– შემდეგ კონსერვატორიაში სწავლობდით, რომელიც არ დაასრულეთ. რა იყო ამის მიზეზი?

– მუსიკალური ათწლთედი მაქვს დამთავრებული. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მგონი, ჯერ სიმღერა დავიწყე და შემდეგ ვისწავლე ლაპარაკი. მინდოდა, უმაღლესი პროფესიული განათლება მიმეღო, ისევ გერმანულის ცოდნის გამო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ჰამბურგის კონსერვატორიაში ვოკალის განხრით. როგორც წარმომედგინა კონსერვატორიაში სწავლა, ისეთი არ გამოდგა რეალურად. სხვადასხვა მიზეზთა გამო არ დამაკმაყოფილა და შევწყვიტე სწავლის პროცესი.

სიმღერაზე უარს არასდროს ვიტყვი. ვფიქრობ განვითარებას და მოსამზადებელი სამუშაოებიც დაწყებული მაქვს, თუმცა ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი არ მაქვს, რა ფორმით და როგორ მოვსინჯავ ძალებს ამ სფეროში. ერთი ნათლად ვიცი, აუცილებლად ვიმუშავებ ბენდთან ერთად.

– ტელეეკრანზე გამოჩენას ბევრი გოგონა ოცნებობს, თქვენ როგორ მოხვდით ტელევიზიაში?

– მამიდა ჟურნალისტია, სულ ტელევიზიაში მუშაობდა. ხშირად დავდიოდი მასთან, არც გადაღებების პროცესი ყოფილა ჩემთვის უცხო, თუმცა მუშაობა არასდროს მიფიქრია. ჩემით დაინტერესება დაკავშირებული იყო ,,პირველი არხისძძ გადაცემასთან “წიგნის თარო”. ახალი დაბრუნებული ვიყავი გერმანიიდან, როცა რამდენიმე გადაცემა ვნახე. ეს იყო კარგი საგანმანათლებლო, შემეცნებითი დონის გადაცემა, სადაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მოვიხიბლე მათი განათლების სიღრმით და მეც მომინდა, ჩართული ვყოფილიყავი რაიმე ფორმით გადაცემის მომზადებაში. ამ განზრახვით მივედი ტელევიზიაში. ჯერ სტაჟიორად ამიყვანეს, რამდენიმე თვეში ვისწავლე საჭირო უნარ-ჩვევები, შემდეგ კი დილის გადაცემის ჟურნალისტი გავხდი.

ტელევიზია აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. საერთოდ, ენერგიული ვარ, მოუსვენარი, მოძრავი, ინტერესიანი. მომწონს, რომ ყოველთვის მობილიზებული უნდა ვიყო, გადაწყვეტილებები მივიღო სწრაფად, ვიმოქმედო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დავიბნე მოულოდნელ სიტუაციებში, მქონდეს სხარტი, ლაკონური აზროვნება, ამიტომ მუდმივად საჭიროა სწავლა.

მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს იტყვის, ეს არ გამომივაო. თუ რამე მაინტერესებს, ყოველთვის გამომივა. დროსაც ვიპოვი იმისთვის, რაც არ ვიცი, ვისწავლო, რომ განვვითარდე.

– “პოსტ ტივიში” მიგყავთ “დღის პოსტი” ირმა სოხაძესთან და თამთა კვარაცხელიასთან ერთად. როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს, კადრის მიღმა თუ გრძელდება თქვენი ურთიერთობა?

– როცა “პირველი არხიდან” წამოვედი “პოსტ ტივიში”, გავიარე გასაუბრება შალვა რამიშვილთან და ამიყვანეს. ირმა სოხაძეს ყველა იცნობს, როგორც არაჩვეულებრივ მომღერალს და შესანიშნავ ქალბატონს, ასევე ფანტასტიკური გოგოა თამთა კვარაცხელია. მალე დავმეგობრდით, ასაკობრივ სხვაობას ხელი არ შეუშლია ჩვენი სიახლოვისთვის. ირმა ისეთი თბილია, ენერგიული, განათლებული, ზოგჯერ მგონია, ძალიან ვგავართ ერთმანეთს. სამსახურის შემდეგაც გრძელდება ჩვენი ურთიერთობა, ვსეირნობთ, გავდივართ ქალაქიდან. კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ.

– სატელევიზიო იმიჯზე თავად ზრუნავთ თუ დიზაინერი გყავთ?

– სამივენი განსხვავებულები ვართ, კარგად ვიცით ჩვენი სტილი და არ გვჭირდება ვინმე, ვინც გვიკარნახებს, როგორ ჩავიცვათ, რა ვარცხნილობა გავიკეთოთ. ერთმანეთს რჩევებსაც ვაძლევთ, კონკრეტული დიზაინერი არ გვყავს.

– თემების შერჩევა როგორ ხდება?

– პროდიუსერები ზრუნავენ, რომ თემები, რომლებიც შეირჩევა, მომზადებული გვქონდეს და დაბნეულად არ გამოვიყურებოდეთ. ისე კი, ტელევიზია ცოცხალი ორგანიზმია, შეიძლება სპონტანურადაც მოხდეს თემის გაშლა, წამოიჭრას ახალი საკითხი, ამიტომ საჭიროა, ზოგადი განათლება გქონდეს, რომ შეძლო საუბრის წარმართვა.

– რამდენად მისაღებია თქვენთვის უწმაწური ლექსიკა, სლენგი, რაც არცთუ იშვიათად ისმის ჩვენი ტელევიზიებიდან?

– მე საბაკალავრო კურსი მაქვს დამთავრებული ფილოლოგიაში. მაგისტრატურა არ გამივლია. ვცდილობ, ყოველთვის ზრდილობიანად და გამართულად ვისაუბრო. ისე კი, 21-ე საუკუნეა და ზოგჯერ სლენგიც შეიძლება გაურიო. კუთხურ მეტყველებას არ მივესალმები, თავისუფალი მეტყველება კი დასაშვებია. ახლა მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით ამერიკა, ასეთ სტილში მუშაობს. უწმაწური ლექსიკა, სავარაუდოდ, პოლიტიკურ გადაცემებში ჭარბობს, სადაც ცხარე კამათი მიმდინარეობს და წამყვანი ვერ ახერხებს გაკონტროლებას.

– მეგრული თუ იცით?

– მიუხედავად დიდი მეგრული ოჯახისა, მამას ორი ძმა ჰყავს და და, მხოლოდ ერთმა ბიძამ იცის მეგრული. მათი დედა, ჩემი დიდი ბებია, მარგო თურქია, ძირძველი მეგრული ტრადიციების დამცველი ქალბატონი ბრძანდებოდა. მე გადავწყვიტე მეგრულის სწავლა, ავიღე ბუბა კუდავას შედგენილი მეგრული სახელმძღვანელო და უკვე ბევრი სიტყვა ვიცი, ყველაფერი მესმის, რასაც ამბობენ. მალე დავხვეწ და თავისუფლად შევძლებ ლაპარაკს.

– მეგრული სამზარეულო განთქმულია, ქალები საუკეთესო დიასახლისები არიან. თქვენ რამდენად გეხერხებათ საოჯახო საქმე და სამზარეულოში ფუსფუსი?

– ყველაფერი მეხერხება, მაგრამ დროის სიმცირის გამო არ ვაკეთებ. რამდენიმე წლის წინ მამასთან ერთად ვიყავი ავსტრალიაში, ფესტივალზე, სადაც ქართული სამზარეულოც უნდა წარმოგვედგინა. წინასწარ გავაგზავნეთ სია, რა პროდუქტები დაგვჭირდებოდა.

უნდა გაკეთებულიყო ნიგვზიანი ფხალი, ბადრიჯანი, ქათამი ბაჟეში, ხაჭაპური, მჭადი, ლობიო და კიდევ რამდენიმე კერძი. მე და ავსტრალიელმა შეფმა ერთ დღეში მოვამზადეთ ეს ყველაფერი 100-კაციანი სუფრისთვის. ისეთი ქართული გემოები დავაყენე, თქვენი მოწონებული. შემდეგ თავად გადავიღე ეს ყველაფერი, ჩავწერე ინტერვიუ ავსტრალიის ელჩთან, ვიმღერე, ვიცეკვე, საუცხოო სიუჟეტი მოვამზადე და ჩამოვიტანე “პირველი არხისთვის”.

– სულ ახლახან ტელევიზიაში სამივე წამყვანმა საპატარძლო კაბები მოირგეთ. რა ემოცია გქონდათ, ხომ არ გაგიჩნდათ რეალური ქორწილის სურვილი?

– არ მაქვს გეგმაში გათხოვება და დედოფლობა, სამოსის მორგება კი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა და კარგი ემოციები მოიტანა.

– შეყვარებული არ ხართ?

– არა. მყავდა შეყვარებულ ორი წელი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დავშორდი. ჯერ არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც მომხიბლავს და შემიყვარდება.

– როგორი მამკაცი მოგხიბლავთ?

– პირველ რიგში, პირს რომ გააღებს და დამელაპარაკება, არ უნდა გავიქცე. ხომ არიან გოგონები, ბიჭის შეფასებისას ამბობენ, ლამაზია, მდიდარია, მაგარი მანქანა ჰყავსო. მე ასე არ ვარ, უნდა დამაინტერესოს, ჩემთვის საინტერესო თემებზე, ხელოვნება იქნება, ლიტერატურა თუ სპორტი, საუბარი უნდა შეეძლოს. პირდაღებული არ მომაჩერდეს, ინტელქტი უნდა ჰქონდეს, კარგი იუმორი. გარეგნობას რაც შეეხება, ქერა და ცისფერთვალება მამაკაცი მომწონს.

– რა ასაკს თვლით გათხოვებისთვის საუკეთესოდ?

– ასე კონკრეტულად პასუხი არ შემიძლია. 16-19 წლის ასაკში გოგო წინა საუკუნეში თხოვდებოდა. ვთვლი, რომ ჯერ უნდა განვითარდე, გქონდეს პროფესია, იპოვო შენი ადგილი და ამის მერე შეიძლება იფიქრო გათხოვებაზე.