ანა სანაია: ,,ბევრი კარგი მამაკაცი შემხვდა, მაგრამ ფინალში ვერ გავედით”

ანა სანაია: ,,ბევრი კარგი მამაკაცი შემხვდა, მაგრამ ფინალში ვერ გავედით",,სარკე”, ია ქუთათელაძე

2008-2010 წლებში ტელეეთერში სერიალი ,,ჩვენი ოფისი” გამოჩნდა, საიდანაც მაყურებელმა მსახიობთა ახალგაზრდა თაობა გაიცნო. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ანა სანაია, რომელიც შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა.  ანამ მაგისტრატურის კინოსასცენარო ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად საკუთარი სცენარის, სამ სერიად ჩაფიქრებული ფილმის გადაღებაზე მუშაობს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ებრაელი ერის ცხოვრებას ეხება და მათ ნაკვალევს ეძებს. ახალგაზრდა არტისტი ქალი “სარკეს” საკუთარ ცხოვრებაზე უამბობს.

– ეტყობა, დროს კარგად ანაწილებთ, ამდენ რამეს რომ ასწრებთ.

– მსახიობი ვარ, ყველა ეტაპი გავიარე, ტელევიზიაშიც დიდხანს ვიმუშავე, სერიალების პოპულარობაც მქონდა. ჩემს ძირითად საქმეს თეატრში დიდი სიყვარულით ვემსახურები. ყოველთვის მაინტერესებდა კინოსთვის სცენარების შექმნა და ვისწავლე. ბევრს ვწერ, ბევრს ვფიქრობ. ახლა რეჟისორობაც დავიწყე. ეს არის ცხოვრება, უნდა ეცადო, შენი ყველა ოცნება რეალობად აქციო.

– თქვენი პირადი ცხოვრებაც ისეთივე აქტიური, მოვლენებით და სიახლეებით დატვირთულია, როგორიც საქმიანობა?

– ადრე უფრო გახსნილად და თამამად ვსაუბრობდი პირადზე, ახლა გადავწყვიტე, აღარ ვილაპარაკო.

– ვერ დავიჯერებ, რომ შემოქმედი, რომანტიკული, ახალგაზრდა, ლამაზი მსახიობი ქალი სიყვარულის გარეშე ცხოვრობს.

– სიყვარული ყველა ადამიანის თანმდევია. ბევრი კარგი და საინტერესო მამაკაცი შემხვდა, ვისაც ვუყვარდი, შეიძლება მეც მომწონდა, მაგრამ ფინალში ვერ გავედით. მე თავად ვარ ძალიან ფრთხილი, ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. ახლაც არის შეხვედრები, სასიამოვნო ეპიზოდები. ჯერ ბოლომდე არ გამირკვევია, რამდენიმე თაყვანისმცემლიდან არის თუ არა ის ერთი, ვისთან ერთადაც მომინდება ცხოვრება სიხარულშიც და მწუხარებაშიც.

– რა ასწავლა ანა სანაიას განვლილმა წლებმა?

– არასოდეს დააბრალო შენი წარუმატებლობა სხვას, მიზეზი საკუთარ თავში ეძიე. ისწავლე, იშრომე, გამოიყენე ყველა შანსი, რასაც სამყარო გთავაზობს. მიზნისთვის ბრძოლა არასოდესაა გვიანი.