,,ეს აუცილებლად ოჯახის წევრმა უნდა გააკეთოს” – რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა

,,ეს აუცილებლად ოჯახის წევრმა უნდა გააკეთოს" - რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

იტალიაში მცხოვრები ლელა ლაჩაშვილი ,,სარკის” კითხვას პასუხობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ემიგრანტი, ვთქვათ, ჩვენი რომელიმე თანამემულე თუ გაუჩინარდება და, პირველ რიგში, ვის უნდა დაუკავშირდნენ და როგორ.

ლელა ლაჩაშვილი:

– ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრმა უნდა დარეკოს საელჩოში და საკონსულო ჩააყენოს საქმის კურსში. ეს აუცილებლად ოჯახის წევრმა უნდა გააკეთოს და არა ვიღაც ფეისბუქნაცნობმა ან მეგობარმა, როგორც ხშირად ხდება აქ. მერე დიპლომატიური სამსახური რომ ჩაერევა, გაცილებით ადვილია ყველაფერი.

კონსული რეკავს ადგილობრივ საავადმყოფოებში, შეატყობინებს პოლიციას, თუ საჭიროა. მათთვის ადვილია და ხელმისაწვდომი ყველა სტრუქტურა. როცა საელჩოს ახლობლები მიმართავენ, ყოველთვის სწრაფად ხდება რეაგირება.

პრობლემა ის არის, რომ ემიგრანტებმა არ იციან, რისთვის არსებობენ საკონსულოები. ხშირ შემთხვევაში რეკავენ უცხოები და თან ისეთ დროს და ისეთ ნომერზე, სადაც შეიძლება არც უპასუხონ. საელჩოს აქვს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ დარეკონ ნებისმიერ დროს. არის ნომრები, რომლებზეც 3 საათიდან 5 საათამდე პასუხობენ. ნომრები მითითებულია რომის საელჩოს ვებგვერდზე, მაგრამ რატომღაც ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

მე ვარ ადმინი ჯგუფის ,,ქართული დიასპორა იტალიაში”. ხშირად ხდება, რომ ადამიანი საავადმყოფოშია და ახლობლებმა არ იციან, სად და რა მდგომარეობაში იმყოფება. ხან დაკარგული ჰგონიათ და საავადმყოფოში აღმოჩნდება. ყველას ახლობელს ვურჩევ, დარეკოს საელჩოში, ვაძლევ ნომერს და მითითებას, სად და როგორ დაუკავშირდეს. ზოგჯერ მეც ვრეკავ და ამ შემთხვევაშიც მთხოვენ, რომ ოჯახის წევრი დავაკავშირო.

ძნელია, ასე გადაუმოწმებლად ატეხო პანიკა, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად აკეთებენ ონლაინ ჯგუფები და საინფორმაციო სააგენტოები. ყველას არ ჰყავს აქ ნათესავი და მშობელი. უმრავლესობას საქართველოში ჰყავს ოჯახი. გავრცელდება ხმა, რომ ვიღაც დაიკარგა, შეიყრება ქვეყანა, ინერვიულებს ოჯახი და მერე ირკვევა, რომ კარგადაა და სულაც არ იყო საჭირო მოძებნა.