„ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიხდა, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი კანონით, ცდილობთ, გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა“, – ასე მიმართა ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
-თუ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ, რა არის აგენტი, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ მაგ იარლიყს.
აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. წინადადება მაქვს ასეთი, მოდით, დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც მაშინ, როცა მე მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი (ალბათ 2010-2011 წლისთვის, როცა მუშაობდით), ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს.
ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა, კარგით?! მე ამას არ ჩავწერ, ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ.
თქვენ ახლა მთელი დღე ლაპარაკობთ, აკრიტიკებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპარლამენტარებს. მე როცა წინა ხელისუფლება მდევნიდა, ვმუშაობდი… კადრებში ვნახე სოზარ სუბარი, თქვენ გვერდით იჯდა და შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ, დიდი ცოდნა შეიძლება არ გაქვთ ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ იმავეს ამბობდა მიხეილ სააკაშვილიც, რომ ვინ არის „ბათუმელები“, რომ მე რაღაც რეპრესიებს ვატარებდე“… გადაამოწმეთ.
მე როცა დავდევდი იმ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებდი პროფესიულად და ისინი მე დამდევდნენ, დღისით და ღამით მოსვენებას არ მაძლევდნენ, თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს. მე მაინტერესებს, ბატონო შალვა, ერთი – რომ, როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, როცა გასცემდით გრანტებს აქაურ ენჯეოებზე, ითხოვდით თუ არა მათგან, ემუშავათ მათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის?! თქვენ გაიძულებდნენ თუ არა, გემუშავათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის? იღებდით თუ არა შავ ფულს?
და მეორე – როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არავის არ ახარებდა, თქვენივე სიტყვებით, და ახლა ეძახით ომის პარტიას, თქვენ როგორ გაიფორმეთ ამხელა ქონება – 10 ჰექტარ ტყეზე არის ლაპარაკი…
ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით, ჩვენ ვართ მედია, რომელმაც ვაღიარეთ ეს ტექნიკური შეცდომა, თქვენ ეს გამოიყენეთ არაკეთილსინდისიერად და იძახეთ, რომ აი, სწორედ ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონიო. არა, ბატონო შალვა, ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ვმუშაობთ, ტექნიკურ შეცდომა დავუშვით, მაგრამ თქვენ კანონი დაარღვიეთ, საგადასახადო კოდექსი დაარღვიეთ, ერთ ლარად შეიძინეთ 20 ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი კახეთში, ალაზნისპირზე – ერთ ლარად!
რატომ არ გააფორმეთ, ბატონო შალვა, ჩუქება? და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები, რატომ შეიძინეთ ერთ ლარად? ეს რაც ჩაიდინეთ კრიმინალია. მე თქვენთან კითხვის დასასმელად არ მოვედი, არც იმის წარმოდგენა მაქვს, რომ თქვენ დაგარცხვენთ. მაგრამ მე ჩემი გამოხატვის თავისუფლებით ვისარგებლებ.
…მე ვიყავი ადამიანი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დადიოდა პატიმრებთან და აშუქებდა მათ მდგომარეობას. თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდის სპეცსამსახურები დაჰყვებოდნენ და არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით. ახლა მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარი?
მაინტერესებს, შეძლებთ თუ ვერა, აგენტების სიის რეგისტრაციას 2000 წლიდან და მოხვდებით თუ არა მანდ თქვენ, ბიძინა ივანიშვილი და სხვა პირები, სოზარ სუბარი მათ შორის, რომელსაც ერთ დროს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, რომელიც ჩვენ გვერდით იყო მუდმივად, მაშინ როცა გვავიწროებდნენ. ამ კანონით ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი!
მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ, რომ თქვენ მიგყავთ ქვეყანა რუსეთისკენ. თქვენ ლეგალურად შემოსულ ფულს ებრძვით, გინდათ, გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენ გინდათ, რომ მე გავხდე აგენტი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“.