
„4 წელია, ევროპაში ვცხოვრობ და მე ჯერ „გარყვნილი ევროპა” არ მინახავს. პირიქით, აქ ვნახე ოჯახის პატივისცემა. აქ ვნახე, როგორ სცემენ პატივს მშობლები მათი არასრულწლოვანი შვილის აზრს/სურვილებს. მე ჯერ არ მინახავს ევროპელი კაცები, რომლებიც შრომით ემიგრაციაში უშვებენ ცოლებს. მე ჯერ არ მინახავს, მშობლების იმედად დაქორწინებული შვილები. მე ჯერ არ მინახავს პენსიონერი, რომელსაც პენსიის იმედად საბანკო სესხი აქვს გამოტანილი. არ მინახავს უწამლო, უექიმო მოხუცი, არც ბავშვი… ზოგადად,არავინ.
რელიგიურები? უფ, რამდენიც გინდათ (იტალიელებს ვერავინ დასწამებს ურწმუნეობას), მაგრამ არ მინახავს არც ერთი ადამიანი, ვისაც ღმერთის სახელით სძულს განსხვავებული ადამიანები. არ მინახავს სასულიერო პირი, რომელიც სიძულვილს ქადაგებს. ჰომოფობია ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, არის ყველგან (მათ შორის ევროპაშიც), მაგრამ ისეთი მცირე მასშტაბის, რომ არც ჩანს. იმდენად მცირეა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არ შემხვედრია არც ერთი ჰომოფობი! აქ ლიბერალიზმი სალანძღავი სიტყვა არ არის. მეტიც, არც იდეოლოგიაა. აქ ლიბერალიზმი ცხოვრების წესია.
ნაციონალიზმი? კი,მინახავს. მაგრამ აქაური ნაციონალიზმი რადიკალური არ არის. საკმარისია, ორი სიტყვა უთხრა აქაურებს თავიანთ ენაზე და ღიმილად იღვრებიან, გაქებენ.
ყველა მდიდარია თუ არა? რა თქმა უნდა, არა. თუმცა დიდად ვერ მიხვდები, ვის უჭირს და ვის არა. ჩაცმულობით დიდად ვერ გამოარჩევ. აცვიათ სტანდარტულად და კომფორტულად. გასართობ ადგილებში (შაბათ-კვირას აუცილებლად) ყველა მისი ფინანსური მდგომარეობის შესაფერისად დადის. არ არის საჭირო, ბევრი ფული ჰქონდეს ოჯახს, რომ მან ვიქენდი, შვებულება, dayoff სასიამოვნოდ გაატაროს. ამას ყველა ახერხებს. აქ ოჯახის პატივსაცემად დღეებს არ აწესებენ. აქ ოჯახის პატივისცემა ცხოვრების წესია. აქ „ოჯახის სიწმინდე” ვის ვისთან აქვს, სექსი ამით არ განისაზღვრება! მე ახლა სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაზე არ გელაპარაკებით. მე ვცხოვრობ რელიგიურ, ტრადიციების მქონე იტალიაში. ეს ქვეყანა ცხოვრების დონით არ არის გერმანია ან შვეიცარია (ბევრად უკანაა), თუმცა ალბათ ერთი საუკუნით მაინც ჩამორჩება საქართველო!
რა თქმა უნდა Love is love, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ევროპა
თანასწორობისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის.
პ.ს. ამ პერიოდში ბეჭებში მოხრილი, რუსულ ფანოღებზე მოძიგძიგე, ევროპიდან დეპორტირებული ბევრი ქართველი ვნახე, რომლებიც გადაკეთებული გვარ-სახელებით ისევ უკან მოიძუძგებიან ევროპაში“, – წერს ნინო არაბიძე.