ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ რუსული კანონი „წინ წავა“, სანქციები დაწესდება პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
-თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ ის მშვიდობიანი იყოს და გვსურს, რომ პოლიციის წარმომადგენლობა იყოს მშვიდობიანი, გვინდა, რომ არ იყოს დაშინების ფაქტები დემონსტრანტებისა თუ სხვების, იქნება ეს თავად აქციაზე, მათ სახლებში თუ მათი ქონების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. დაშინებაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა მოიძებნონ და სამართალში იქნან მიცემულნი.
თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ – ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები…
თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე…
ამ რაღაცებს იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე კვლავ დაიწყება დღეს სიარული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ აღნიშნულ საკითხებს ძალიან სწრაფად გადავხედავთ, – აცხადებს ის.