„ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს“ – შალვა პაპუაშვილი „პირველთან“ მოწყობილ თავდასხმაზე

„ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს“ - შალვა პაპუაშვილი „პირველთან“ მოწყობილ თავდასხმაზე„ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს”, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას, რა პასუხი აქვს მას ტელეკომპანიასთან მოწყობილ ჩასაფრებასთან დაკავშირებით და მიმართავს თუ არა ის პირდაპირი ეთერიდან შსს-ს რეაგირების მიზნით.

-ვერაფერს ვერ ვეტყვი შსს-ს, მე გახლავართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შსს არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ არის მითითებებზე დამოკიდებული. შსს ხედავთ, აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებზე მეტად…
რაც შეეხება „ტვ პირველის“ შემთხვევას, შსს-მ უნდა გაგცეთ ამასთან დაკავშრებით პასუხი. რა პასუხი უნდა გაგცეთ? რატომ რეკავენ პარლამენტის წევრებთან უცხო ნომრები და ემუქრებიან, რატომ?“ – ამბობს პაპუაშვილი.

„ტვ პირველში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ გამოჩენილა.

გომელაურის უწყებაში „ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მივიდა.

“პირველმა” გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანიის ეზოსთან მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა. კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი – „რენჯ როვერის” ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT – 4904.

– ორი აზრი არ არსებობს, რომ „ტვ პირველთან” ჩასაფრება სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით მოხდა, – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ლომჯარიამ ასევე ახსენა გიორგი გახარიას განცხადებაც და თქვა, რომ ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კარგად იცნობს სისტემას, ამიტომ მისი მხრიდან პირდაპირი დადანაშაულება სწორედ იმას, ნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები, ჩასაფრებები წახალისუბულია ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რომელიც მიზნად ადამიანების დაშინებას ისახავს.

-ორი აზრი არ არსებობს იმის, რომ ყველა ეს ჩასაფრება და ყველა ის თავდასხმა ხდება სწორედ სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით და მათი დახმარებით ხდება. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივი იყო გიორგი გახარიას პოსტი, რომელიც შიგნიდან იცნობს სისტემას. მან პირდაპირ დაადანაშაულა აღნიშნული უწყებები, რომ მათი კოორდინაციის და მათი მხრიდან ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გარეშე მსგავსი სქემები ვერ მოქმედებს. ტერორის მიზანი არის ადამიანების დაშინება. ქმნიან ილუზიას, რომ არიან უფრო ძლიერები და საშიშები, ვიდრე არიან და ცდილობენ, რომ ამ ტერორის და შიშის განცდით დათრგუნონ საზოგადოებრივი პროტესტი, – ამბობს ნინო ლომჯარია.