„სარკე“, ავთო ჩიტიძე
დეა აფციაურისა და ოთო აბესაძის ოჯახი ციხის კედლებში შეიქმნა და ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მათმა სიყვარულმა ბევრ დარტყმას და განსაცდელს გაუძლო. შეყვარებული წყვილისათვის ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა, როდესაც თბილისის მერიაში მომუშავე ფინანსისტი ოთო აბესაძე დააკავეს. დეამ ამ დღიდან დაიწყო საყვარელი ადამიანისთვის უკომპრომისო ბრძოლა. ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ოთო დამნაშავე იყო და უპირობოდ გვერდში ედგა.
სიყვარულმა და სამართლიანობამ საბოლოოდ გაიმარჯვა და ახლა ისინი კირას ბედნიერი მშობლები არიან. ცხოვრების სირთულეებმა კი დეა აფციაური ძალიან ძლიერ ქალად აქცია, თუმცა ვარდისფერი სათვალე მან ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში მოიხსნა. თუ რატომ, ამას „სარკეში” მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– დეა, თქვენმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ძალიან ძლიერი და მებრძოლი ქალი ხართ. ყოველთვის ასეთ ხასიათს ამჟღავნებდით?
– ძალიან დიდი მადლობა, თუ საზოგადოებაში ასეთი აზრი ჩამოყალიბდა ჩემზე. საკუთარ თავთანაც ვაღიარებ, რომ ცხოვრებისეულ რთულ პერიოდებში შევძელი, ვყოფლიყავი იმაზე ძლიერი, ვიდრე წარმოვიდგენდი. სანამ სირთულეებს არ შეეჯახები, ძნელია, თქვა, რამდენად ძლიერი ხარ. საზოგადოებამ ბოლო მოვლენებით გამიცნო, როდესაც არაფრით შევურიგდი და არაფრით დავიჯერე, რომ ოთო დამნაშავე იყო. სამწუხაროდ, მანამდეც არაერთი სირთულე იყო ჩემს ცხოვრებაში და მაშინაც ძალიან მყარად ვიდექი იმ პრობლემების წინაშე, რაც ცხოვრებამ მომიტანა.
– რა სირთულეებს გულისხმობთ?
– 19-20 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლების ჯანმრთელობის პრობლემები დაიწყო. მანამდე ძალიან განებივრებული გახლდით ოჯახში და როდესაც ამ სიძნელეებს შევეჯახე, მივხვდი, რომ ვარდისფერი სათვალის მიღმა სასტიკი სამყაროა. მიუხედავად სირთულეებისა, ცხოვრების მიმართ პოზიტიურ განწყობას დღემდე არ ვკარგავ, ვარდისფერი სათვალე დღემდე დავიტოვე.
ზოგადად, მაქვს ერთი მარტივი პრინციპი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დრო არ დავკარგო და პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდე. როდესაც დედაჩემის ჯანმრთელობის დიდ პრობლემას შევეჯახე, გადაგვარჩინა იმან, რომ ვარ ძალიან ქმედითი, არ ვუშინდები გამოწვევებს და ყოველთვის რქებით ვაწვები პრობლემებს.
– ალბათ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, როდესაც საყვარელი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა.
– ამაზე უკვე იმდენი ვილაპარაკეთ, მეუხერხულება ისევ ამ საკითხთან მიბრუნება. რა თქმა უნდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. როდესაც მე და ოთოს შეყვარებულობის ყველაზე ბედნიერი პერიოდი უნდა გვქონოდა, დიდი პრობლემები დაგვატყდა თავს.
ოთოს სანამ დაიჭერდნენ, რამდენიმე თვეში ჩემი დაბადების დღე მოდიოდა. ძალიან ემზადებოდა ამ დღისთვის, ბევრ სიურპრიზს ამზადებდა, მათ შორის, ხელი უნდა ეთხოვა ჩემთვის. ერთ დღეში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. როდესაც რაღაც მოვლენას აქვს გარკვეული წინაპირობა, უფრო მომზადებული ხვდები განსაცდელს, მე კი უეცრად ასეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი.
– სანამ ოთო გისოსებმიღმა იყო, ერთი წუთით არ შეგიწყვეტიათ ბრძოლა. შეიძლება ბევრი თქვენს ადგილზე სხვანაირად მოქცეულიყო. არასოდეს შეგიტანიათ ეჭვი საყვარელი ადამიანის პოზიციაში?
– ერთადერთი კითხვა მაშინაც და ახლაც არის ის, რატომ მოექცნენ ასე. სხვა მხრივ, არც ოთოსთან და არც საკუთარ თავთან კითხვები არ გამჩენია. პირველივე წუთიდან ოთოს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი.
არავის ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც აღმოვჩნდი. თუ ასეთ დროს იწყებ ფიქრს, რა ჯობია, გააკეთო, ღირს თუ არა ეს ყველაფერი ამად, მაშინ მართლა არ ღირს ბრძოლის დაწყება და ჯობია, შენი გზა იპოვო.
დღემდე სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ კითხვას ვიღებ. მსგავს სიტუაციაში მყოფი გოგოები მეკითხებიან აზრს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს რჩევების მიცემა, რადგან ეს არ არის აქსიომა, რომ ყველა ასე მოიქცეს. ჩვენი სიტუაცია განსხვავებული იყო, რადგან ოთოს სიმართლეში 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული და, რაც ყველაზე მთავარია, ოთოს მხრიდან ჩემს გრძნობაში ვიყავი დარწმუნებული.
ირიბად მომდიოდა ხმები, რად უღირს ამ გოგოს ამდენი ბრძოლაო. თუ რამდენად სწორად ვიქცეოდი, ასეთი კითხვა საკუთარი თავისთვის ერთხელაც არ დამისვამს. იმის რწმენა ერთი წუთითაც არ დამიკარგავს, რომ ჩვენი ამბავი კარგად შემობრუნდებოდა.
– ამ ურთულესმა წლებმა როგორ იმოქმედა თქვენს სიყვარულზე?
– დღეს ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვისაც ჩვენი სიყვარული ძალიან ლამაზია, არადა იყო წუთები, როცა ეს სიყვარული ტრაგიკული უფრო იყო, ვიდრე ლამაზი. ძალიან ცუდად ვიყავი მეც და ოთოც. საბოლოო ჯამში, ამ განსაცდელმა ჩვენი სიყვარული უკეთესობისკენ შეცვალა.
– ამხელა სირთულეების შემდეგ როგორი ოჯახი შექმენით? ალბათ უფრო მეტად აფასებთ ერთად გატარებულ თითოეულ წუთს.
– ყველაზე კარგი, რაც ამ პერიოდმა მოგვცა და კარგი გაკვეთილი გვაჩვენა, ისაა, რომ არ ღირს არავითარ წვრილმანებზე კამათი. რა თქმა უნდა, ყოფითი პრობლემები ჩვენს ოჯახშიც არის, მაგრამ ჩვენ იმხელა სირთულეები გადავიტანეთ, ამის ფონზე არც ერთ პრობლემას სერიოზულად და მნიშვნელოვნად არ აღვიქვამთ. დროს არ ვკარგავთ უარყოფით ემოციებზე.
– ქორწინებიდან მალე გაჩნდა თქვენი ქალიშვილი. როგორია თქვენი ოჯახური ურთიერთობები, როლების განაწილება?
– მთლიანობაში ძალიან ჰარმონიული ოჯახი შედგა ჩვენგან. რაც დრო გადის, ვთვლი, რომ ორ ადამიანში მნიშვნელოვანია ხასიათების თანხვედრა. ბევრს მიაჩნია, რომ წყვილი განსხვავებული უნდა იყოს, ჩემი აზრით კი, უფრო ჰარმონიულია ურთიერთობა, როდესაც ორივე ერთნაირია.
მე და ოთო ძალიან ერთნაირი ადამიანები ვართ – ემოციურები და აქტიური ცხოვრების მოყვარულები. ორივე ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის საქმიანობას. რაც შეეხება როლების გადანაწილებას ოჯახში, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჩვენთან ყოფითი საკითხების მოგვარება იქნება თუ ბავშვის აღზრდა, ყველაფერში თანაბრად ვართ ჩართულები.
– ასე მგონია, რომ ოჯახის ბიუჯეტის მართვა ფინანსისტ ოთოს პრეროგატივა იქნება.
– ოჯახში ფინანსების მართვა არის ისე, როგორც სიტუაცია მოითხოვს. ბანკირის როლს სახლში რომელიმე ერთმნიშვნელოვნად არ ვითავსებთ.
– ფინანსისტები ეკონომიურობით გამოირჩევიან. თქვენ ცოტა მფლანგველი ხომ არ ხართ?
– არანაირად, ძალიან პრაგმატულობით გამოვირჩევი ფულთან მიმართებაში. არც ერთი არ ვართ უაზრო მხარჯველები. ვცხოვრობთ ჩვენი შემოსავლების შესაბამისად და ფულის ხარჯვაში რაციონალურობას არ ვკარგავთ.
– როგორ ანებივრებთ და რა სიურპრიზებს უმზადებთ ერთმანეთს?
– ორივეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი ფინანსების ნაწილი აქეთ მივმართოთ. ამაში ისიც გვიწყობს ხელს, რომ მე თავად ვარ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რაც საშუალებას მაძლევს, ბიუჯეტურად დავგეგმო მოგზაურობა. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ოთომ ჩემგან დამოუკიდებლად შეიძინა ჩემივე სამსახურში სამოგზაურო პაკეტი, დაგეგმა ტური და სიურპრიზად წამიყვანა.
– კირას დაბადებამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– იქიდან გამომდინარე, რომ კირა ჩემთვის პირველი შვილია, ბევრი აღმოჩენა გამაკეთებინა საკუთარ თავში. დედობრივი განცდები და ემოციები შეუფასებელი ყოფილა. ოთოს კი აქვს მამობის გამოცდილება, მაგრამ მისთვის კირას დაბადება კიდევ ერთხელ განახლებული ემოციები იყო. ჩვენთვის კირა არის კიდევ ერთი და მთავარი გამაერთიანებელი მიზეზი.
– რომელი იმსგავსებთ?
– იმის გამო, რომ მე და ოთო ხასიათით ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ბავშვიც ორივეს გვგავს. ჩემი აზრით, ვიზუალურად ოთოს ჰგავს და ოთო არის ერთადერთი მამა, რომელსაც ეს შედარება სწყინს, ამბობს, დედას უფრო ჰგავსო. მე ამაზე ძალიან ვხალისობ. კირა თავიდან ბოლომდე მამიკოს გოგოა, რადგან უნდა, ყველაფერი მამამ გაუკეთოს.
– ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, გეტყობათ, რომ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია.
– მთავარი მიგნება კარგი ქმარია. თუ კარგი ქმარი ჰყავს, ქალი ყოველთვის კარგ ფორმაში იქნება. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა იყოს მოტივატორი, რომ კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც ასევე შენთვის ყველაზე დიდი მოტივატორია, უფრო მეტი სტიმული გაქვს, რომ იყო ფორმაში და იყო წარმატებული.
ქმარი როდესაც აფასებს შენს მონდომებას, რომ გამოიყურებოდე კარგად, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ოთოსთან თანაცხოვრებისას პირველად გავიგე, რომ, მაგალითად, ქმარმა შეიძლება იცოდეს შენი კოსმეტიკური საშუალებების ბრენდები და ნომრები. ჩემგან დამოუკიდებლად შეუძლია, მიყიდოს ზუსტად ის კოსმეტიკა, რაც მჭირდება და რასაც ვიყენებ. ტანსაცმელსაც ხშირად ყიდულობს ჩემთვის და აქაც არაფერი ეშლება. ძალიან კარგად იცის ჩემი გემოვნება, ზომები და ასე შემდეგ.
– გამოდის, რომ ოთო ხელისგულზე გატარებთ და სულ თქვენს განებივრებაშია.
– ჩემთვის ყველაზე დიდი ფუფუნება და განებივრება არის ის, რომ ყოველდღე ვიღვიძებ კომფორტულად და ვიძინებ ასევე კომფორტულად. გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ჩემზე ზრუნავს, რომლის იმედიც მაქვს და ჩემი საყრდენია ცხოვრებაში, როგორც მე – მისთვის. გვერდით ჭკვიანი ადამიანის ყოლა არის ნამდვილი ბედნიერება.
– თქვენს სიყვარულში ეჭვიანობას, გაუგებრობას არ აქვს ადგილი?
– შეიძლება აზრთა სხვადასხვაობები გვქონია და გვაქვს კიდევაც, მაგრამ ეს კამათი უფრო გლობალურ საკითხებზეა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, კარიერულ თემაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ეჭვიანობას, ოთო ამ მხრივ არ გამოირჩევა და ამას ძალიან ვაფასებ. ამბობს, რომ მე უფრო ვარ ეჭვიანი და სადღაც მართალიც არის, მაგრამ ეს იმ დოზითაა, რომ ეჭვიანობასაც ვერ დაარქმევ. ოთო რადგანაც მენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც ძალიან სანდო ადამიანია.
– ბევრი გამომწერი და მიმდევარი გყავთ სოციალურ ქსელებში. რა არის თქვენი მთავარი მესიჯი მათთვის?
– სულ ვცდილობ, პატარა თაობამდე მივიტანო ერთი მთავარი მესიჯი. ისინი ხშირად მწერენ და მეკითხებიან, როგორ გავხდე პოპულარული, როგორ მყავდეს ბევრი გამომწერიო. მე კი ვუხსნი, რომ მთავარია, არ იყო დამოკიდებული რომელიმე სოციალურ ქსელზე, ერთ მშვენიერ დღესაც რომ გაქრეს ეს სოციალური ქსელი, შენი პიროვნებაც რომ არ გაქრეს. ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ, პირველ რიგში, იზრუნონ პიროვნულ განვითარებაზე.
– როგორ მომავალს აშენებთ თქვენ და ოთო?
– ყველაზე ძალიან მინდა, რომ ჩვენმა შვილმა მაინც იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში. მინდა, ჩემმა შვილმა და მისმა თაობამ მაინც არ იფიქრონ ქვეყნიდან წასვლაზე. მეც და ოთოსაც გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეთ და იქაც ნორმალურად ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა. ჩემი თაობის დიდი ნაწილი დღეს ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ქვეყნიდან წასვლაა საჭირო. გულით მინდა, ეს განწყობა შეიცვალოს.