აჩი ფურცელაძე: ,,დასრულდა ეს ქორწინებაც, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მხარეს ვიყურებოდით”

აჩი ფურცელაძე: ,,დასრულდა ეს ქორწინებაც, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მხარეს ვიყურებოდით",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მომღერალ აჩი ფურცელაძის პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. რამდენჯერმე ჰქონდა ოჯახის შექმნის მცდელობა ოფიციალურად თუ სამოქალაქო ქორწინების სახით, საქართველოში თუ რუსეთში. ბოლოს საქართველოში დაქორწინდა, ისე ჩანდა, რომ საბოლოო ნავსაყუდელი იპოვა და მყუდრო ბუდე შექმნა… რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაენგრა და ის და ელენე დუმბაძე უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი არიან. მომღერალი ამის შესახებ ,,სარკეს” უამბობს.

-საქართველოში დაბრუნებულმა მეოთხედ იქორწინეთ, ისევ შეგეშალათ მეორე ნახევრის ამორჩევა?

– არ ვიცი, გულწრფელად შეყვარებული ვიყავი, ვფიქრობ – ისიც. ვერ გეტყვით, რა მოხდა. როცა ეიფორიაა… პირველი აღტაცება გავიდა, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მხარეს ვიყურებოდით. ასე რომ, დასრულდა ეს ქორწინებაც.

– მანამდე, მოსკოვში ცხოვრებისას, იპოვეთ საყვარელი ქალი, იყავით აღტაცებული და ამბობდით, რომ საუკეთესოდ უგებდით ერთმანეთს. ამ ყველაფრის შემდეგ მაინც დასრულდა თქვენი ურთიერთობა. ამის მიზეზი რა იყო?

– ჰო, ეს მთელი რომანია, ჩვენ მართლა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მე მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ერთსა და იმავე ქალს სამჯერ გაეყარა ოფიციალურად და სამჯერ დაქორწინდა. რომ არ მყვარებოდა, სამჯერ ერთმანეთს არ დავუბრუნდებოდით. სადაც ვცხოვრობდით, იმ სახლის პირველ სართულზე იყო მმაჩის ბიურო და ხშირად გვეხუმრებოდნენ, როდის ცილდებით ან როდის აწერთ ხელსო…

ჩხუბი და გაბუტვები როცა ხშირდება, ძნელია ძველებური ურთიერთობის აღდგენა. კი, მე გადავდგამ შენკენ ათ ნაბიჯს, შენ ერთი მაინც უნდა გადმოდგა და ისე, რომ შენი უპირატესობა არ მაგრძნობინო. ეტყობა, ამდენ შერიგება-გაცილებაში გაჩნდა ბზარი, გადიდდა, გადიდდა და აღარ გამრთელდა.

– არ გიფიქრიათ, რომ თქვენშია პრობლემა?    

– როგორ არ მიფიქრია! ბევრჯერაც დამიდანაშაულებია საკუთარი თავი და ხომ გითხარით, პირველს გადამიდგამს ერთი კი არა, ათი ნაბიჯი შერიგებისკენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ადვილია ოჯახის დანგრევა? რამდენჯერაც დავცილდი, იმდენჯერ დავენარცხე მიწას და ყოველ ჯერზე უფრო მტკივნეულად.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”