,,რუსეთს აჩერებს არა სანქციები, არამედ ის ქალები, რომლებიც ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ”

,,რუსეთს აჩერებს არა სანქციები, არამედ ის ქალები, რომლებიც ,,მოლოტოვის კოქტეილებს" ამზადებენ"საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დასავლეთს ადანაშუალებს იმაში, რომ უკრაინის დახმარება დააგვიანეს.

-რუსეთს ახლა აჩერებს არა სანქციები, რომლებიც დაწესდა და ეს ძალიან კარგია, არამედ აჩერებენ ქალბატონები და მათ შვილები, რომლებიც ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ. სირცხვილია, რომ ისინი დღეს ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ და ყველაზე თანამედროვე იარაღით არ არიან შეიარაღებულები.

ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან მთელ მსოფლიოს მიმართავდა, რომ დახმარებოდნენ. მაშინ სულ რაღაც ორი წლის წამოსული იყო დიდი პოლიტიკიდან. ის იყო ადამიანი, რომელმაც დაამთავრა ორპოლუსიანი სამყარო, ვინც მსოფლიოს ბურთვული არმაგედონი აარიდა. ეს კაცი თავის დასავლელ კოლეგებს სთხოვდა, დახმარებოდნენ და კაცს, რომლისთვისაც მთელ დასავლეთს უნდა ელოცა, არ დაეხმარნენ, უფრო მეტიც, არც იარაღი მიაწოდეს და არც ის ბანდები გააჩერეს, რომლებიც ქართველების თავებით ფეხბურთს  თამაშობდნენ.

თალიბანს მილიარდის ღირებულების იარაღი დაუტოვეს და დღეს უკრაინაში ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ. ამერიკელი გენერლები საუბრობენ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლებოდა ამ ქვეყნის შეიარაღება. ახლა აწვდიან იარაღს, შლიან საველე ჰოსპიტლებს და ეს ყველაფერი გვიანი ხომ არ არის? უპრეცედენტო რამ ხდება, მსოფლიო ინსტიტუციებს არ გააჩიათ უნარი, რუსეთი  გააჩერონ და ამას აკეთებს ზელენსკი და ის ქალები. ამან გვაჩვენა, სად არის ძალა, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ,,ფორმულას” ეთერში.