,,რძალს სამი ვაჟკაცი გავუზარდე და სამივე წამართვა”

,,რძალს სამი ვაჟკაცი გავუზარდე და სამივე წამართვა",,სარკე”

იცით, როგორი ცხოვრება მქონდა? ყველა მე შემომნატროდა. ძალიან კარგი შვილები მყავდა, კარგი ქმარი. ჩემი ქალიშვილიც კარგ ოჯახში შევიდა და ბიჭმაც საუკეთესო გოგო მოიყვანა ცოლად, რომელმაც სამი ბიჭი გაუჩინა.

ერთ დაწყევლილ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნათესავის ქორწილში ჩხუბი ატყდა. ჩემი შვილი ობოლ ნათესავ ბიჭს გამოესარჩლა, გადაარჩინა, თავისი სამი შვილი კი დააობლა.

რძალი მძიმე მდგომარეობაში იყო, საწოლიდან ვერ დგებოდა. ჰოდა, ერთ დილასაც ფეხზე ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე და მთელ ხმაზე ავუწიე, ფანჯრები დავაღე და სახლში ფუსფუსი დავიწყე.ყველას ვუთხარი, მე თუ შემიძლია ეს, თქვენც უნდა შეძლოთ, ჩემი შვილი არსად წასულა, იმ ქვეყანაში გავაცილე, სადაც მეც მივალ და ვნახავ-მეთქი.

ასე ამოვიგლიჯე გული, რომ დანარჩენები გადამერჩინა… ჩემს რძალს და ჰყავდა ამერიკაში. გვითხრა, ცოტა ხნით წავალ, არ მინდა, ბავშვებმა უმამობა იგრძნონო. ხელი არ შემიშლია. სამივე დამიტოვა და წავიდა.

ფინანსური თვალსაზრისით, მართლაც ბევრი შეძლო. ყველაფერი გაუკეთა, რასაც ჩემი ბიჭი გაუკეთებდა შვილებს. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ…

მელია რომ დედა ჩიტს ბარტყებს ჰპარავს, ზუსტად ისე წამართვა. ჯერ ერთი შვილი წაიყვანა, მერე – მეორე, ბოლოს ჩემი პატარა ბიჭიც გამტაცა. ის რომ წაიყვანა, თითქოს შვილი თავიდან მომიკვდა, რადგან შვილიშვილებიდან ყველაზე მეტად ჩემს შვილს ის ჰგავს…

შვილიშვილები დღეში რამდენჯერმე გვირეკავენ,არაფერს გვაკლებენ, მაგრამ მათთან ყოფნა გვინდა.ერთი ბავშვი მაინც ხომ შეიძლებოდა, დაეტოვა, მაგრამ ყველა წამართვა.

,,სარკის” ერთგული მკითხველი (თქვენი ისტორია შეგიძლიათ მოგვწეროთ  sarkemagazine@gmail.com-ზე, ანონიმურობა დაცულია)