,,დაქალი უცხოეთში ჩემი ფულით გავუშვი, ახლა კი იქიდან მათხოვარს მეძახის”

,,დაქალი უცხოეთში ჩემი ფულით გავუშვი, ახლა კი იქიდან მათხოვარს მეძახის",,სარკე”

ეს წერილი დიდმა უმადურობამ დამაწერინა. ვიცი, ის ადამიანი “სარკის” ამ ნომერს და ამ წერილს აუცილებლად ნახავს და მინდა, წაიკითხოს ის, რასაც დავწერ. უნდა იცოდეს, რომ დაცინვა ცუდი საქციელია და ამის უფლება არ აქვს! მისი საშინელი პოსტის ქვეშაც შემეძლო, ეს ყველაფერი დამეწერა, მაგრამ ისევ მას გავუფრთხილდი, არ მინდა, საქვეყნოდ თავი მოვჭრა, რომ დიდი უმადური ვინმეა და, დღეს თუ ძროხების ფუნაში არ ზის, ჩემი დამსახურებაა.

მოკლედ, ჩემი დაქალი ემიგრანტია ამერიკაში. შეიძლება ემიგრანტიც აღარ ეთქმის, რადგან უკვე  ბევრი წელია, იქ არის და ყველა საბუთი აქვს ლეგალურად ცხოვრების. ამერიკაში წასვლა კი არა, თვითმფრინავში რომ ჩაჯდა საერთოდ, ისიც ჩემი დამსახურებაა, მაგრამ ამ ქალბატონს ყველაფერი დაავიწყდა. ამიტომაც დავიწყებ ყველაფრის გახსენებას.

წლების წინ ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე. ჩემმა დაქალმა ეს რომ გაიგო, ისტერიკული ტირილი აუვარდა, ამას უჩემოდ როგორ აკეთებ, მეც მინდა წასვლაო. გამებუტა, დამიმალე, არ გინდა, მეც ვიხეიროო. ვუთხარი, თუ ფულს გამონახავდა, იმ ადამიანთან მივიყვანდი,მაგრამ გადაირია, მაგდენი ფული სად მაქვს ან სად ვიშოვიო. აბა, უანგაროდ ვინ წაიყვანდა?! მაგრამ ბოღმამ დაახრჩო, მე რომ მივდიოდი.

მეგონა, რომ ხელს არაფერი შემიშლიდა წასვლაში, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად აეწყო. ჩემი ახალგაზრდა დედიკო მოულოდნელად ავად გახდა. ისეთი დიაგნოზი დაუსვეს, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მე კი მას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავტოვებდი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ვერ გავუმწარებდი. ამიტომაც დედიკოსთან დავრჩი.

ამერიკისთვის ფული რადგან უკვე ნაშოვი მქონდა (ნაწილი ჩემი, ნაწილი მევახშის), დაქალს ვუთხარი, მოდი, შენ წადი, ჩემს ფულს გასესხებ, რა თქმა უნდა, უპროცენტოდ, ამ მევახშესთანაც შუამავლობას გაგიწევ, იმ ადამიანსაც გაგაცნობ და ჩემ ნაცვლად შენ გაემგზავრე-მეთქი. მართლაც ყველაფერი იღბლიანად აეწყო და წავიდა. იქაც ჩემი ნაცნობი დავახვედრე და, მოკლედ, ბოლომდე ვუპატრონე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ისევ წასვლა დავაპირე, მაგრამ იქიდან ღრიალით მირეკავდა, შენ არ იცი, აქ რა ხდება, მონობის დროს არ მოექცეოდნენ ხალხს ისე, როგორც ემიგრანტებს ექცევიანო. მეუბნებოდა, მანდ იმდენი ვალი მაქვს, ვერ ჩამოვალ, მაგრამ აქ თავი უნდა მოვიკლაო. ვამშვიდებდი,გვერდითაც ვედექი. ჩემი ვალი ყველაზე გვიან გაისტუმრა და თანაც იმ დროს, როცა დოლარს ის ძალა აღარ ჰქონდა, როგორც ადრე. ვფიქრობდი, ამდენი ხანია, ვალი ვერ დამიბრუნა, ასე წვალობს და მაინც არაფერი აქვს, ამიტომ იქ რაღაზე წავიდე-მეთქი. ასე გადამაფიქრებინა გამგზავრება.

ბევრი ფული არასოდეს მქონია, მაგრამ სხვისი არასოდეს არაფერი დამჭირვებია. შვილებს ვასწავლე, გზაზე დავაყენე და ისეთი სამსახურები აქვთ, თავიანთ ოჯახებს არაფერს აკლებენ. უფროს შვილს კრედიტი აქვს აღებული, ბინას იშენებს. იმდენი შემოსავალი ჰქონდა, რომ არ უჭირდა გადახდა, მაგრამ ამ პანდემიას ისიც დაემთხვა, რომ ჩემი რძალი ავად გახდა. ჩემმა შვილმა ხელი მოჰკიდა და თურქეთში წაიყვანა გამოკვლევებზე. მადლობა ღმერთს, გადავრჩით, მაგრამ ცოტა მკურნალობა სჭირდება.

მთელი ჩვენი ფინანსები ამ პრობლემის მოსაგვარებლად მივმართეთ და კრედიტის დასაფარი ფულის გადახდა გაგვიჭირდა. სულ რაღაც ორი თვე გვჭირდებოდა სულის მოთქმა, თორემ მერე ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა. დაქალს წერილი გავუგზავნე, თვე და რიცხვიც დავუწერე, ვალს როდის დავუბრუნებდი. მომწერა, უი, უი, ეს რა დაგმართნიათო.

ამ მიმოწერიდან იმ საღამოსვე ემიგრანტების ერთ-ერთ დახურულ ფეისბუქჯგუფში ჩემი რძალი ჩემი დაქალის პოსტს წააწყდა. ის ქალბატონი წერდა, საქართველოში ჰგონიათ, აქ დოლარები ხეებს ასხია, ისე მოგწერენ, ფული გამომიგზავნეო, ვითომ ბაღში უნდა გავიდე და დოლარები დავკრიფოო. უწერდნენ, ცენტიც არ მისცეო. ეს კი პასუხობდა, ჰო, მათხოვრობას შეეჩვია ხალხი, ხელის განძრევა არ უნდათო. ერთს კი კომენტარში უწერდა, ვერ გავიგე, მეორე ბინა რატომ უნდა აიშენო, თუ გადახდის თავი არ გაქვსო („თავის“ ნაცვლად სხვა რამეს წერდა, მაგრამ მე ხომ ვერ გავიმეორებ).

ჰოდა, მისმინოს ახლა იმ ქალბატონმა, მათხოვარი თვითონ არის! ჩემი მოწადინებით და ჩემი დახმარებით შეძლო ის, რომ ფუნაში აღარ ურევს ხელებს და ბოსლის ნაცვლად სახლში ცხოვრობს. მე და ჩემს შვილებს რა გვჭირს სამათხოვრო! ძალიან ბევრს ვშრომობთ და არაფერი გვაკლია. ზოგიერთივით ისეთი შვილები კი არ გამიზრდია, მშობლების ნაწვალებს ჰაერში ფანტავდნენ, პირიქით, დედ-მამის შეძენილს აქეთ ამატებენ. ავადმყოფობა წამოგვეწია, თორემ ფულის თხოვნა არ დაგვჭირდებოდა.