დეა მამისეიშვილი: ,,ჩემი ქუთაისი სულ სხვანაირია. ეს იცით, რომელი ქალაქია? ილო ფოტოგრაფს რომ ძეგლი დაუდგა”

დეა მამისეიშვილი: ,,ჩემი ქუთაისი სულ სხვანაირია. ეს იცით, რომელი ქალაქია? ილო ფოტოგრაფს რომ ძეგლი დაუდგა",,მთავარის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი თავის მშობლიურ ქალაქზე, ქუთაისზე წერს და ასე ეხმაურება გუშინ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციას:

,,ჩემი წილი ქუთაისი სულ სხვაფერია და სხვა მნიშვნელობის. არა ისეთი, დღეს  რომ იხილა მთელმა ქვეყანამ – ბევრს გაეცინა, კიდევ უფრო მეტმა დასაცინად აიგდო, მე მეტკინა და გამაბრაზა. ვფიქრობდი, არაფერი დამეწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე – ვერ გადავყლაპე ვერც წყენა და ვერც პოლიტიკისთვის ჩემი ბავშვობის ქალაქის გამეტება – ,,შავი გაგების” მენტალიტეტი დიდი ხნის წინ დაამსხვრია ქუთაისმა და დღეს ისევ გააცოცხლეს ,,კარადაში გადამალული ჩონჩხები”…

არადა ჩემი ქუთაისი სულ სხვანაირია. ეს იცით, როგორი და რომელი ქალაქია? ილო ფოტოგრაფს რომ ძეგლი დაუდგა… უბრალო ადამიანს, მაგრამ ყველაზე გამორჩეულს – ფიროსმანივით რომ კიბის ქვეშ ქმნიდა ქუთაისის ისტორიას. თაგვი რომ კუდს ვერ მოიქნევდა, იმხელა სახელოსნო რომ ჰქონდა, მაგრამ ლამის მთელი საქართველოს ფოტომატიანეს იტევდა. სამფეხზე შემოდგმული შავი დიდი ყუთი და ილო ფოტოგრაფის ცნობილი ფრაზა: გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება…

ჩემი ქალაქის ღირსებასა და მნიშვნელობაზე მხოლოდ ამ ფრაგმენტით შემოვიფარგლები, თორემ გასახსენებელი და დასაწერიც იმდენია, არც ერთი სოციალური პლატფორმა მეყოფა დროსთან ერთად. პოლიტიკისთვის არ უნდა დააბნელო შენი ქალაქი და თანაქალაქელები, თორემ ,,ქუთაისში ყველაფერი მოსულა”… მაგრამ ამ ყველაფერს ყოველთვის ჰქონია იმერული პეწი, კუდაბზიკა კეკლუცი და ის სიყვარული, დედამიწას რომ ატრიალებს… ასეთია ჩემი ქუთაისი!”.