ანა ჯაბაური: ,,ცოტნეს ვერ ვეუბნები, რომ ერეკლე გარდაიცვალა, ვიცი, სიმწრისგან იტირებს”

ანა ჯაბაური: ,,ცოტნეს ვერ ვეუბნები, რომ ერეკლე გარდაიცვალა, ვიცი, სიმწრისგან იტირებს''საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ერეკლე ჩეკურიშვილის დედას სოციალური ქსელით უსამძიმრებს და წერს:

,,სახლში მოიტანა სურათი – ნახე, რა ბიჭს ესროლა ტყვია არაკაცმაო, თან როგორი ლამაზიაო – ცრემლებს ვერ იკავებდა. აუცილებლად, აუცილებლად ფეხზე უნდა დავაყენოთო! და მაშინვე საქმეს შეუდგა… ვინ იფიქრებდა, ოთხი ასეთივე ლაჩარი არაკაცი შეუშლიდა ხელს ერეკლეს სიცოცხლისთვის ბრძოლაში… ვერ ვეუბნები, ვიცი, სიმწრისგან იტირებს. უმძიმესია ჩემთვის ამ ამბავთან შეგუება, ქალბატონო ნინო, ჩემი განუზომელი სამძიმარი და პატივისცემა თქვენ!”.

ნინო ჩეკურიშვილი პასუხობს, რომ ის ცოტნეს ლოცვებში იხსენიებდა:

,,ცოტნე ძალიან მიყვარს, იმხელა სითბო გამოხატა, გულში ჩამიხუტა, ნუ ნერვიულობთ, ერთად გადავარჩენთ, თქვენ გვერდით ვარო…ასეთი დიდსულოვანი, გულისხმიერი და სათნოა ცოტნე ყოველთვის. ჩემი ერეკლეს შემდეგ ცოტნეს ვწერდი ლოცვებში…”.

ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან  ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია და თავის ძაღლს მოაშორა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მას შემდეგ ერეკლე კლინიკებში მკურნალობდა. ერეკლეს დედა ლევან რატიანს და საუნივერსიტეტო კლინიკას ადანაშაულებს იმაში, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძინდა.

,,კლინიკაში გადაიყვანეს სრულიად სტაბილური, არ ჰქონდა სიცხე, არ სჭირდებოდა ჟანგბადის დახმარება. არ ჰქონდა ნაწოლები, პირიქით, სკამზეც ვსვამდით…” – ყვებოდა ქალბატონი ნინო.