მაცაცო თოხაძე ყოფილ დედამთილზე: ,,რას არ გავიღებდი, კიდევ რომ ვნახო ჟოლოსფერი პომადით”

მაცაცო თოხაძე ყოფილ დედამთილზე: ,,რას არ გავიღებდი, კიდევ რომ ვნახო ჟოლოსფერი პომადით"პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელი მაცაცო თოხაძე ყოფილ დედამთილზე, ლალი არჩვაძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,მე მაშინ 16 წლის ვიყავი. ის სკოლაში კრებაზე რომ მოდიოდა ხოლმე, საშინლად მკაცრი და ცივი მეგონა. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ მალე ჩემი დედამთილი გახდებოდა და მეშინოდა…

17 წლის შევედი მის ოჯახში. 5 წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრეთ. და მას შემდეგ კიდევ 20 წელია, რაც მიყვარს და ვუყვარვარ.უსაყვარლესი და უერთგულესი ბებია ჩემი ლუკასთვის. ,,ბუბუსი” დაარქვა ლუკამ და დიდხანს ასე ეძახდა.
შეეძლო მთელი სამეზობლო შემოევლო ჩემი ქებით, თუ რა დიდებული ერბოკვერცხი შევწვი, რა საოცრება მოვქსოვე, როგორ დავალაგე სახლი და ა.შ.
დიახ, მას შემდეგ მეც ცხოვრებისეულ ქარტეხილებში ვიყავი და ზოგჯერ, ძალიან ცუდადაც, მაგრამ ის რაღაცნაირად სულ იყო ჩემ გვერდით. მართალია, უკვე ყოფილი დედამთილის სტატუსით, მაგრამ ეს ,,ყოფილი” არ გვიშლიდა ხელს, ერთმანეთის დანახვა გაგვხარებოდა.
და რატომ ვწერ ამ ყველაფერს…
არა იმიტომ, რომ მითხრათ – მე რა კარგი გოგო ვარ. იმიტომ, რომ ყველამ იცოდეთ, რა კარგი გოგოა ლალი არჩვაძე!
ვერ ვეგუები, რომ ვეღარ დადის. ვერ ვეგუები, რომ რაღაცეები აღარ ახსოვს. ვერ ვეგუები, რომ ზის უსუსურად და თავის თავზე 20 წლით უფროსს ჰგავს. ვერ ვეგუები, რომ პომადა აღარ უსვია.
დღესაც დამირეკა – მომენატრეო. გუშინწინაც ვიყავი – ჩავეხუტე და ისეთი სიფრიფანა შემრჩა ხელებში, ახლაც ვგრძნობ…
რას არ გავიღებდი, კიდევ რომ ვნახო ჟოლოსფერი პომადით, თავისი მწვანე თვალებით და გადაწეული თმებით, ოღონდ გარეთ ვნახო, ქუჩაში ვნახო თავის ფეხით მოსიარულე…

ერთხელ მოვიდა ჩემთან და კვდება სიცილით: ,,მარშუტკაში” ვიჯექი და შენი მეორე დედამთილი ამოვიდაო. მთელი გზა ვლაპარაკობდითო. ჩასვლისას ვიჭიდავეთო – ფულს ვინ გადაიხდიდაო. აი, ასეთ რამეებზე რომ შეუძლია გაიცინოს ადამიანს, ის ძალიან კარგი ადამიანია”.

2018 წელი