,,მამაჩემი ,,კანონიერი ქურდი” იყო… დედამ გადამარჩინა იმ დღეს, როცა მამა ჩაცხრილეს” – რას ყვება ელისო ფაჩუაშვილი

,,მამაჩემი ,,კანონიერი ქურდი" იყო... დედამ გადამარჩინა იმ დღეს, როცა მამა ჩაცხრილეს" - რას ყვება ელისო ფაჩუაშვილიელისო ფაჩუაშვილის დღევანდელმა პოსტმა, სადაც საკუთარი ოჯახის ამბავზე ყვება, სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ელისო ფაჩუაშვილმა ,,ფეისბუქში” დაწერა:
,,მამაჩემი იყო ეგრეთ წოდებული ,,კანონიერი ქურდი” – ეს ბევრმა იცით.
იგი ემსხვერპლა ქურდულ გარჩევებს თუ შურისძიებას, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე. მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი, რომელიც მას ღვინის საყიდლად გაჰყვა სახლიდან, ახალი წელი იყო.
ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ დედაჩემის სიჯიუტემ გადამარჩინა, რომელმაც იმ ახალ წელს არ გამიშვა მასთან ერთად. იმდენჯერ მიფიქრია, როგორ შეეწირა სხვების მახინჯ ცხოვრების წესს ეს უდანაშაულო 16 წლის ულამაზესი ბიჭი, რომლის ადგილასაც შეიძლება მე აღმოვჩენილიყავი…
მარტო იმიტომ ვუხდი მადლობას წინა ხელისუფლებას, რომ შეძლეს და კრიმინალური სამყარო, რომელიც ცხოვრებას უმახინჯებდა უამრავ ადამიანს და მათ შორის _ მათი ოჯახის წევრებს, წელში გადატეხეს. დიახ, ზუსტად ასე! ცდილობდნენ, ბოლომდე ამოეძირკვათ ეს მანკიერი საბჭოთა ,,კაგებეს” მიერ შექმნილი მონსტრი.
სამაგიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება დგას მათ ზურგზე, თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს მათ წინაშე, რადგან არჩევნებში ყოველი მათი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. ჰოდა ასე ჩახუტებულებულები გვამხობენ თავზე ქვეყანას…
პ.ს. მამაჩემი კარგი მამა იყო. სრულად დემორალიზებული ვარ”.
მოგვიანებით კი დაწერა:
,,ინტერნეტგამოცემებმა წაიღეს ჩემი პოსტი. როგორც მოსალოდნელი იყო, დაესივნენ სვავებივით კომენტარებში, ვინ რას მაბრალებს, კაცმა არ იცის, მამკობენ სხვადასხვა ეპითეტებით, რომლებიც საერთოდ არ მადარდებს..”.